გიორგი შარაშიძე: სააკაშვილმა დანაშაული სადაც ჩაიდინა, სასჯელიც იქ უნდა მოიხადოს, ის პოლიტპატიმარი არ არის

გიორგი შარაშიძე

სააკაშვილს ამ ქვეყნის წინაშე ბევრი დანაშაული აქვს და პასუხი უნდა აგოს. სასურველია, დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ გასამართლდეს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

შარაშიძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „სააკაშვილის წამოყვანა ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია, მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, უკრაინაში თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით“.

„თუ უნდათ, დააბრუნონ უკრაინაში. „ოცნებამ“ სააკაშვილს იმდენი საქმე გააკეთებინა, რომ შეიძლება, დააბრუნოს კიდეც. უკრაინის ინტერესზე მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ინტერესი. სააკაშვილმა „ოცნებას“ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეუსრულა – სამი არჩევნებია, სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ფაქტორით იგებენ. საჭიროდ თუ ჩათვლის, არ გამოვრიცხავ, გადასცეს კიდეც. დანაშაული სადაც ჩაიდინა, სასჯელიც იქ უნდა მოიხადოს. სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ამ ქვეყნის წინაშე ბევრი დანაშაული აქვს და პასუხი უნდა აგოს. სასურველია, სააკაშვილი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ გასამართლდეს და ეს დროც მოვა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.