ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი - ტრამპის გამარჯვებამ ხელი შეუწყო ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას

მაიკ უოლცი

ტრამპის გამარჯვებამ ხელი შეუწყო ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა, მაიკ უოლციმ განაცხადა.

უოლცის თქმით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წყალობით, ყველა მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯდება.

„მისმა ხმამაღალმა გამარჯვებამ მკაფიო სიგნალი გაუგზავნა მსოფლიოს, რომ ქაოსი დაუშვებელია. მოხარული ვარ, რომ ვხედავ კონკრეტულ ნაბიჯებს ახლო აღმოსავლეთში დეესკალაციისკენ“, – განაცხადა მაიკ უოლცმა.

როგორც უოლცმა აღნიშნა, რეგიონში განვითარებული ქაოსისა და ტერორის ძირითადი მიზეზი არის ირანი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელმა და ლიბანმა მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც დღეს, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე შევიდა ძალაში. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოფიციალურად დაუჭირა მხარი.