„უმორჩილესად გთხოვთ ყველას!...“ - ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

ეკა კუპატაძე

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„უმორჩილესად გთხოვთ ყველას, გიგა ავალიანის სურათთან გიორგი ლეკიშვილის და ნია იმნაძის სურათი არასდროს დადოთ.

გამიზიარეთ რა, რომ ეს თხოვნა ყველას მიწვდეს.

დღეს გიორგი ლეკიშვილმა თქვა, რომ გიგა ავალიანის ტელეფონში იმალება სამხილები! რა სამხილები იმალება გიგა ავალიანის ტელეფონში გიორგი ლეკიშვილო? გიგა ავალიანი თავის მკვლელობას გეგმავდა და ეს იმალება ტელეფონში? თუ მოსაკლავი იყო გიგა ავალიანი? მაგ შენს ისრაელის ექსპერტებს ნია იმნაძის და ალექსანდრე გაბაშვილის სრულყოფილი მიმოწერა აღადგენინე! შენი "თაკოს", თამარ ნავროზაშვილის, ტელეფონი აღადგენინე!მკვლელების წაშლილი ტელეფონები აღადგენინე!

გიორგი ლეკიშვილო, შენ რომ გაიგო ვის ებრძვი:

1) შვილი უნდა მოგიკლან!

2) შენი შვილი სპეტაკი უნდა იყოს!

3) შენ სუფთა წარსული უნდა გქონდეს!

მე-2 და მე-3 არ არსებობს!

შენ უწმინდური ხარ და ვერც ღირსეულ შვილებს გაზრდი.

ასე, რომ შვილი რომც მოგიკლან, ჩემს ძალას მაინც ვერ შეაფასებ!

ახლა კი დღევანდელ დღეზე ვისაუბრებ!

ნია იმნაძის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი, მართალია ნირწამხდარი საუბრობდა დღეს (მოგვიანებით მაგასაც ვიტყვი, რატომ იყო ნირწამხდარი), მაგრამ მაინც გამოვლინდა, რომ ბოროტი, მატყუარა და მანიპულატორია.

დღეს მისი სამივე თვისება კომპლექსურად ვიხილეთ.

ლეკიშვილმა ბოროტად მოიტყუა ჟურნალისტებთან და ამით სცადა ხალხზე მანიპულირება.

სიმართლე არის შემდეგი:

დღეს, გიორგი ლეკიშვილმა მტკიცებულების სახით დაართვევინა მოსამართლეს ის განჩინებები, რომლითაც შუამდგომლობებზე უარი ეთქვა (ანუ ძალადაკარგული) და ასევე, ისრაელის ექსპერტების წერილის ქართული თარგმანი, სადაც ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ მოსამართლის განჩინების შემთხვევაში, მათ ხელთ არსებული რესურსით ჩაატარებენ ექსპერტიზას მოცემულ მასალაზე.

მატყუარა გიორგი ლეკიშვილმა გიგას ტელეფონზე ექსპერტიზა რომ ჩაატარებინოს ისრაელიდან მოწვეულ ექსპერტებს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ორი რამ:

გიგას ტელეფონი და მოსამართლის განჩინება! ორივე ერთად!

არის ტელეფონი, არ არის განჩინება!

ეს ისეთივე აბსურდია, როგორიც ის, რომ გქონდეს მოსამართლის განჩინება მაგრამ ტელეფონი არ გქონდეს.

საჭიროა ორივე ერთად:

ტელეფონი და განჩინება. რაც წესით ადვოკატმა უნდა იცოდეს.

ავხსნი ყველაფერს!

ლეკიშვილმა წინა სასამართლო სხდომამდე, ანუ 10 სექტემბრამდე, მტკიცებულებების გამოკვლევის და მოკვლევის მიზნით, მართლა მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს, გიგა ავალიანის და გიგა ავალიანის მოსწავლეების ტელეფონებიდან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეიტანა აპელაციაზე და არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა.

სააპელაციოს მიერ გაცემული განჩინება, გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

რატომ არ დაუკმაყოფილეს მოსამართლეებმა შუამდგომლობა?

