დონალდ ტრამპს ვუთხარი, უკრაინას ან ექნება ბირთვული იარაღი, ან NATO-ში ვიქნებით - ვოლოდიმირ ზელენსკი

ბორის ჯონსონი - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან საუბრისას უკრაინის NATO-ში გაწევრიანების აუცილებლობა განიხილა, ასევე ახსენა, რომ კიევმა თავის დროზე ბირთვულ იარაღზე თქვა უარი.

ამის შესახებ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა ბუდაპეშტის მემორანდუმი და მას არაეფექტური შეთანხმება უწოდა, რომელმაც უკრაინის დაცვა ვერ უზრუნველყო.

„დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოდან ვინ დაზარალდა? ყველა? არა, ერთადერთი უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთადერთმა უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბარში მე მას ვუთხარი: „ჩვენთან ასე ხდება, რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ექნება ბირთვული იარაღი და ეს იქნება ჩვენთვის დაცვა ან უნდა გვქონდეს რაიმე ალიანსი. NATO-ს გარდა, დღეს ჩვენ ეფექტური ალიანსები არ ვიცით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, NATO-ს ქვეყნები დღეს არ არიან ომში, ამიტომ უკრაინა ირჩევს ნატო-ს და არა ბირთვულ იარაღს.

„მე ვთვლი, რომ დონალდ ტრამპმა მომისმინა. მან თქვა: „თქვენ სამართლიანი არგუმენტები გაქვთო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ თუ პარტნიორები არ დაუჭერენ მხარს უკრაინის „გამარჯვების გეგმას“, ეს იქნება დიდი შეცდომა და პრივილეგია რუსეთისთვის.