აშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული 67 ადამიანის ცხედრიდან 66 უკვე ამოიცნეს

აშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული 67 ადამიანის ცხედრიდან 66 უკვე ამოიცნეს

აშშ-ში, ვაშინგტონში, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავისა და სამხედრო ვერტმფრენის შეჯახების შედეგად დაღუპული 67 ადამიანიდან, ექსპერტებმა 66-ის ამოცნობა უკვე შეძლეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ოფიციალური განცხადების თანახმად, 67-ვე ცხედარი მდინარე პოტომაკიდან ამოყვანილია. ამასთან, მდინარე პოტომაკიდან თვითმფრინავის ნარჩენების ამოსაღებად აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსი მუშაობას აგრძელებს. ოფიციალური პირების თქმით, ვერტმფრენის ნარჩენების ამოღება ოთხშაბათს იგეგმება.

ცნობისთვის, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს რონალდ რეიგანის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს შეეჯახა. თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ვერტმფრენში კი, 3 ჯარისკაცი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი ეშვებოდა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი და ვერტმფრენი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.