„რუსი ოლიგარქების მშვიდი ნავსაყუდელი, სადაც ისინი თავს მშვენივრად გრძნობენ“

putini

ფრანგულ გაზეთი Le Monde აქვეყნებს სტატიას სათაურით: „თურქეთი - რუსების საყვარელი დასასვენებელი ადგილი“, რომელიც ძალიან საინტერესო, მხატვრული ფილმის კადრივით იწყება:

სტამბოლის ევროპულ ნაპირზე მდებარე უძრავი ქონების კომპანიის აგენტი მუსტაფა სიამოვნებისაგან ხელებს იფშვნეტს: „ბოლო დროს რუსი კლიენტები ძალიან მომიმრავლდა, მათ ევროპაში წასვლა ძველებურად თავისუფლად აღარ შეუძლიათ და ამიტომ ბევრმა თურქეთს მოაშურა. მე ყოველთვის ვეუბნები, რომ თქვენით ძალიან კმაყოფილი ვარ-მეთქი“... - ვკითხულობთ სტატიის დასაწყისში, რომლის ავტორი მარი ჟეგოა, რომელიც გაზეთის კორესპონდენტია სტამბოლში.

ვრცელ სტატიაში ვკითხულობთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან თურქეთმა სულ უფრო მეტი რუსი ინვესტორის მიზიდვა დაიწყო. დღეისათვის იმ უცხოელთა შორის, რომლებიც თურქეთში უძრავ ქონებას იძენენ, რუსებს პირველი ადგილი უკავიათ: სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით, თურქეთში საცხოვრებელი ფართობი რუსეთის ფედერაციის 5 ათასმა მოქალაქემ შეიძინა, თანაც 1275-მა - ივნისში.

რუსების ასეთი „ტალღა“ იმით აიხსნება, რომ თურქეთში ყოველ უცხოელს უფლება აქვს, უძრავი ქონება შეიძინოს ან ინვესტიცია ჩადოს 400 ათასი დოლარის ოდენობით, რისთვისაც, სურვილის შემთხვევაში, მას ქვეყნის მოქალაქეობა ენიჭება. ასეთი მარტივი მექანიზმის პირობები რუს ინვესტორებს საშუალებას აძლევთ, თავიანთი აქტივები სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთიდან თურქეთში გადაიტანონ, რომელიც მსოფლიო საფინანსო სიტემასთან არის მიერთებული. „ზოგიერთი რუსი ბიზნესმენი, პასპორტის მიღების მიზნით, თურქეთში კომპანიასაც ქმნის, რომ შემდეგ თავიანთ სამშობლოსთან - რუსეთთან ივაჭროს“, - ამბობს მუსტაფა სერი. 

თავისი დასავლელი პარტნიორებისაგან განსხვავებით, ანკარა მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება - ქვეყანა ძალიან არის დამოკიდებული რუსული ენერგორესურსების იმპორტზე. რუსეთ-თურქეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები გრძელდება, სრული დატვირთვით მუშაობს ორი გაზსადენი - "ცისფერი ნაკადი" და „თურქული ნაკადი“.

ავიაკომპანია Turkish Airlines თურქეთიდან რუსეთის ქალაქებში (და პირიქით) ყოველდღიურად ასობით რეგულარულ რეისს ასრულებს. თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირეთის პორტებში რუსი ოლიგარქების ძვირად ღირებულ იახტებს „მშვიდი ნავსაყუდელი“ აქვთ და „თავს მშვენივრად გრძნობენ“.

მატულობს კრემლთან ახლოს მდგომი ბიზნესმენების დაინტერესება თურქეთით, მისი მრეწველობით, საბანკო სისტემით და ლოჯისტიკით.

ანკარამ „ხორბლის დიპლომატიაში“ გაეროს შექება დაიმსახურა. თავის მხრივ, რეჯეფ ერდოღანის წარმატება მისმა რუსმა კოლეგამ - ვლადიმერ პუტინმაც აღნიშნა სოჭის შეხვედრის დროს. ანკარამ მზადყოფნა გამოხატა ვაჭრობის გაფართოების მიზნით, გაზის მიწოდების რუსული ვალუტით გადახდაზეც, რუსული საბანკო-საგადასახადო სისტემის „მირის“ ბარათებით სარგებლობაზეც... მიღწეული შეთანხმებები ნიშნავს, რომ რუსი ბიზნესმენების მდგომარეობა, სანქციების მოქმედების თვალსაზრისით, შემსუბუქებულია.

ანკარისა და მოსკოვის ურთიერთდაახლოება ორივე მხარეს აწყობს: რუსეთი, ასე თუ ისე, მაინც დაზარალდა დასავლური სანქციებით, თურქეთს კი მასშტაბური სავალუტო კრიზისი აქვს.

როგორც თურქული პრესა წერს, იზრდება თურქეთის ტვირთების ტრანზიტული გადაზიდვა რუსეთის მიმართულებით - „არა მარტო ზღვით, არამედ - ჰაერით და ხმელეთით, ავტო და სარკინიგზო ტრანსპორტით“. კონტეინერული გადაზიდვის მსხვილმა დასავლურმა კომპანიებმა რუსეთში ტვირთების მუშაობა შეწყვიტეს, მაგრამ ისინი თურქულმა კომპანიებმა ჩაანაცვლეს. ახლა კონტეინერები აზიიდან და ევროპიდან სტამბოლში, მერსინში ან იზმირში ჩააქვთ, იქიდან კი - რუსეთის ნოვოროსიისკის ნავსადგურში იგზავნებიან.


სავალუტო რეზერვების საკითხში რუსეთმა თურქეთს დიდი შეღავათი გაუწია - ატომური ენერგიის რუსულმა სახელმწიფო კორპორაციამ - "როსატომმა" თავის თურქულ ფილიალს, რომელიც მერსინთან ახლოს "აქუაიას" ატომურ ელექტროსადგურს აშენებს, მილიარდობით დოლარი გადაურიცხა. შვილობილი კომპანია, თავის მხრივ, ამ ფულს თურქეთის ცენტრალურ ბანკში შეიტანს: "როსატომის" დახმარებით თურქეთის სავალუტო რეზერვები ივლისში არსებული 98 მილიარდი დოლარიდან 108 მილიარდამდე გაიზარდა.

თუმცა, ანკარისათვის მოსკოვთან ფლირტის გაგრძელება საკმაოდ სარისკოა - თურქეთი შეიძლება "მეორადი სანქციების" ქვეშ მოჰყვეს. ამის შესახებ თავისი თურქი კოლეგა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ - უოლი ადეიმომ გააფრთხილა ანკარაში ვიზიტის დროს, ივნისში. ამის საფრთხე ნამდვილად არსებობს: "ფულის გარეცხვის" წინააღმდეგ მებრძოლმა არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციამ თურქეთი "ნაცრისფერი" ქვეყნების სიაში შეიყვანა.