ბაქო ყარაბაღში შესაძლებლობებს სინჯავს? - სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი გაღვივდა

azerbaijani somxeTis konfliqti

რუსეთ-უკრაინის ომი, გაბრაზებული ჩინეთის მუქარა ტაივანს და ახლა აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტი. ფაქტია მსოფლიოს ყველა კონტექსტში ცხელი ზაფხული დაუდგა და არავინ იცის როდის დასტაბილურდება პოლიტიკური ამინდი. 

ჯერ რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულებულა და მსოფლიო ლიდერებს ჩინეთისა და ტაივანის გამწვავებული კონფლიქტის აღმოსაფხვრელად ახალი თავსატეხი გაუჩნდათ, თუმცა არც ეს აღმოჩნდა საკმარისი და მოულოდნელად, ის ნაპერწკალი გაღვივდა, რომელიც თითქოს ომის ღადარში იყო მიმალული... და აი, შედეგიც. აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა კონტროლი დაამყარეს რამდენიმე სიმაღლეზე ყარაბაღის ქედის გასწვრივ.

მანამდე იყო ურთიერთბრალდებები: საქმე იმაშია, რომ  ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს მთიანი ყარაბაღის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში.

ვითარება პირველ აგვისტოს გამთენიისას დაიძაბა. სომხეთის მხარის განცხადებით, აზერბაიჯანის ქვედანაყოფებმა კონტაქტის ხაზის გადაკვეთა სცადეს ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ სასაზღვრო ზონის რამდენიმე მონაკვეთზე. 

სომხეთმა 3 აგვისტოს საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებისთვის მიმართა და მოუწოდა, შეჩერდეს აზერბაიჯანის "აგრესიული მოქმედებები".

სომხური მხარის ინფორმაციით, 3 აგვისტოს, აზერბაიჯანის არმიის თავდასხმისას, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ნაღმმტყორცნები და უპილოტო საფრენი აპარატები, ორი სამხედრო დაიღუპა, დაიჭრა 19.

 

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, კი 3 აგვისტოს, „უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით განთავსებულია რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი, 2020 წლის 10 ნოემბრის შეთანხმების უხეშად დარღვევით ჩაატარეს ტერორისტულ-დივერსიული ოპერაცია აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების წინააღმდეგ“.ორივე მხარემ ოფიციალურად განაცხადა რომ ძალადობას მსხვერპლი მოჰყვა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საჰაერო დარტყმით განადგურებულია „უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების“ სამხედრო ნაწილის ცოცხალი ძალა, რამდენიმე ჰაუბიცა, სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებები და საბრძოლო მასალები.

რეგიონში ძალადობის ახალ შემთხვევებზე განცხადება გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. უწყება ამტკიცებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზერბაიჯანმა დაარღვია, და რომ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი "ზომებს მიმართავს ვითარების სტაბილიზაციისთვის, აზერბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენლებთან ერთად".

ევროკავშირი აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

აუცილებელია დეესკალაცია, ცეცხლის შეწყვეტის სრული დაცვა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილებების მოსაძებნად.

ევროკავშირი რჩება ერთგული, დაეხმაროს დაძაბულობის დაძლევაში და განაგრძოს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, – აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებაში.

მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო ღრმად შეშფოთებულია ამერიკის შეერთებული შტატები.

ნედ პრაისი აცხადებს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალყურს ვითარებას.

„ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივი ნაბიჯებისკენ, დაძაბულობის შესამცირებლად და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად.

დაძაბულობის ბოლოდროინდელი ზრდა ხაზს უსვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ან გამოწვეული ყველა დარჩენილი საკითხის მოლაპარაკებების, ყოვლისმომცველი და მდგრადი მოგვარების აუცილებლობას“, – ვკითხულობთ ნედ პრაისის განცხადებაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აპრილში თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმება სომხეთისთვის "ბოლო შანსია" და თუ მასზე უარს იტყვიან, აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას ოფიციალურად არ აღიარებს.

ალიევის თქმით, მოლაპარაკებების პროცესი არ უნდა გაჭიანურდეს და საჭიროა კონკრეტული პროცესი ახლო მომავალში დაიწყოს.

