საგანგებო მდგომარეობა „მაიმუნის ყვავილის“ გამო - რა ვითარებაა საქართველოში და საზღვრებს გარეთ

maimunis yvavili

მსოფლიოში გავრცელებული ვირუსული ინფექცია მაიმუნის ყვავილი, ბოლო მონაცემებით, ვირუსისთვის არაენდემურ 30-მდე ქვეყანაშია დადასტურებული, მათ შორის საქართველოში.

დღეს, 5 აგვისტოს ცნობილი გახდა, აშშ-ში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

მანამდე, 23 ივლისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ჯანმოს დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, მსოფლიოს 75 ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ 16 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთ დადასტურებულ შემთხვევაზე მეტი არ გამოვლენილა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „მაიმუნის ყვავილის“ საგანგებო მდგომარეობად გამოცხადებას გამოეხმაურა:

„ეს ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში.

მაიმუნის ყვავილის ვირუსის ძირითადად ორი ვარიანტია გავრცელებული მსოფლიოში:

ცენტრალური აფრიკის (სიკვდილიანობა 10.6%) და დასავლეთ აფრიკული (სიკვდილიანობა 1-3.6%).

ევროპაში დადასტურდა დასავლეთ აფრიკული ვარიანტი. მაიმუნის ყვავილის ვირუსი ვაქცინა/წამალი არ არსებობს მაგრამ არსებული ვაქცინა და ის არის 85% ეფექტური მაიმუნის ყვავილის ვირუსი წინააღმდეგ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ მაიმუნის ყვავილისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება ამ ეტაპზე პაციენტთან მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტისგან თავის არიდებაა, რადგან ვირუსი გამონაყართან უშუალო შეხების გზით გადადის.

მისივე განმარტებით, საქართველოში სტაბილური ეპიდვითარების შემდეგ ახალი შემთხვევების მატება ფიქსირდება. ცერცვაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი BA.4 / BA.5 შტამები სწრაფად ვრცელდება და მარტივად გადამდებია. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ახალი შტამების წინააღმდეგ ბუსტერ დოზები ყველაზე ეფექტურია.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ საჭიროა მომავლისთვის საქართველოსაც ჰქონდეს ვაქცინების თავისი მარაგი და, საუკეთესო შემთხვევაში, ანტივირუსული პრეპარატების მარაგიც.

 

რა სიმპტომები აქვს მაიმუნის ყვავილს?


NCDC-ის ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილით დაინფიცირებისას კლინიკური გამოვლინება ყვავილის მსგავსია, თუმცა მიმდინარეობა ძირითადად მსუბუქია. ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21 დღემდეა, ძირითადად 7-14 დღის ფარგლებში ვლინდება გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით - შემცივნება, ცხელება, თავისა და კუნთების ტკივილი, სისუსტე და ლიმფური კვანძების შეშუპება.

სამი დღის შემდეგ იწყება გამონაყარი სახესა და სხეულზე, რომელიც შემდეგ იკეთებს მღვრიე ჩირქოვან შიგთავსს და ბოლოს ფუფხებს აყალიბებს, რომელიც საბოლოოდ სხეულიდან იქერცლება და შეიძლება ნაწიბურებიც დატოვოს.

 

როგორ შეიძლება გადაედოს მაიმუნის ყვავილი ერთი ადამიანიდან მეორეს?


ვირუსის გადადება ხდება ინფიცირებული ადამიანის კანთან უშუალო კონტაქტით, ბიოლოგიური სითხეების საშუალებით, ან დაინფიცირებულების ტანისამოსის, საერთო ჭურჭლის გამოყენების შემთხვევაში. თუმცა გადადების მასშტაბი და რისკი გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს, მაგალითად, კორონავირუსის შემთხვევაშია.

 

გადადის თუ არა მაიმუნის ყვავილი სქესობრივი კონტაქტით?


ჯერ უცნობია, გადადის თუ არა მაიმუნის ყვავილი სქესობრივი გზით (უშუალოდ სპერმით ან ვაგინალური სითხით), მაგრამ ვინაიდან გამონაყარი ზოგჯერ სასქესო ორგანოებზე და პირის ღრუშიც არის, ეს სავარაუდოდ, ხელს უწყობს ვირუსის გადაცემას სქესობრივი კონტაქტის დროს. ასევე, ცნობილია, რომ მაიმუნის ყვავილი გადაეცემა მჭიდრო ფიზიკური კონტაქტის გზით.

ამავე დროს, მაიმუნის ყვავილის რისკი არ შემოიფარგლება მხოლოდ სექსუალურად აქტიური ადამიანებით. ნებისმიერი, ვისაც ახლო ფიზიკური კონტაქტი აქვს ინფიცირებულ ადამიანთან, რისკის ქვეშ იმყოფება.

"მაიმუნის ყვავილის" გამონაყარი შეიძლება წააგავდეს ზოგიერთ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას, მათ შორის, ჰერპესსა და სიფილისს, რითაც შეიძლება აიხსნას, თუ რატომ ხდება ამ შემთხვევების დაგროვება სქესობრივი ჯანმრთელობის კლინიკებში.

მიზეზი, რის გამოც დაავადების გავრცელებისას მეტი ცნობები გაჩნდა ჰომოსექსუალ მამაკაცებში მაიმუნის ყვავილის შემთხვევების შესახებ, შეიძლება იყოს ამ დემოგრაფიულ ნაწილში ჯანმრთელობის პოზიტიური ქცევა, ანუ ისინი მეტად აქცევენ ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას.

"ჩვენ ვიცით, როგორ შევაჩეროთ ეს დაავადება და როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და სხვები. სტიგმა და დისკრიმინაცია არასოდეს არის კარგი და ეს არ არის კარგი ამ ეპიდემიასთან მიმართებაში. ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამაში", - ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

 

მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულებში აქამდე უცნობი სიმპტომები ვლინდება - რას ამბობენ ექიმები

 

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდია მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულებს აქამდე უცნობი, ახალი სიმპტომები უვლინდებათ. ვირუსით ინფიცირებულებს გენიტალურ ზონებში, ანუსსა და პირის ღრუში სერიოზული დაზიანებები აღენიშნებათ.

აქამდე მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულებისთვის შემდეგი სიმპტომები ახასიათებდათ:

მაღალი ტემპერატურა
თავის ტკივილი
კუნთების ტკივილი
ზურგის ტკივილი
შეშუპებული გლანდები
გამონაყარი
სისუსტე