1740388520
ინდოელმა მოზარდმა ერთ დღეში 6 მათემატიკური რეკორდი დაამყარა

„მენტალური არითმეტიკა" გონებაში მათემატიკური გამოთვლების შესრულებას გულისხმობს. ამ მხრივ ნამდვილი მსოფლიო რეკორდსმენი 14 წლის არიან შულკაა - ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში მცხოვრები ბიჭი, რომელსაც „ადამიან კალკულატორსაც" უწოდებენ.
ახლახან მან თავისი გამოთვლებით ერთ დღეში 6 რეკორდი დაამყარა, რაც გინესის მსოფლიო რეკორდების ვებგვერდზე უკვე აისახა.
შულკამ სხვადასხვა სახის გამოთვლა წარმოუდგენელი სისწრაფით შეასრულა. მან 100 ოთხნიშნა რიცხვი გონებაში 30.9 წამში შეკრიბა, 200 ოთხნიშნა რიცხვის შეკრება კი 1 წუთსა და 9.68 წამში შეძლო. ასევე, მოზარდმა 50 ხუთნიშნა რიცხვი 18.71 წამში შეკრიბა.
ბიჭმა გამრავლების კატეგორიაშიც შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა: ორი ხუთნიშნა რიცხვი 51.69 წამში გაამრავლა, ხოლო ორი რვანიშნა რიცხვი — 2 წუთსა და 35.41 წამში. ასევე, მან რეკორდი დაამყარა ოცნიშნა რიცხვების ათნიშნა რიცხვებზე გაყოფაში, რაც მხოლოდ 5 წუთსა და 42 წამში შეძლო. შუკლამ ეს რთული გამოთვლები იმაზე მცირე დროში შეასრულა, ვიდრე ადამიანების უმეტესობა ამ რიცხვების კალკულატორში შეყვანას მოანდომებდა.
რეკორდები დუბაიში, გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დამყარდა. აღსანიშნავია, რომ ეს შულკას პირველი რეკორდი არ ყოფილა. ერთი წლის წინ მან 50 ხუთნიშნა რიცხვის შეკრების რეკორდი უკვე დაამყარა. თავისი გამორჩეული მათემატიკური უნარების საიდუმლოდ ის იოგას ასახელებს, რომელიც, მისი თქმით, სიმშვიდესა და კონცენტრაციაში ეხმარება. გარდა ამისა, შულკა მათემატიკურ სავარჯიშოებს ყოველდღიურად 5-6 საათს უთმობს, თუმცა, როგორც ჩვეულებრივი მოზარდი, თავისუფალ დროს კითხულობს და ვიდეოთამაშებს თამაშობს.
მიუხედავად მისი შთამბეჭდავი ნიჭისა, შულკას მამა ამბობს, რომ მათ ოჯახში განსაკუთრებული მათემატიკური უნარები არავის აქვს.
„არიანი უნიკალურია - მილიარდში ერთი რომ იბადება, ისეთი. ამის მიუხედავად, ჩვენ მენტალური არითმეტიკის ოსტატების ოჯახი არ ვართ", - თქვა მან.
მათემატიკაში გამორჩეული ნიჭით მხოლოდ შუკლა არ გახდა ცნობილი. 2022 წელს ამერიკელმა მოსწავლეებმა, ნიკია ჯექსონმა და კალცეა ჯონსონმა, ტრიგონომეტრიის გამოყენებით პითაგორას თეორემის ახალი დამტკიცება აღმოაჩინეს. მათი ნაშრომი 2024 წელს რეცენზირებად ჟურნალში American Mathematical Monthly გამოქვეყნდა და მანამდე უცნობი ცხრა დამატებითი ტრიგონომეტრიული დამტკიცება მოიცვა.
ეს მიღწევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალგაზრდებს მეცნიერებაში მნიშვნელოვანი აღმოჩენების გაკეთება და მსოფლიო რეკორდების დამყარება შეუძლიათ.