მძღოლებმა რაც დაადასტურეს, დანაშაულის ნიშნები არ არის, ჯუანშერ ბურჭულაძის მძღოლზე ქონება გადაფორმებული არ ყოფილა - თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და კიდევ რამდენიმე პირის, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გამოკითხეს მოწმეები.

ჯუანშერ ბურჭულაძეს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"მძღოლებმა რაც დაადასტურეს, არაფერი მასში დანაშაულის ნიშნები არ არის. ჯუანშერ ბურჭულაძის მძღოლზე არაფერი ქონება გადაფორმებული არ ყოფილა. ჩვენ წარმოვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძის შემოსავლები მნიშვნელოვნად აღემატება მის მიერ გაწეულ ხარჯებს, რასაც გვედავება ბრალდების მხარე", - აცხადებს ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე.