ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ წესზე მსჯელობს

ბრიუსელი

ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ წესზე მსჯელობს. დეკემბერში ქვეყნებზე მსჯელობა ინდივიდუალურად დაიწყება. ცვლილება შესაძლოა შეეხოს საქართველოსაც, როგორც ამას ევრო ბიუროკრატები ამბობენ. თბილისში ბრიუსელის ღირებულებით კრიზისსა და ანტიდემოკრატიულობაზე საუბრობენ.

„ჩვენ ოფიციალურად რაიმე გადაწყვეტილების მიღებას არ განვიხილავთ, მაგრამ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ, მაგრამ ვნახოთ, მხარს თუ დავუჭერთ“, - განაცხადა ხორვატიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ანდრეა მეტელკო-ზგომბიჩიმ.

„ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია, თქვენ ეკუთვნით ევროპულ ოჯახს, მაგრამ მთავრობამ უნდა იმოქმედოს საჭირო რეფორმებზე“, - განაცხადა შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ჯესიკა როზენკრანციმ.

„უკრაინა ატარებს რეფორმებს, ტექნიკური თვალსაზრისით ერთ ადგილზე არ ვართ, მივდივართ წინ. ამ დროისთვის საქართველომ, სამწუხაროდ, აირჩია არ წავიდეს ევროპულ გზაზე და დღითიდღე შორდებიან ევროპას“, - განაცხადა დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა მარია ბჟერემ.

„საფრანგეთი და სხვა ქვეყნები ქართველი ხალხის სწრაფვას წევრობისკენ მხარს უჭერენ, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენები ქვეყანას ევროკავშირთან აშორებს. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ სრულად შეცვალოს პოზიცია და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში ოპოზიციასთან. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებას, სხვაგვარად პროცესი გაყინული დარჩება“, - განაცხადა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ბენჟამინ ჰადადმა.