50 Cent-მა ახალ ინტერვიუში Diddy-ს შესახებ ისაუბრა

50 Cent და დიდი

50 Cent-სა და შონ ქომბსს შორის ხანგრძლივი დაპირისპირების შესახებ საყოველთაოდ არის ცნობილი. გასულ დღეებში ქომბსის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ექვსი სამოქალაქო სარჩელი შევიდა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ბრალდებით. ყველა სარჩელი ერთსა და იმავე ბრალდებას შეიცავს: Bad Boy Records-ის ხელმძღვანელი სექსუალურად და ფიზიკურად ძალადობდა მსხვერპლებზე, რომელთა დიდი ნაწილის ვინაობა ჯერ კიდევ არ სახელდება. ქომბსი ბრალდებებს უარყოფს.

ჟურნალ People-ისათვის მიცემულ ინტერვიუში 50 Cent-მა Diddy-ს დაპატიმრების შესახებ ისაუბრა.

„მე უბრალოდ ვიმეორებ იმას, რასაც 10 წელია ვამბობ. ახლა ეს ყველაფერი უბრალოდ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა და მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა,“ – განაცხადა ჰიპ-ჰოპ არტისტმა. 50 Cent-მა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მსგავს წვეულებებზე არასდროს ყოფილა.

50 Cent-მა სექტემბერში დაადასტურა, რომ Netflix-ზე მისი დოკუმენტური ფილმი გამოვა.  დოკუმენტური ფილმი სავარაუდოდ მოგვითხრობს ბრალდებებზე, რომლებიც ეხება ქომბსის მხრიდან  სექსუალური ძალადობის ფაქტებს, რაც მრავალი წელია გრძელდება და, გამომძიებლების თქმით, ათწლეულებს ითვლის. „ეს არის ისტორია, რომელსაც ადამიანებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. ეს არის რთულად მოსაყოლი ამბავი, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდება,” – აღნიშნეს 50 Cent-მა და რეჟისორმა ალექსანდრია სტეპლტონმა ერთობლივ განცხადებაში. „ჩვენ მზად ვართ საზოგადოებას გავაგონოთ მათი ხმა, ვისაც ხმამაღლა საუბრის საშუალება არ ჰქონდა და საზოგადოებას ვაჩვენოთ ეს ამბები ნამდვილი და მრავალმხრივი პერსპექტივებით,“ – ამბობენ ჰიპ-ჰოპ არტისტი და რეჟისორი.

სექტემბერში 50 Cent-მა პოდკასტში ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი არ მონაწილეობდა ქომბსის სკანდალურ წვეულებებში. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ წვეულებებს უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა.

50 Cent სოციალურ ქსელში სისტემატურად აქვეყნებს სარკასტულ პოსტებს ქომბსის მისამართით. მან დოკუმენტური ფილმი თავდაპირველად დეკემბერში დააანონსა. ეს სიახლე მას შემდეგ გავრცელდა, რაც  ქომბსის მეგობარმა ქალმა, მომღერალმა კასანდრა ვენტურამ, სასამართლოში Diddy-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელიც მოიცავდა ათწლეულების განმავლობაში ქომბსის მხრიდან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ბრალდებებს. ქომბსმა უარყო ეს ბრალდებები და მალევე ორივე მხარემ შეთანხმების შესახებ განცხადება გაავრცელეს.

მიუხედავად იმისა, რომ Diddy-ს იურიდიული წარმომადგენლები ბოლო სარჩელებზე კომენტარს არ აკეთებენ, უწინდელი სარჩელები მათ კატეგორიულად უარყვეს.

54 წლის ქომბსის წინააღმდეგ კიდევ არაერთი  სარჩელია შეტანილი, რომლებიც სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას ეხება. სარჩელების მიხედვით, ზოგიერთი ფაქტი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მოხდა. სასამართლომ Diddy-ს გირაოს შუამდგომლობაც უარყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქომბსი, შესაძლოა, პატიმრობაში დარჩეს სასამართლო პროცესამდე, რომელიც 2025 წლის მაისში დაიწყება.