იმიტომ, რომ ლეკიშვილი ითხოვს იგივეს, რასაც ისედაც ითხოვს პროკურატურა.

პროკურატურა ითხოვს, ყველა ამოღებული ტელეფონიდან (ლეკიშვილი ითხოვს მხოლოდ გიგას და მისი მოსწავლეების) ინფორმაციის ამოღებას და გამოკვლევას.

ორი ერთნაირი შუამდგომლობა არაა საჭირო, ერთიც საკმარისია, ამიტომ ეთქვა უარი ლეკიშვილს!

საქმეში ეტაპობრივად იდება კიდეც ტელეფონებიდან ამოღებული და გამოკვლეული ინფორმაციები მტკიცებულებების სახით.

მაშასადამე წინა სასამართლო სხდომამდეც, ანუ 10 სექტემბრამდე გაირკვა, რომ მოსამართლის განჩინებით, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გიორგი ლეკიშვილის ე.წ. ისრაელიდან მოწვეულ ექსპერტებს არ ჰქონდათ გიგა ავალიანის ტელეფონზე წვდომის უფლება.

ისრაელიდან ექსპერტებმაც ასე შემოუთვალეს, განჩინება თუ იქნებაო. განჩინება არ არის!

დღეს გიორგი ლეკიშვილმა, კიდევ ერთხელ, მოატყუა საზოგადოება!  

უმთავრესი და უპირველესი რამ:

გიგას თავდასხმის შემდეგ, როგორც კი გათენდა, პოლიციამ პირველი რაც ამოიღო, იყო გიგა ავალიანის ტელეფონი და ტანსაცმელი.

მე გადავეცი კლინიკაში ჩემი ხელით, ხელიდან ხელში გადმომცა ექიმმა და მაშინვე გადავეცი გამომძიებელს ტანსაცმელი, ტელეფონი, საფულე და ორი ნაბიჯის ცელოფანი, რომელშიც იყო 1 შეკვრა კვერცხი, თევზის 2 კონსერვი და 1 პური.

გიგას სხეული დარჩა კლინიკაში და ყველა ნივთი რაც ჰქონდა (საცვალიც კი), მივაწოდე პოლიციას.

საფულე და საკვები დამიბრუნეს, ტანსაცმელი და ტელეფონი წაიღო პოლიციამ.

თევზის კონსერვებს ამ დრომდე ვინახავ. კვერცხი და პური გიგას სიცოცხლეში გადავყარე. რომ მცოდნოდა მომიკვდებოდა, მასაც შევინახავდი.

რას მალავდა გიგა ავალიანი, ასეთი ძლიერი კოდი რატომ ედო მის ტელეფონსო, ესეც იკითხეს ადრე ბოტებმა.
  მაგასაც გეტყვით.

გიგას სახლში ჰქონდა პლანშეტი, რომელზეც კოდი არ ედო (რადგან გიგას დასამალი არაფერი ჰქონდა), ხოლო ტელეფონი მუდამ დაჰქონდა თან.
რომ დაჰკარგვოდა, რატომ უნდა ჰქონოდა ვინმეს წვდომა, თუნდაც მის საბანკო ანგარიშებზე?

და რადგან გიგა ავალიანის ტელეფონი ვერ გაიხსნა, მე პროკურატურას მივაწოდე გიგას პლანშეტი, ჩემი ინიციატივით, იანვარში (მაშინვე, როგორც კი პროკურატურამ ჩვენთან თანამშრომლობა დაიწყო.) და საქმის მასალებში დევს გიგას პლანშეტიდან ამოღებული ყველა საჭირო ინფორმაცია.

აუცილებლად უნდა დავძინო, რომ 14 ოქტომბერს, ნია იმნაძის ტელეფონში წაშლილი იყო იმნაძის მიერ გიგა ავალიანისთვის მიწერილი რამდენიმე მესიჯი.

