ჩრდილოეთ კორეაში ახალგაზრდა ქალი სიკვდილით საჯაროდ დასაჯეს

ჩრდ.კორეაა

Daily North Korea-ს ინფორმაციით, იანვრის მეორე ნახევარში ჩრდილოეთ კორეაში მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა ქალი სიკვდილით საჯაროდ დასაჯეს.

არსებული ინფორმაციით, ქალს ასაკოვანი წყვილის მკვლელობა ედება ბრალად. მას შემდეგ, რაც 20-დან 30-წლამდე ქალი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მან უფულობის გამო თავშესაფარი ასაკოვან წყვილს სთხოვა, ხოლო შემდეგ ისინი მოკლა და მათი ფინანსური დანაზოგი მოიპარა.

ქალის სასამართლო პროცესი და დახვრეტა ერთ დღეს გაიმართა. გამოცემას ანონიმური წყარო უყვება, რომ საჯარო სასამართლო პროცესს ადგილობრივი მცხოვრებლები ესწრებოდნენ, რომლებმაც არ იცოდნენ, რომ ქალს სიკვდილით საჯაროდ დასჯიდნენ.

წყაროს მიხედვით, ქალის დახვრეტას ბავშვებიც შეესწრნენ. საჯაროდ სიკვდილით დასჯა ჩრდილოეთ კორეაში ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო, თუმცა, ბოლო წლებში ასეთმა შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო. ახალგაზრდა ქალის დემონსტრაციულად სიკვდილით დასჯა სავარაუდოდ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებისა და უკიდურესი სიღარიბის შედეგად გაზრდილ კრიმინალს უკავშირდება.

„იმის ფონზე, რომ ხალხს ფინანსურად ძალიან უჭირს, ძალადობრივი დანაშაულები მატულობს. სახელმწიფო ამას მეტი საჯარო სასამართლოებითა და დახვრეტებით პასუხობს, იმის იმედად, რომ ამით შეაჩერებენ კრიმინალის ზრდას", – ამბობს წყარო გამოცემასთან.