1782113410
„ასპირინი მისგან ვერ გვიცავს...“ - ექსპერტი ასახელებს დანამატს, რომელიც კონსერვების შენახვისას უნდა გამოიყენოთ
სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში დიასახლისებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს და საუბრობს, რატომ არ შეიძლება კონსერვებში ასპირინის გამოყენება:
როგორც არაბული განმარტავს, ხალხს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ასპირინი პროდუქტს გაფუჭებისგან იცავს. მაგრამ ეს ასე არ არის. არ შეიძლება და თან საშიშია. სინამდვილეში, ასპირინი არის მედიკამენტი, რომელიც სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენება. მისი საკვებად გამოყენება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალულია.
მისი თქმით, ასპირინის გამოყენება იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც სხვა დანამატი არ არსებობდა. ასპირინი აცეტილსალიცილმჟავაა, თავად პროდუქტში მჟავე გარემოს ქმნის და ბაქტერიებს გამრავლებისთვის არახელსაყრელ გარემოს უქმნის.
კონსერვებში ასპირინის გამოყენება რამდენიმე მიზეზის გამო არ შეიძლება.
„პირველი არის ის, რომ დოზა ვერ კონტროლდება და ვერ ვსაზღვრავთ, რა რაოდენობის ტაბლეტი უნდა გამოვიყენოთ.
მეორე, კონსერვებში მთავარი საფრთხე ბოტულიზმია. ასპირინი მისგან ვერ გვიცავს.
მესამე მიზეზი ის არის, რომ შეიძლება, ალერგიული რეაქციები და სხვა გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.
გარდა ამისა, ადამიანი ამ წამლის მიმართ რეზისტენტული ხდება, რადგან იღებს დიდ რაოდენობა, რომელიც რეალურად, არ სჭირდება.
მაშინ, რა გამოვიყენოთ კონსერვებში? დღეს კვების ინდუსტრია ძალიან განვითარებულია. მრავალი საკვები დანამატი არსებობს, რომლებიც ასპირინის როლს ასრულებს. გამოვიყენოთ ისეთი საკვები დანამატები, როგორებიცაა ლიმონმჟავა, ძმარჟავა, რომლებიც კვების ინდუსტრიაში“,- ამბობს არაბული.









