ბრიუსელში, მეტროსადგურ კლემანსოსთან ბოლო 2 დღეში მეორე სროლა მოხდა

ბელგია

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, მეტროსადგურ კლემანსოსთან ბოლო 2 დღეში უკვე მეორე სროლა მოხდა. ბრიუსელის პროკურატურის განცხადებით, სროლის დროს ერთი ადამიანი დაიჭრა. დაშავებული საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

პროკურატურის ცნობითვე, სროლა ცეცხლსასროლი იარაღით ადგილობრივი დროით ღამის 3 საათზე მოხდა.

ამავე მეტროსადგურთან სროლა 1 დღეზე ნაკლებით ადრე, 5 თებერვალს, დაახლოებით გამთენიის 6 საათზე მოხდა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, არის თუ არა აღნიშნული 2 სროლა ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ორივე შემთხვევა ნარკობანდებს შორის არსებულ ტერიტორიულ დავას უკავშირდება.

„ბოლო 24 საათში ჩვენ სამი სროლა გვქონდა: 2 ანდერლეხტში [კლემანსოს მეტროსადგურთან] და ერთი სან-ჟოსე-ტენ-ნუდთან",- განაცხადა ერთ-ერთმა პროკურორმა.

ცნობისთვის, 5 თებერვალს ბრიუსელის მეტროს ორმა და ტრამვაის რამდენიმე ხაზმა მუშაობა რამდენიმე საათით შეწყვიტა, ვინაიდან პოლიცია 2 შეიარაღებულ ნიღბიან მამაკაცს ეძებდა, რომლებიც მომხდარ სროლაში იყვნენ ეჭვმიტანილნი.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერში მეტროსადგურის შესასვლელთან, სულ მცირე, ორი შეიარაღებული მამაკაცი ჩანს. ასევე, ჩანაწერში ჩანს ორმხრივი სროლაც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, კალაშნიკოვის ტიპის იარაღს ატარებენ. მათივე ინფორმაციით, სროლა შესაძლოა, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან იყოს დაკავშირებული.

ეჭვმიტანილებს პოლიცია ჯერ კიდევ ეძებს.