CNN: პენტაგონმა ირანში სამიზნეების სია მოამზადა იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპი თავდასხმების განახლებას გადაწყვეტს

დონალდ

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ირანთან დაკავშირებით რამდენიმე სამხედრო გეგმა მოამზადა იმ შემთხვევისთვის, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ ქვეყანაზე დარტყმების განახლების გადაწყვეტილებას მიიღებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის მონაცემებით, 16 მაისს ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავისი ჯგუფის უმაღლეს ხელმძღვანელობას შეხვდა, რათა ირანის მიმართ შემდგომი მოქმედებები განეხილათ. მომდევნო დღეს მან განაცხადა, რომ თეირანისთვის „უმჯობესია იჩქაროს, თანაც რაც შეიძლება სწრაფად, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან არაფერი დარჩება“.

CNN-ის წყაროს ცნობით, ვირჯინიაში, ტრამპის გოლფ-კლუბში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

ტელეარხი ხაზს უსვამს, რომ ტრამპი სულ უფრო მეტად კარგავს მოთმინებას იმის გამო, თუ როგორ აწარმოებს თეირანი დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. ის ასევე იმედგაცრუებულია ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივი ჩაკეტვით და ამ ფაქტის ნავთობის მსოფლიო ფასებზე გავლენით.

თეთრი სახლის რამდენიმე წარმომადგენლის თქმით, ტრამპმა და მისმა გუნდმა ირანის მიმართ შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გადადეს, რადგან სურდათ ენახათ, როგორ ჩაივლიდა მოლაპარაკებები ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის.