მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება - ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები
1732795555
სირიის ამბოხებულმა ოპოზიციურმა ძალებმა იდლიბის და ალეპოს რეგიონებში სამთავრობო არმიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეტევის დაწყების შემდეგ, ამბოხებულებმა ალეპოს ჩრდილო-დასავლეთის პროვინციაში სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის კონტროლის ქვეშ მყოფი სულ მცირე 10 რაიონი დაიკავეს.
ეს არის პირველი სამხედრო თავდასხმა 2020 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთისგან მხარდაჭერილი სირიის მთავრობა და თურქეთისგან მხარდაჭერილი ამბოხებულები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ამბოხებულები თითქმის 10 კილომეტრში მიუახლოვდნენ ქალაქ ალეპოს გარეუბნებს და რამდენიმე კილომეტრით ნუბლს და ზაჰრას, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილ ლიბანურ დაჯგუფება “ჰეზბოლას” სამხედრო აქტივებია განთავსებული. ამბოხებულები თავს დაესხნენ ალ-ნაირაბის აეროპორტს ალეპოს აღმოსავლეთით, სადაც პროირანულ მილიციებს აქვთ სამხედრო პოზიციები.
ამბოხებულები აცხადებენ, რომ თავდასხმა არის ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთისა და სირიის საჰაერო ძალების მიერ სამხრეთ იდლიბის რაიონებზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გაძლიერებული დარტყმების საპასუხოდ. პარალელურად, სირიის სამთავრობო მედია წერს, რომ ქვეყნის არმიამ განახორციელა საპასუხო შეტევა ამბოხებულების წინააღმდეგ, რომლებიც განიცდიან ცოცხალი ძალის და ტექნიკის დიდ დანაკარგებს.
სირიის არმიაში აცხადებენ, რომ შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციები, მათ შორის „ალ-ნუსრას ფრონტი“, თავს დაესხნენ სოფლებს, ქალაქებს და სირიის არმიის პოზიციებს. სირიის სამთავრობო არმიას და ამბოხებულებს შორის იდლიბის და ალეპოს რეგიონებში შეტაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. სირიის სადამკვირვებლო ჯგუფის მონაცემებით, ორივე მხარეს მსხვერპლის რიცხვმა 132-ს მიაღწია, მათ შორის 83 ამბოხებულების მხარეს, 49 კი სირიის სამთავრობო არმიის მხარეს.