ანატოლი კაშპიროვსკის არაღიარებულმა შვილმა სასაფლაოზე მორიგეობაში ოთხი დღე და ღამე გაატარა, თუმცა დაკრძალვას მაინც ვერ დაესწრო

კაშპიროვსკი

ანატოლი კაშპიროვსკის შვილმა, ალექსეი ფუშტეიმ, რომელსაც კაშპიროვსკი მამად საჯაროდ არ უღიარებია, განაცხადა, რომ მისგან მამის დაკრძალვის თარიღი დამალეს. მამაკაცის თქმით, მან რამდენიმე დღის განმავლობაში სცადა გაერკვია, როდის დაკრძალავდნენ მამას უკრაინის ქალაქ ვინიცაში, თუმცა სასაფლაოზე მხოლოდ დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ მივიდა. მისი მონათხრობის თანახმად, სასაფლაოს ხელმძღვანელობასთან დაპირისპირების შემდეგ ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს.

ფუშტეის თქმით, მან სასაფლაოზე ოთხი დღე გაატარა. როგორც თავად ამტკიცებს, თანამშრომლები დაკრძალვის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდნენ, რადგან ხელმძღვანელობას მათთვის თითქოს მასთან საუბარი აეკრძალა. კაშპიროვსკის ქვრივი, გულიიზარა, მის ზარებსა და შეტყობინებებსაც არ პასუხობდა.

„ბოლოს ერთ-ერთმა ქალმა სავარაუდო სამარხის ადგილი მაჩვენა. მან მითხრა, რომ სანამ ვინიცაში ვიქნებოდი, მამას არ დაკრძალავდნენ. კონტაქტები გავცვალეთ და შევთანხმდით, რომ სამუშაოების დაწყებისას დამირეკავდა“, — განაცხადა ფუშტეიმ.

მისი თქმით, 12 ოქტომბრის დილით ის კვლავ მივიდა სასაფლაოზე, თუმცა იქ დაკრძალვისთვის მზადების კვალი ვერ შენიშნა. ამის შემდეგ კი კიევში დაბრუნდა.

მომდევნო დღეს მას ნაცნობმა დაურეკა და აცნობა, რომ საფლავი უკვე მზად იყო. ფუშტეიმ დაუყოვნებლივ შეიძინა უკან დასაბრუნებელი ბილეთი, მაგრამ ვინიცაში ჩასვლისას კაშპიროვსკი უკვე დაკრძალული დახვდა.

„ვერ ვხვდები, რატომ წამართვეს შესაძლებლობა, დროულად გამეგო საკუთარი მამის დაკრძალვის შესახებ“, — განაცხადა მან.

ფუშტეის თქმით, სასაფლაოზე ის ხელმძღვანელთან განმარტებების მისაღებად მივიდა. ალექსეის მტკიცებით, დირექტორმა უხეშად უპასუხა და ავტომობილის კარი დახურვა სცადა. ფუშტეიმ კარი შეაკავა და კითხვების დასმა განაგრძო, რის შემდეგაც სასაფლაოს თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. მამაკაცის თქმით, მან გადაწყვიტა, იქაურობას გასცლოდა, რათა კონფლიქტი აღარ გამწვავებულიყო.

მოგვიანებით ფუშტეიმ შეიტყო, რომ სასაფლაოს ხელმძღვანელობამ, სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ პოლიციაში განცხადება შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავად ალექსეი ფუშტეის მონათხრობს ეყრდნობა. სასაფლაოს ადმინისტრაციის პოზიცია და კონფლიქტის სხვა გარემოებები ამ დროისთვის უცნობია. 

✕