გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
რამდენიმე დღეა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წლების წინ დაწყებული კონფლიქტი ისევ გაღვივდა. შექმნილმა ვითარებამ ევროკავშირი და აშშ აღაშფოთა და ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდა.
აზერბაიჯანმა სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, რამდენიმე წერტილოვანი დარტყმა მიაყენა ყარაბაღში განთავსებული სომხური ძალების არტილერიასა და პირად შემადგენლობას, რის შემდეგაც, დაიკავა მცირე კავკასიის ქედში შემავალი ყარაბაღის ქედის რაიონში.
სომხური მხარის ინფორმაციით, 3 აგვისტოს, აზერბაიჯანის არმიის თავდასხმისას, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ნაღმმტყორცნები და უპილოტო საფრენი აპარატები, ორი სამხედრო დაიღუპა, დაიჭრა 19.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საჰაერო დარტყმით განადგურებულია „უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების“ სამხედრო ნაწილის ცოცხალი ძალა, რამდენიმე ჰაუბიცა, სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებები და საბრძოლო მასალები.
სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ბაქო ცდილობს სრულფასოვნად გამოიყენოს მსოფლიოში დღეისათვის შექმნილი ურთულესი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია და ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი ყარაბაღის პრობლემას - ბოლომდე აღადგინოს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. ამაზე ექსპერტები ჯერ კიდევ მაშინ ალაპარაკდნენ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი ახალდაწყებული იყო.
ექსპერტთან ნაწილი აღნიშნავს, რომ უკრაინის ომის ჭაობში ჩაფლულ კრემლს დღეს ყარაბაღის გარჩევებისთვის ნაკლებად სცხელა... სწორედ ეს მომენტი გამოიყენა ალიევმა და პუტინის ნებართვის გარეშე საკუთარი სურვილების განხორციელების გეგმა დასახა.
ამასობაში, თვითგადარჩენის მოქმედებაზე გადავიდა ირანი, რომელიც ესაზღვრება როგორც აზერბაიჯანსა და სომხეთს, ასევე მთიან ყარაბაღსაც.
სახელმწიფომ, რომელიც მოქმედებს პრინციპით: „ჩვენი მეზობლები - ჩვენი პრიორიტეტია“, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და საზღვართან სამხედროების მობილიზება გადაწყვიტა.
მსოფლიოში შექმნილი ურთულესი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, ბაქოს მიერ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად დაწყებულ მოქმედებებზე, რუსეთის დუმილზე და მეზობელი ქვეყნების რეაქციებზე უფრო ვრცლად „პრაიმთაიმს“ ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე ესაუბრა:
- რატომ გაღვივდა კონფლიქტი ახლა, ხომ არ თვლის აზერბაიჯანი, რომ რუსეთს ახლა არ სცალია და ეს ვითარება აზერბაიჯანს ყარაბაღის ტერიტორიაზე შესაძლო მოქმედებების არჩევანს გაუფართოებს?
- რასაკვირველია, აზერბაიჯანი თვლის, რომ რუსეთს ამ ეტაპზე მათთვის არ სცალია. ეს ნათელიც იყო და გარდა ამისა, მიუხედავად არაერთი შეთანხმებისა, აზერბაიჯანული მხარე თვლის, რომ სომხეთი არ ასრულებს ომის შემდეგ დათქმულ პირობებს. იგულისხმება, ცნობილი სახმელეთო კორიდორის გახსნა, აზერბაიჯანიდან ნახჩევანისკენ, შემდეგ კი თურქეთისკენ. გარდა ამისა, მუდმივად მიმართავს პროვოკაციებს შეხების ზოლებში. რთული სათქმელია, ახლა რამდენად მიმართავს სომხეთი პროვოკაციებს. თუ გლობალური თვალსაზრისით შევხედავთ, აშკარაა, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის სასურველია, რუსული გავლენები სამხრეთ კავკასიაში რაც შეიძლება შემცირდეს. რუსეთმა ეს უკვე დაუშვა ერთხელ, ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში, როდესაც 100 წლის წინ გასული თურქეთი სამხრეთ კავკასიურ სამხედრო კონფლიქტში დააბრუნა მისი შეცდომების შედეგად. ახლა უკვე სადაც იცრუა, იქ გაწყდეს პრინციპით იმოქმედებს თურქეთიც და აზერბაიჯანიც და მაქსიმალურად ცდილობს, რუსული გავლენები შეამციროს. რუსული გავლენების შემცირების ერთ-ერთი მთავარი ობიექტია - სომხეთი.
- როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია ორი მეზობლის კონფლიქტში?
- საქართველოს პოზიცია აბსოლუტურად გამართლებულია იმ თვალსაზრისით, რომ ის ცდილობს, სამშვიდობო პლატფორმა, საკუთარი ქვეყანა შესთავაზოს ორ დაპირისპირებულ მხარეს. საერთოდ, ცდილობს, რომ პოზიციონირება მოახდინოს როგორც მშვიდობის ერთ-ერთი ცენტი კავკასიაში, ეს სწორია. მეორე მხრივ, საჭიროა საქართველოს უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება ბევრად, ვიდრე არის დღეს. გამოწვევები, რომელიც რეგიონში ჩნდება და ნათელი მაგალითია ის, რაც ახლა ხდება ყარაბაღში, გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს რიგიც დადგება ადრე თუ გვიან.
- მივა თუ არა აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტი ომამდე, თქვენ რა პროგნოზი გაქვთ?
