ამერიკაში ზელენსკის ფიგურა დაამზადეს

ზელენსკი

ნიუ-იორკში, ბრუკლინში მდებარე სადიზაინო კომპანია FCTRY-მ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით სათამაშო ფიგურა შექმნა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

FCTRY-მ დასაფინანსებლად პლატფორმა Kickstarter-ზე წინასწარი გაყიდვები დაიწყო, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმოებისთვის საჭირო თანხა, 30 000 დოლარი სულ რაღაც სამ საათში შეიკრიბა და მას შემდეგ მთლიანობაში 120 000 დოლარზე მეტი ოდენობა შეგროვდა. ყოველ გაყიდულ ფიგურაზე 1 დოლარი უკრაინელი ლტოლვილებისთვის დაიხარჯება. Kickstarter-ზე წინასწარი გაყიდვის კამპანია პარასკევს დასრულდა.

ზელენსკის ფიგურის 15 სმ-იანი თიხის პროტოტიპი სიეტლელმა მხატვარმა, მაიკ ლევიტმა შექმნა. პლასტმასში ფიგურის მასიური წარმოება ჩინეთში, სავარაუდოდ, მომავალი წლის მარტიდან დაიწყება. 

FCTRY-ის აღმასრულებელმა და კრეატიულმა დირექტორმა, ჯეისონ ფაინბერგმა Reuters-ს განუცხადა, რომ კომპანია უცხოელი ლიდერის ფიგურას პირველად აკეთებს.

„არ ვიცოდით, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა ჩვენს აუდიტორიას, თუმცა წინასწარი გაყიდვები სულ უფრო მატულობდა და ვიგრძენით, რომ არის დიდი ტალღა უკრაინის მხარდასაჭერად. ეს ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია მსოფლიოში, რაც მეტად გვახარებს. ჩვენ გვინდოდა, რაიმე გაგვეკეთებინა უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად,“- აცხადებს ჯეისონ ფაინბერგი.

მისი შეფასებით, „ზელენსკი ამ მომენტისთვის იდეალური ლიდერი და სუპერშთამაგონებელი პერსონაჟია. ამასთან, რეალური ძალის მიღმა, ის თავმდაბალია და ერთგვარად, ყველაფრის საპირისპირო ტიპს წარმოადგენს, რაც კი დღეს პოლიტიკას უკავშირდება.“

Reuters წერს, რომ „44 წლის ზელენსკი, ყოფილი კომიკოსი, ხელისუფლებაში სამი წლის წინ მოვიდა და პირობა დადო, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, სეპარატისტების წინააღმდეგ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ ომს დაასრულებდა.“

„ის გამჭრიახი კომუნიკატორია, რომელმაც გლობალური პოპულარობა დაუმორჩილებლობის გამო მოიპოვა, რაც თავის ქვეყანაში რუსეთის დამანგრეველი შეჭრის წინააღმდეგობაში გამოიხატება,“ - წერს სააგენტო.