1744059571
ევროკომისიის პრეზიდენტი: მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის აშშ-თან - მეტიც, შევთავაზეთ ნულოვანი ტარიფები სამრეწველო საქონელზე

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის და შესთავაზა სამრეწველო საქონელზე არსებული ტარიფების გაუქმება.
„ეს ტარიფები, უპირველეს ყოვლისა, უზარმაზარ ხარჯებს აკისრებს ამერიკელ მომხმარებლებსა და ბიზნესს, მაგრამ ამავდროულად, მათ მასიური გავლენა აქვთ გლობალურ ეკონომიკაზე“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ტარიფები, რომლებმაც გლობალური ბაზრის რღვევა გამოიწვია, შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს.
„მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის აშშ-თან. მეტიც, ჩვენ შევთავაზეთ ნულოვანი ტარიფები სამრეწველო საქონელზე, როგორც ეს წარმატებით გავაკეთეთ ბევრ სხვა სავაჭრო პარტნიორთან, რადგან ევროპა ყოველთვის მზად არის კარგი გარიგებისთვის“, - აღნიშნა მან.