- აზერბაიჯანი უკმაყოფილოა იმით, რომ მან ყარაბაღის მთლიანად დაბრუნება ვერ მოახერხა. აქედან გამომდინარე, არავითარ შემთხვევაში შეურიგდება იმ ვითარებას, რომელიც დღეს არის - ის გამარჯვებულად თვლის თავს, მაგრამ გამარჯვებას წაართვეს, ასე ფიქრობენ ბაქოში. წაართვა, პირველ რიგში, რუსეთმა. ამიტომ მაქსიმალურად შეეცდება, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, ყველა მიზეზი იმისთვის, რომ თავის საბოლოო მზიანს მიაღწიოს, ანუ ყარბაღი მთლიანად დაიბრუნოს. მაშინაც ვამბობდი და დღესაც გავიმეორებ, ეს ომი დამთავრებული არ არის, რადგან გეოპოლიტიკური თვალსაზრისით გამარჯვებული ამ ომში არ არის, არიან წარმატებამიღწეული ქვეყნები: აზერბაიჯანი და თურქეთი. მაგრამ ეს წარმატება, საბოლოო გამარჯვებას არ ნიშნავს. საბოლოო გამარჯვებისთვის იბრძოლებს აზერბაიჯანი. რა ფორმით, იქნება ეს კონფლიქტი თუ მასშტაბური ომი, რთული სათქმელია. ვითარებიდან და გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან არის გამომდინარე.
- „რუსული მხარე დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდობის, მდგრადი განვითარების და აღორძინების ზონად გადაიქცეს“ - ესაა ძველი ციტატა ლავროვის განცხადებიდან, რა ინტერესებია ამ განცხადების მიღმა
- ლავრის განცხადების ლოგიკა მესმის, მაგრამ ერთი ფრაზა უნდა დაეყოლებინა: - „ყველაფერი უნდა მოხდეს რუსეთის ეგიდის ქვეშ“, აი ამას გულისხმობდა. გავიხსენოთ, ყარაბაღის ახალი, ბოლოდროინდელი კონფლიქტი რომ დაიწყო, არც მაშინ გაუკეთებია რუსეთს განცხადება, მოვლენების განვითარებას უყურებდა. მათთვის ცოტა მოულოდნელი იყო აზერბაიჯანის ეს აქტივობა და სომხეთის თავდაცვის ძალების სისუსტე. ახლაც, დარწმუნებული ვარ, ისინი მოვლენების განვითარებას ელოდებიან. თუმცა, ადგილზე რუსეთის სამშვიდობოების ხელმძღვანელობა, რასაკვირველია, ცდილობს ეს პროცესი შეაჩეროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალი ფრონტისთვის რუსეთს არ სცალია, ამიტომ შეეცდება, განცხადებებით შემოიფარგლოს.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა საზღვართან სამხედროები განათავსა და საზღვრებს ამაგრებს - ეს რას უნდა ნიშნავდეს?
- ირანის ხელისუფლება უაღრესად ეიფორიულ მდგომარეობაშია იმის გამო, რომ მათ ამ ბოლო თვეების განმავლობაში გარკვეული ფუნქცია შეიძინეს. ირანი სანქციების გამო ხომ პრაქტიკულად, მოწყვეტილი იყო დანარჩენ სამყაროს და კონფრონტაციის რეჟიმში იყო ისრაელთან. ეს იყო ლოკალური კონფრონტაცია, რითაც ირანის ხელისუფლება ერთობოდა. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს მხოლოდ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. რეგიონალური თვალსაზრისით, ძალიან აქტიურობდა როგორც ერაყში, შიიტებში, ისე ავღანელ შიიტებში. იქ ხაზარიელები ცხოვრობენ და მაქსიმალურად ეხმარებოდა. საეროდ, შიიტური სამყაროს მართვა ირანის პრეროგატივაა, ასე თავად დააწესეს. უცებ, გეოპოლიტიკური დატვირთვა გაუჩნდათ იმის გამო, რომ ევროპისთვის ირანის ენერგეტიკული სიმძლავრეები აუცილებელი გახდა და მეორეც, უცებ რუსეთს ირანისგან მოუნდა იარაღის შესყიდვა, იგულისხმება დრონები, რაც წარმოუდგენელი იყო ადრე, პლუს, ჩინეთთან და რუსეთთან სერიოზული ურთიერთობები დაამყარა. ახლა ფუნქციური დატვირთვა მიიღო. მეორე მხარეა ის, რომ ყოველთვის სომხეთს გულშემატკივრობდა. ამ ვითარებაში, რუსეთის მოკავშირედ ითვლება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ჯართა განლაგება მოსკოვთან შეთანხმებულია, რადგან მას ხელები აქვს დაბორკილი, ამიტომ შეიძლება ირანმა რეგიონში გამაფრთხილებლიწს, შემშინებლის, შემამკავებლის ფუნქცია აიღოს. თუმცა, ირანისთვის რუსეთის პოტენციალი, რასაკვირველია, შეუდარებელია, აქედან გამომდინარე, რამდენად სერიოზულად აღიქვამენ მხარეები ირანს, რთული სათქმელია. მით უმეტეს, რომ ირანი და თურქეთი ამ ბოლო დროს, შეეცადნენ, ურთიერთობები დაელაგებინათ. თუ ირანი აზერბაიჯანთან კონფრონტაციულ რეჟიმში შევა, ეს ნიშნავს, რომ მთელი ეს აწყობილი სისტემა, რაც ბოლო დღეებში ერდოღანთან ურთიერთობაში აეწყო, მთლიანად ჩამოიშლება.