„წამოვაყენეთ შეთავაზება, რომელიც ხუთი კონკრეტული პრინციპისგან შედგება და სომხეთმა ეს პრინციპები მიიღო... სწორედ ამ ხუთი პრინციპის საფუძველზე ვაპირებთ მოლაპარაკებების წარმოებას. ნახსენები პრინციპები მოიცავს სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასაც.

ილჰამ ალიევმა ისიც თქვა, რომ სამშვიდობო წინადადებების წარდგენით ბაქომ "კეთილი ნება და შორსმჭვრეტელობა გამოავლინა". მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თუ სომხეთი შეთანხმებაზე უარს იტყვის, აზერბაიჯანი მის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და ერევანს 2020 წლის ყარაბაღს ომის შედეგებით დაემუქრა.

ხუთპუნქტიანი შეთანხმება აზერბაიჯანმა სომხეთს მარტის შუა რიცხვებში გადასცა. სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ბრიუსელში, 6 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც მონაწილეობდა, შეთანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობასა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიის შექმნაზე.

 

რა მოხდა 2020 წელს - ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვებულები და დამარცხებულები

მთიან ყარაბაღში 90-იანი წლების შემდეგ მეორე ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო და დაახლოებით თვე-ნახევარს გაგრძელდა. რომელსაც მსოფლიო დღეს ყარაბაღის მეორე ომის სახელით იცნობს.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 44 დღიანი შეტაკებების შემდეგ, 10 ნოემბრის შუაღამისას ყარაბაღის მორიგი ომი დასრულდა.

რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის პირველი პირების მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, ცეცხლი შეწყდა, დღემდე აქტიურად განიხილება თუ ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა ყარაბაღის მეორე ომში. რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლაში მონაწილე მხარეებს, ცალსახაა, რომ ომში წაგებული სომხეთია. 

10 ნოემბრის შეთანხმება სომხეთისთვის, პრაქტიკულად კაპიტულაცია აღმოჩნდა. მან დაკარგა იმ ტერიტორიების უმეტესობა, რომლებსაც პირველი ომის (1990-1994) შემდგომ აკონტროლებდა.

გამარჯვებულებზე ლაპარაკი კი უფრო რთულია. ერთი შეხედვით ომში აზერბაიჯანმა გაიმარჯვა. მან კონტროლი 7 რაიონსა და ქალაქ შუშაზე აღადგინა.

თუმცა, 10 ნოემბრის შეთანხმებამდე ერთი დღით ადრე, აზერბაიჯანს შუშა უკვე დაკავებული ჰქონდა და სულ რამდენიმე კილომეტრი რჩებოდა სტეფანაკერტამდე. აზერბაიჯანის სამხედრო უპირატესობა ეჭვებს არავის უჩენდა. ომი გარკვეული პერიოდით შეიძლება გაგრძელებულიყო, მაგრამ აზერბაიჯანს უჩნდებოდა ისტორიული შანსი – მთიანი ყარაბაღი მთლიანად დაეკავებინა.

როგორც ვნახეთ, ეს არ მოხდა. შესაბამისად ჩნდება კითხვები: ვინ ან რამ გადააფიქრებინა ილჰამ ალიევს ამის გაკეთება ?! არსებობდა თუ არა აზერბაიჯანისთვის წინასწარ გავლებული ე.წ წითელი ხაზი ?! – ამ მომენტისთვის ეს გაურკვეველია…

ფაქტი კი ისაა, რომ სომხეთი კატასტროფას და ყარაბაღის სრულად დაკარგვას გადაურჩა. პუტინმა სომხეთი მიატოვა და შემდეგ გადაარჩინა.

ასეა თუ ისე, აზერბაიჯანი ყარაბაღის მეორე ომის უპირობო ტრიუმფატორია.

ამასთან, იმის გარდა, რომ აზერბაიჯანმა დაიბრუნა 7 რაიონი და ქალაქი შუშა, სომხეთის გავლით, თავის ექსკლავთან, ნახჭევანთან სატრანსპორტო კორიდორი მიიღო (ნახჭევანს პირდაპირი საზღვარი აქვს თურქეთთან), რომლის უსაფრთხოებასაც რუსული ძალები აკონტროლებენ.

ავტორი: ნანა ჩხაიძე