მკვლელობა თბილისში - ორთაჭალაში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
1740156802
ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო მოლდოვისთვის 1,9 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. როგორც ევროკავშირის საბჭოში განაცხადეს, ეს თანხა გამოიყოფა რეფორმებისა და ზრდის ახალი მექანიზმის ფარგლებში.
როგორც გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, ეს თანხა დაიხარჯება „მოლდოვის ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად, რეფორმების წინ წასაწევად და ქვეყნის ევროკავშირში დამკვიდრებისთვის“.
„ეს ამტკიცებს, რომ ევროკავშირი არის საიმედო პარტნიორი მოლდოველი ხალხისთვის“, – წერს მარტა კოსი სოციალურ ქსელში.
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევრო დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ რეფორმები, წავახალისოთ ეკონომიკა და გავაძლიეროთ მდგრადობა მზარდი გამოწვევების წინაშე. გმადლობთ, რომ რჩებით მოლდოვის გვერდით“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
როგორც ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული, ახალი მექანიზმის ფარგლებში, 2025-დან 2027 წლამდე პერიოდში მოლდოვისთვის გამოყოფილი იქნება 385 მილიონ ევრო გრანტების სახით და 1.5 მილიარდი ევრო შეღავათიანი სესხების სახით. ამ დახმარების გამოყოფა დაექვემდებარება მკაცრი პირობების შესრულებას, რომლებიც გაწერილია წინასწარ შეთანხმებული რეფორმების დღის წესრიგში.
ამასთან კომისია ვალდებული იქნება აცნობოს საბჭოსა და ევროპარლამენტს მოლდოვისთვის თანხის გადარიცხვის შესახებ ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე, ან როდესაც შეაფასებს, რომ გადარიცხვისთვის აუცილებელი წინაპირობები არ არის შესრულებული.