„საშინელება მოხდა...“ - ცნობილია ახალგაზრდის ვინაობა, რომელიც ხონში ავარიას ემსხვერპლა
1763381806
ქონების გადასახადის გადამხდელთათვის დღეს გადახდის ბოლო დღეა.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ელი ნოემბერია განსაზღვრული.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ორივე ეს თარიღი დაემთხვა შაბათს, ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეზე, შესაბამისად, უშუალოდ გადასახადის გადახდას მოქალაქეები წელს, დღევანდელი დღის ანუ 17 ნოემბრის ჩათვლით მოახერხებენ.
თუ პირს აქვს მიწის ნაკვეთი (გარდა იმ შემთხვევისა, რაზეც საშეღავათო პირობები ვრცელდება), და მისი ან/და ოჯახის შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, ქონების გადასახადის გადახდა მაინც მოუწევს.
რაც შეეხება ნებისმიერი სხვა ტიპის ქონებას (ბინა, მანქანა და ა.შ.), თუ პირის ან მისი ოჯახის წვერების წლიური შემოსავალი იყო 40 000 ლარზე მეტი, მხოლოდ ამ შემთხვევაში იხდის ქონების გადასახადს მსგავს ნივთებზე.
მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიწის დაბეგვრისას შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ:
2004 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. {შენიშვნა: გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წევრებისაგან (მეპაიეებისაგან) ამ ქონების შენატანის (პაის) სახით მიღების შემთხვევებშიც};
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზე მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის) და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად;
2011 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ცნობით;
ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში;
ნასოფლარის ტერიტორიაზე, აგრეთვე განსახლების სახელმწიფო ღონისძიებათა შესაბამისად დასახლებულ მოქალაქეთა ოჯახები ამ ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე – დასახლებიდან 5 წლის განმავლობაში;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებსაც შესაძლებლობა მეორე მსოფლიო ომის შედეგად შეეზღუდათ და მათთან გათანაბრებული პირები პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე;
საქართველოს რეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონება;
მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).
ამასთან, შემოსავლების სამსახურის ცნობით, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია ან დარიცხული აქვს გადასახადი და არ იცვლება მონაცემები.
რაც შეეხება სანქციას, იურისტის განმარტებით, ჯარიმებს აქვს 2 ნაწილი, ერთი არის დეკლარაციების წარუდგენლობაზე და მეორე - გადასახადის არ გადახდაზე. მაგალითად, თუ პირმა დეკლარაცია საერთოდ არ წარადგინა, გადასახდელ თანხასთან ერთად ემატება საურავი, ამ თანხის 5%-ის ოდენობით. თუმცა, თუ გადაცილება 2 თვეზე მეტია, მაშინ ამ თანხის 10%. მეორე ნაწილი, თუ გადასახადის გადახდის ვადად განსაზღვრულია 17 ნოემბერი, ყოველ დაგვიანებულ დღეზე ემატება დეკლარაციით გადასახდელი თანხის 0.05% (დამატებით).