როდის გამოიდარებს და მოიმატებს ტემპერატურა - ნახეთ მეტეოროლოგის ახალი პროგნოზი

 ამინდი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის უახლეს პროგნოზს აქვეყნებს და წერს, რომ ხვალიდან დასავლეთ საქართველოში ნალექი შესუსტდება. მომდევნო დღეებში კი ტემპერატურა მოიმატებს.

„ბოლო დღეებში უამინდობის მორიგი მძიმე ეტაპის შემდეგ, ხვალიდან მაღალი წნევის სუსტი მაჩვენებელი ქვეყნის ბევრ რეგიონს მოიცავს, მაგრამ მნიშვნელოვანი სტაბილურობის კონტექსტს ვერ მოგვცემს. კონკრეტულად: 22 ოქტომბრის დღის საათებიდან, საქართველოში სტიქიური პროცესების განვითარების ალბათობა მოიხსნება, ნალექის ინტენსიურობა დაიკლებს, მაგრამ ზოგან მაინც შენარჩუნდება ღამისა და საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა, შესაბამისად მომდევნო სამი დღის განმავლობაში წვიმა დღის საათებში ნაკლებად დაგვასველებს და ტემპერატურაც დღისით შედარებით მოიმატებს.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა დასავლეთში გადაუღებლად წვიმს, სანაპირო კურორტებზე ზოგან თვიური ნალექის ჯამი მოვიდა 2 დღის განმავლობაში, ზოგან ასევე დაფიქსირდა (ქობულეთი, ფოთი) საშიში კატეგორიის ნალექი, რამაც განავითარა სტიქიური პროცესები“,- წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.