გერმანული გამოცემა: კაია კალასს საქმეები კარგად არ მისდის

კაია კალასი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი საკუთარ მოვალეობას კარგად ვერ ასრულებს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung (FAZ) ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კალასის ინიციატივა უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ ჩავარდა.

მიუხედავად იმისა, რომ კალასმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მის გეგმას წევრ სახელმწიფოებში დიდი მხარდაჭერა აქვს, გერმანული გამოცემა აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ გეგმა დეტალებისა და ტექნიკური საკითხების დახვეწას საჭიროებს, რამდენიმე ქვეყანა მას პრინციპულად ეწინააღმდეგება.

„ინიციატივას ეწინააღმდეგება არა მხოლოდ უნგრეთი, არამედ საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და პორტუგალია. ეს ქვეყნები დიდი შენატანის გაკეთებას მკვეთრად ეწინააღმდეგებიან. ჯერ-ჯერობით უკრაინისთვის მათი ერთობლივი დახმარება დანიაზე ნაკლებს წარმოადგენს“, - წერს გამოცემა.

როგორც გამოცემა იუწყება, უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს გამოყოფის ინიციატივა მის წინამორბედს, ჟორეფ ბორელს ეკუთვნოდა, თუმცა კალასმა თანამდებობის დაკავებისთანავე ის უარყო. გერმანელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ კალასმა ეს თემა კვლავ გახადა აქტუალური მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ.

„ზოგი დიპლომატი ამტკიცებს, რომ ის უკეთ უნდა მომზადებულიყო, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებსაც ბორელთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ“, - წერია სტატიაში, სადაც სავარაუდოდ ბორელის კარგი კავშირები სამხრეთევროპულ ქვეყნებთან იგულისხმება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კალასის სისუსტეზე მეტყველებს, გამოცემის აზრით, არის ევროკავშირის სურვილი უკრაინის კრიზისის მოგვარებაში მონაწილეობის შესახებ, სადაც დღესდღეობით შუამავლის როლს მხოლოდ აშშ ასრულებს.

„ზოგი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა თავად ჩამოიშორა საკუთარი თავი, რადგან ვაშინგტონს ძალიან აკრიტიკებდა. მან ტრამპის ზეწოლას უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიზნით „ბინძური გარიგება“ უწოდა და როცა ვაშინგტონში ჩავიდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მასთან შეხვედრა გადატვირთული გრაფიკის გამო გააუქმა. კალასმა ისიც ვერ მოახერხა, რომ აშშ-ის მთავრობის რომელიმე წარმომადგენელთან გაემართა შეხვედრა“, - წერს გამოცემა.