ბურკინა-ფასოში ჯიჰადისტებმა 50-ზე მეტი ქალი გაიტაცეს

qalebi gaitaces

ბურკინა-ფასოში 50-ზე მეტი ქალი გაიტაცეს, გამტაცებლები, სავარაუდოდ, ჯიჰადისტები არიან, - ინფორმაციას theguardian ოფიციალურ პირებსა და მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხილის საკრეფად წასული 40-მდე ქალი ქალაქ არბინდადან სამხრეთ-აღმოსავლეთით 12 კილომეტრში გაიტაცეს, 20-მდე ქალი კი მომდევნო დღეს - ქალაქის ჩრდილოეთით.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე გატაცებულმა გაქცევა და თავიანთ სოფლებში დაბრუნება მოახერხა.

ბურკინა-ფასო, დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და არასტაბილური ქვეყანა, 2015 წლიდან ებრძვის ამბოხებას, რომელსაც „ალ-ქაიდასთან“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ჯიჰადისტები ხელმძღვანელობენ და რომელსაც, ამ დრომდე, ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 2 მილიონი მოქალაქე კი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.