„ევროაქტივი“: ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, ევროკავშირს უკრაინელი ლტოლვილებისთვის მკაფიო გეგმა არ აქვს

ევროკავშირს უკრაინელი ლტოლვილებისთვის მკაფიო გეგმა არ აქვს

ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, ევროკავშირს უკრაინელი ლტოლვილებისთვის მკაფიო გეგმა არ აქვს, – ამის შესახებ „ევროაქტივი“ წერს.

როგორც მედია აღნიშნავს, მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი ევროკავშირში შესაძლოა, სტატუსის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან არ არსებობს მკაფიო გეგმა, რომელიც მათ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დარჩენის საშუალებას მისცემს.

„რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის დროებითი დაცვის დირექტივა სამართლებრივ ხსნად იქცა თითქმის 4,3 მილიონი უკრაინელისთვის. ეს საშუალებას აძლევს ევროკავშირის ქვეყნებს, უზრუნველყონ საცხოვრებელი, მუშაობისა და სხვადასხვა სერვისებზე წვდომის უფლება უკრაინელებისთვის, რომელთა უმეტესობაც პოლონეთში, გერმანიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში დასახლდა. თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, ეს შეიძლება, დასრულდეს. ცეცხლის შეწყვეტამ შესაძლოა, ერთ ღამეში შეცვალოს სცენარი“, – აღნიშნულია სტატიაში.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ დაიწყო შემდგომი ნაბიჯების განხილვა, კერძოდ, „გააგრძელოს თუ არა“ დროებითი დაცვა, დაეხმაროს თუ არა ადამიანებს ეროვნულ სტატუსზე გადასვლაში სამუშაოდ, სწავლისთვის ან ოჯახის გაერთიანებისთვის, ასევე მხარი დაუჭიროს თუ არა მათ, ვინც გადაწყვეტს უკრაინაში დაბრუნებას.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუშანმა დაადასტურა, რომ ჩეხეთი გერმანიასთან და ევროკომისიასთან ერთად, აქტიურად მონაწილეობს ერთიანი პასუხის ფორმირებაში.

„მაგრამ კონკრეტული პირობები ჯერ კიდევ განსახილველია“,- განაცხადა რაკუშანმა.

როგორც „ევროაქტივი“ წერს, დროებითი დაცვის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობას.