"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. როგორც პროკურორი გია შაიშმელაშვილი განმარტავს, გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძისა და მისი პირადი მძღოლის გია ჩადუნელის მიმართ გაისსროლა.
პროკურორის თქმით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება სახეზეა, რადგან დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები არსებობს. შაიშმელაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდებული უკვე მიიმალა მას შემდეგ, რაც მან დანაშაული ჩაიდინა, მისი სასამართლოში წარმოდგენა კი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გახდა შესაძლებელი.
რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურებას, პროკურორის თქმით, მას შემდეგ, რაც უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან კონკრეტული პირების მიმართ გაისროლა, მან ცეცხლსასროლი იარაღი წაიღო, გადამალა, შეიძლება გაანადგურა კიდეც, თუმცა ამ ეტაპისთვის პროკურატურისთვის დანაშაულის ჩადენის იარაღი მიუწვდომელია.
შაიშმელაშვილის თქმით, უძილაურს რეგისტრირებული აქვს ორი ცეცხლსასროლი იარაღი. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდების მხარემ ერთი იარაღი ბევრ ვაზნასთან ერთად ამოიღო, თუმცა მეორე იარაღის ამოღება ვერ მოხერხდა. რაც შეეხება მოწმეებზე ზემოქმედების ნაწილს, როგორც შაიშმელაშვილი აღნიშნავდა, უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ გაისროლა, ნაწილი ადრესატებს მოხვდა, დანარჩენი ტყვიები ჰაერში მიმოიფანტა.
შაიშმელაშვილის თქმით, უძილაური წარსულში ძალადობრივ ქმედებაზე ბრალი ჰქონდა წაყენებული და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, ახალი დანაშაული კი სწორედ ამ დროს ჩაიდინა. პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, თუ რატომ ჩაიდინა ეს, ამის დასადგენად და გასაგებად ძალისხმევას არ დაიშურებენ, თუმცა, მისი თავისუფლებაში ყოფნა საგამოძიებო მოქმედებებში ხელს შეუშლის.
დაცვის მხარე აღნიშნულს არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ უძილაურის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული. დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო მოითხოვა. ადვოკატ მარიამ ტაბატაძის თქმით, უძილაურის მხრიდან ახალი დანაშაულის, მტკიცებულებების ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები არ არსებობს. მისივე თქმით, მიმალვის ნაწილში პროკურორის შუამდგომლობა დასაბუთებული არ არის, ვინაიდან უძილაურმა ყველა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღო.
ცნობისთვის, შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.