დონალდ ტრამპი - რუსეთს ცოტა მეტი „კოზირი“ აქვს მოლაპარაკებებში, რადგან მან ბევრი ტერიტორია მიიტაცა
1740051585
აშშ-ის ხელისუფლებამ დროებით შეაჩერა უკრაინელებისა და ლათინოამერიკელების საიმიგრაციო განცხადებების მიღება, რომლებსაც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში გარკვეული პროგრამების საფუძველზე შესვლის უფლება ჰქონდათ. ინფორმაციას CBS News-ი ორ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.
საიმიგრაციო განაცხადების მიღება შეჩერდა გაურკვეველი დროით, სანამ ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები არ შეისწავლიან თაღლითობის სავარაუდო ფაქტებს და არ გააუმჯობესებენ პროცედურას, რათა ეროვნულ და საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები შეამცირონ, აღნიშნავს ტელეარხი.
აღნიშნული გადაწყვეტილება, რომლის შესახებ საჯაროდ არ თქმულა, საფრთხეს უქმნის იმ მიგრანტებს, რომლებმაც უკვე შეიტანეს განაცხადა სხვადასხვა საიმიგრაციო პროგრამის საფუძველზე და ელიან, რომ მათ ამერიკაში დარჩენის კანონიერი უფლება მიეცემათ.
როგორც CBS News-ი იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენ ადამიანს შეეხება საიმიგრაციო განაცხადების განხილვის შეჩერება, ბაიდენის მიერ ინიციირებული პროგრამა ასი ათასობით მიგრანტს აშშ-ში ლეგალურად დარჩენის უფლებას აძლევდა.
ტელეარხის ცნობით, ბაიდენმა უკრაინელებისთვის სპეციალური პროგრამა რუსეთის შეჭრის შემდეგ აამოქმედა. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე აშშ-ში დაახლოებით 240 ათასი უკრაინელი ჩავიდა. გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მოქმედებდა კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც კუბელებს, ვენესუელელებს, ნიკარაგუელებსა და ჰაიტის მაცხოვრებლებს აშშ-ში ლეგალურად შესვლის და დარჩენის უფლებას აძლევდა. ამ პროგრამის წყალობით ამერიკაში 530 ათასი ადამიანი ჩავიდა.
ბაიდენის პრეზიდენტობის დროს მოქმედებდა კიდევ მესამე პროგრამა, რომელიც კოლუმბიელებს, ეკვადორელებს, ცენტრალური ამერიკისა და ჰაიტის მაცხოვრებლებსა და კუბელებს, რომლებსაც ამერიკელი ნათესავები ჰყავდათ, ქვეყანაში შესვლის უფლებას აძლევდა.