შსს-ში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს.

შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში შეჯამდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გასულ წლებში განხორციელებული აქტივობები. ასევე, ყურადღება დაეთმო სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შშმ პირთა არსებითი ჩართულობის უზრუნველყოფასა და მათი საჭიროებების გათვალისწინებას.

სამართალდამცავი უწყების სერვისებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი და ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შშმ პირთა თემთან უწყვეტი კონსულტაციისა და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და საკონსულტაციო ჯგუფის წევრები – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლები.

ინფორამაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.