ანუ, პირველივე დაკითხვისას უკვე წაშლილი ჰქონდა თავისი მინაწერების ნაწილი და თუ არაფერი იცოდა, თავდასხმის შესახებ, რატომ წაშალა მესიჯები, მაშინ როცა უთხრეს, რომ 115-ე მუხლით, ანუ თვითმკვლელობის მიმართულებით ხდებოდა გამოძიება??

მე მივიტანე პოლიციაში სრულყოფილი მიმოწერა და სოციალურ ქსელშიც, გიგას გარდაცვალების ღამესვე ავტვირთე სრულყოფილი მიმოწერა.

გიგა ავალიანმა იცხოვრა უხინჯოდ, რაც წარმოუდგენელია სახედაკარგული გიორგი ლეკიშვილისთვის.
  თუმცაღა გიგა ავალიანი სულ რომ მანიაკი ყოფილიყო, ამ საქმეში იურიდიული ძალა არ აქვს გიგას "დანაშაულებებს".

წესით, ესეც უნდა იცოდეს ადვოკატმა.

უბრალოდ, ლეკიშვილი იმნაძე-ნავროზაშვილებს აშტერებს.

გიგას ტელეფონი არ გაიხსნას გარდა, ლეკიშვილს სათქმელი აღარაფერი დარჩა.

მკვლელობის ფიგურანტებიდან გიგას იცნობდა მხოლოდ იმნაძე და მალანია!

და თუ ე.წ. სამხილების სახით მაინც აინტერესებთ მკვლელობის ფიგურანტების: ნია იმნაძის, გიორგი მალანიას, ანასტასია ბერუაშვილის, ანი ნასყიდაშვილის, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის, დემეტრე კასრაძის ან დემეტრე ჩიქოვანის გიგა ავალიანთან მიმოწერა, აქვთ ყველას ტელეფონი!

რატომ გაასუფთავა ტელეფონი ყველამ????

იმიტომ რომ ისინი ერთმანეთში გეგმავდნენ გიგას მკვლელობას, მკვლელობის შემდეგ კი იხილავდნენ მკვლელობის დეტალებს, ხელიდან ხელში გადაჰქონდათ გიგას მკვლელობის ვიდეო და ერთმანეთში საუბრობდნენ გარყვნილი ლექსიკონით.

(ამას ადასტურებს მიმოწერის ის ნაწილი, რაც ამ არასრულწლოვნების ტელეფონებიდან აღდგა.)

ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატის კომენტარზეც უნდა გავაკეთო კომენტარი.

შვილმკვდარმა კაცმაც როგორ გაიწყვიტე შუბლის ძარღვი?

შენი მკვდარი შვილი მკვდარია და ჩემი მოკლული შვილი დანომრილი გვამი?

როცა ვერ ამთხვევ შენი დაცვის ქვეშ მყოფის სიმართლეს და სამართალს, გიორგი ლეკიშვილად კი არ უნდა გადაიქცე, არამედ:
1) უნდა აღიარებინო დანაშაული დამნაშავეს.
2) უთხრა, რომ სინანული ფორმალურად მაინც გამოხატოს.
3) მოუძებნო მას რაღაც ადამიანური ღირსება, თუნდაც უმნიშვნელო დოზით ჰქონდეს და წამოსწიო წინა ხაზზე.
ადვოკატმა ესეც უნდა იცოდეს!

ანასტასია ბერუაშვილი კი არა გაგიკვირდება და არც გაბაშვილი და რიკაძე იცნობდა გიგას, მაგრამ მოკლეს.

არც ნიკოლოზ ღუნაშვილს იცნობდა მკვლელი, მაგრამ მოკლა! არც დავით ნარიმანიძეს იცნობდა მკვლელი, მაგრამ მოკლა!

........

დაგიძველდათ ეგ "არგუმენტი"! პ.ს. გიორგი ლეკიშვილი დღეს სასამართლო პროცესზე აღარ იცინოდა!
არც ის სათვალიანი ადვოკატი, ნინო ლეკიაშვილი, ჩანდა სადმე! ვფიცავ, სრულყოფილად ვასწავლი ჭკუას!“ - დაწერა კუპატაძემ.