ირლანდიასა და ბრიტანეთში ქარიშხალმა პრობლემები შექმნა, სტიქიას ინგლისში მსხვერპლი მოჰყვა

სტიქია ბრიტანეთში

ქარიშხალმა „ბერტმა“ ირლანდიასა და ბრიტანეთში ძლიერი წვიმა და ქარი გამოიწვია, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. დაკეტილია რამდენიმე სარკინიგზო ხაზი, ხიდი და გზა.

პოლიციის ინფორმაციით, ინგლისში ერთ-ერთ გზატკეცილზე ავტომობილს ხე დაეცა. ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.

ამასთან, ინგლისში მდებარე ნიუკასლის აეროპორტი თოვლითაა დაფარული, რის გამოც ფრენები დროებით შეფერხდა.

შოტლანდიაში უამინდობის გამო რამდენიმე სარკინიგზო რეისი შეჩერდა. რაც შეეხება ირლანდიას, ქარიშხლის გამო საავტომობილო გზები დატბორილია, ათობით ათასი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ირლანდიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გარკვეულ ტერიტორიაზე წვიმის გამო უმაღლესი, წითელი დონის გაფრთხილება გამოაცხადა.