ირანული დრონებით ნახიჩევანის აეროპორტზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე ირანულმა დრონებმა გადაკვეთეს და ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადავ ორი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

ირანული დრონების შეტევის გამო, აზერბაიჯანი ირანისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს.

"ჩვენ მოვითხოვთ, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ განმარტოს სიტუაცია, მოგვაწოდოს ახსნა-განმარტებები და მიიღოს სასწრაფო ზომები, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი ინციდენტების განმეორება მომავალში", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი იტოვებს უფლებას, მიიღოს "შესაბამისი საპასუხო ზომები" თეირანის წინააღმდეგ.

აზერბაიჯანის სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთი დრონი შეეჯახა ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობას, რომელიც ირანის საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო მეორე დრონი ახლომდებარე სოფელში, სკოლის მახლობლად დაეცა.