ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერი რუსულად ინიღბებოდა, რათა მართლმსაჯულებისა და სანქციებისთვის თავი აერიდებინა

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, ატლანტის ოკეანეში აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერი თავს რუსულ ხომალდად ასაღებდა. ამის შესახებ ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ტანკერი მიზანმიმართულად ინიღბებოდა რუსულად, რათა მართლმსაჯულებისა და სანქციებისთვის თავი აერიდებინა.

„ეს იყო ყალბი რუსული ტანკერი. ის ცდილობდა, თავი გაესაღებინა რუსულ ნავთობის ტანკერად, რათა სანქციებისთვის თავი აერიდებინა“, — აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ამერიკელმა სამხედროებმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი ატლანტის ოკეანეში 7 იანვარს დააკავეს. აშშ-ის მთავრობა ხომალდს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს.

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერი დეკემბრიდან რუსულ კომპანიას ეკუთვნის, რომლის მფლობელიც არის რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მკვიდრი ბიზნესმენი ილია ბუგაი. ის ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. 2018 წლიდან ბუგაი ასევე იკავებს კომპანია „რუსნეფტეხიმტორგის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას. კომპანია ნავთობით ვაჭრობს.