დეკემბრიდან საქართველოში 5 მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდება

მოსახლეობა

2024 წლის დეკემბრიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდება.

1-ლი დეკემბრიდან, საქართველოს ეროვნულ პარკებში სამუშაო საათები იცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად კი, 1-ლი დეკემბრიდან:

პრომეთეს მღვიმეში, სათაფლიაში, ნავენახევის მღვიმესა და ოკაცეს კანიონში სამუშაო საათები 10-დან 17 საათამდე განისაზღვრა.

რაც შეეხება მარტვილის კანიონს, აქ შესვლა 10-დან 19 საათამდე შეგეძლებათ, ხოლო ოკაცეს ჩანჩქერთან - 10-დან 18 საათამდე.

 1-ლი დეკემბრიდან გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობა აიკრძალება

 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო ხდება.

ძალაში შედის „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი

 1-ლი დეკემბრიდან საქართველოში ამოქმედდება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი. კანონის თანახმად განსაზღვრულია, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება დაუშვებელია.

აღნიშნული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, 1-ლი დეკემბრიდან ძალაში შევა ასევე ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც“, რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა ოდენობის ჯარიმებს, იმ შემთხვევაში თუ ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები დაირღვევა. ჯარიმის მოცულობა 800-დან 4 ათას ლარამდე მერყეობს.

ამავე კანონის თანახმად, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ საკანონმდებლო დონეზე დადგინდება და დასვენების დღედ გამოცხადდება.

გარკვეული კატეგორიის ავტომობილებისთვის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა წლის ბოლოდან ორეტაპიანი გახდება

2024 წლის 31 დეკემბრიდან გარკვეული კატეგორიის ავტომობილებისთვის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდება. ეს კი ნიშნავს, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის გამოცდის ქუჩაში რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავალდებულო ხდება. კერძოდ, საუბარია, „CE“, „DE“, C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებზე.

კატეგორიები მოიცავს შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებს:

CE - სატვირთო მისაბმელით;
DE - სამგზავრო მისაბმელით;
C1E - მსუბუქი სატვირთო მისაბმელით;
D1E - სამგზავრო მისაბმელით.

დაიწყება განცხადების მიღება საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის ნებართვის მისაღებად

1-ლი დეკემბრიდან, იუსტიციის სახლებში ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ასევე, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის ნებართვების მოპოვების მიზნით შესაბამისი განცხადებების მიღება დაიწყება.

სერვისებზე ხელმისაწვდომობა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი, რაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს ქვეყნის მასშტაბით მიიღონ ზემოაღნიშნული მომსახურება.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ხსენებული ნებართვები გაიცემა 3 წლის ვადით და მათი მიზანია ხელი შეეწყოს მგზავრთა გადაყვანისა და მომსახურების პირობების გაუმჯობესებას, საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებას, საავტომობილო სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოსა და ეფექტიანი მონიტორინგის სისტემის შექმნას, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის პროცესის განვითარებას