CBS News: ამერიკაში მოსამართლემ USAID-ის დახურვა არაკონსტიტუციურად ცნო

USAID-მა თანამშრომლები ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა

აშშ-ის საოლქო მოსამართლემ, თეოდორ ჩუანგმა თეთრ სახლს USAID-ის მუშაობის განახლება დაავალა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

ამასთან ერთად, მოსამართლემ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, გადაწყვეტილება სააგენტოს დახურვის შესახებ არაკონსტიტუციურად ცნო.

ტელეარხის ცნობით, მოსამართლე ჩუანგმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა USAID-ის ოცზე მეტი თანამშრომლისა და კონტრაქტორის სარჩელი და აღიარა, რომ მასკმა და მისმა უწყებამ, შესაძლოა, აშშ-ის კონსტიტუცია დაარღვია, როცა სააგენტო ცალმხრივად დახურა.

მოსამართლემ აგრეთვე დაადგინა, რომ საქმის განხილვის დროს USAID-ის მოქმედ თანამშრომლებსა და პერსონალური კონტრაქტორებს აღუდგეთ წვდომა ელექტრონულ ფოსტაზე, საგადასახადო და სხვა ელექტრონულ სისტემებზე.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განჩინებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს.