ირაკლი კობახიძე მაღაროელებზე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ შემოსავალი, სამსახური. ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა გამოვავლინოთ, ზოგადად, სახელმწიფომ რომ წამოიღოს კერძო საწარმო, ეს პრინციპულად არასწორია

ირაკლი კობახიძე

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ შემოსავალი, სამსახური, არ გაუარესდეს სოციალური მდგომარეობა, ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა გამოვავლინოთ, დანარჩენი დეტალებზეა დამოკიდებული, ზოგადად, სახელმწიფომ რომ წამოიღოს კერძო საწარმო, ეს პრინციპულად არასწორია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ჭიათურაში მიმდინარე მაღაროელების პროტესტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, სახელმწიფოსთვის ნებისმიერი თანამოქალაქის ინტერესები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ხელისუფლება საკითხით მაქსიმალურად არის დაინტერესებული.

„ზოგადად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნებისმიერი თანამოქალაქის, განსაკუთრებით, მშრომელი თანამოქალაქის ინტერესები. როდესაც კომპანიას გაკოტრებაზე აქვს შეტანილი სასამართლოში საქმე, გაკოტრება ნიშნავს იმას, რომ 3 000-ზე მეტი ადამიანი რჩება სამსახურის გარეშე, ეს არის ყველაზე უარყოფითი განვითარება იმ მოვლენებისა, რაც შეიძლება, რომ წარმოვიდგინოთ. ზოგადად, სახელმწიფომ რომ წამოიღოს კერძო საწარმო, ეს პრინციპულად არასწორია. არ ვიცი, იმედია, გამოსავალი გამოიძებნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებულნი, რომ ვინც ამ მაღაროში შრომობდა, ყველას ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება. რთული საკითხია, აქ არის გლობალური პრობლემა, პროდუქციაზე ფასები არის სერიოზულად დაცემული, რის გამოც, რენტაბელურობა დაკარგა საწარმომ და ამ ფონზე, რამდენიმე თვის განმავლობაში, გასცემენ 60 %-იან ხელფასებს ისე, რომ რეალურად, მაღაროები აღარ მუშაობს. რთული ვითარებაა. რთულია, კერძო ბიზნესს მოსთხოვო საწარმოს მუშაობის გარეშე ხელფასების გადახდა. ამას აკეთებდნენ სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, თუმცა მუდმივად ამას ვერ გააგრძელებ. დღესაც გაიმართა შეკრება, ე.წ. სამმხრივი ფორმატი, სადაც განხილულ იქნა ეს საკითხი. დღეს მექნება ალბათ უკვე კომუნიკაცია, დავინტერესდები, რაზე იყო მსჯელობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ შემოსავალი, სამსახური, არ გაუარესდეს სოციალური მდგომარეობა. ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა გამოვავლინოთ, დანარჩენი დეტალებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა პრემიერმა.