ბრიტანეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ უმსხვილესი სანქციები დააწესა

ბრიტანეთის საგარეო უწყება

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ უმსხვილესი სანქციები დააწესა. ამის შესახებ საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

კერძოდ, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დააწესა 18 რუსული ნავთობტანკერისა და გათხევადებული აირის გადამზიდი ოთხი ტანკერის წინააღმდეგ.

„შავ სიაში“ მოხვედრილ ხომალდებს აეკრძალათ დიდი ბრიტანეთის პორტებში შესვლა, ისინი ვერ მიიღებენ წვდომას მსოფლიოს წამყვან ბრიტანულ საზღვაო მომსახურებაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ „ჩრდილოვან ფლოტს“ უწოდებენ ხომალდებს, რომლებიც გვერდს უვლიან რუსეთის ნავთობისთვის დაწესებულ სანქციებს. ამგვარად, იმ ნავთობტანკერების საერთო რაოდენობამ, რომლებსაც სანქციები აქვთ დაწესებული, 43 შეადგინა.

„ჩრდილოვანი ფლოტი“ მიისწრაფვის სანქციებისთვის ძირის გამოთხრისკენ და წარმოადგენს აშკარა და რეალურ საფრთხეს. ეს არის ეკოლოგიური რისკები, როგორიცაა ნავთობის ჩაღვრა უსაფრთხოების ძირითადი სტანდარტების უხეში დარღვევის შედეგად, ასევე მსოფლიო ვაჭრობის უსაფრთხოებისთვის არსებული რისკები“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ამგვარი სანქციები პუტინის ომის მანქანას მნიშვნელოვან შემოსავალს ართმევს. სამინისტროს ცნობით, ნავთობტანკერებმა, რომლებსაც სანქციები დაუწესეს, მხოლოდ გასულ წელს რუსეთს 4,9 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანეს.

ნავთობტანკერების გარდა, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა თხევადი აირის გადამზიდ ოთხ ტანკერსა და რუსული გაზის კომპანია „რუსგაზდობიჩას“.