ერთი გარდაცვლილი, ორი დაშავებული - ვარშავის ერთ-ერთ რესტორანთან ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პოლიცია პოლონეთში

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, 3 ქართველი დაშავდა, რომელთაგანაც ერთი მოგვიანებით, კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ვარშავის პოლიცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდაცვლილი 31 წლის მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოში გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, ქართველებს შორის დაპირისპირება კონსტიტუციის მოედანზე, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა.

"მომხდართან დაკავშირებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება", - ნათქვამია ვარშავის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.