„ბლუმბერგი“: ესპანეთში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი ტრამპის ტარიფებზე საპასუხოდ ყველა ზომისთვის მზად უნდა იყოს

კარლოს კუერპოსი

ესპანეთში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი ტრამპის ტარიფებზე საპასუხოდ ყველა ზომისთვის მზად უნდა იყოს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

ესპანეთის ეკონომიკის მინისტრის, კარლოს კუერპოსის თქმით, ევროკავშირს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტარიფებზე საპასუხოდ.

„ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის, ღია ვართ ვაჭრობისთვის, მაგრამ არ ვიქნებით გულუბრყვილოები“,- განაცხადა კუერპოსმა.

ესპანეთის ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ტარიფებზე საპასუხოდ „სწორი გზა“ უნდა იპოვოს.

„პირველ რიგში, ეს არის გზავნილი იმის შესახებ, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ღია ვართ. ჩვენ გვსურს მოლაპარაკება, მაგრამ თუ ვერ შევძლებთ შეთანხმებას, ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი ინსტრუმენტები, რომლებიც, როგორც იცით, მოიცავს არა მხოლოდ ტარიფებს, არამედ ინსტრუმენტების უფრო ფართო სპექტრს, რომლებმაც შეიძლება მოიცვას სხვა ელემენტებიც და არა მხოლოდ საქონელი“, – აღნიშნა კუერპომ.

კუერპოს თქმით, ევროკავშირმა უნდა მისცეს მკაფიო სიგნალი მოქალაქეებს და კომპანიებს, რომ ევროკავშირი მათ დაიცავს.