პასუხის პასუხი წერილებზე - ფაქტები და შეფასებები

pasuxi werilebze

სამი დეპუტატის წერილის პირველმა ადრესატმა, ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა პასუხის მისაღებად ქართველი პოლიტიკოსები სამი კვირა ალოდინა. ამასობაში, პასუხგაუცემელ კითხვებზე საჯაროდ ალაპარაკდა წერილის მეორე ადრესატი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მმართველი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მთავარი ავტორიტეტული ფიგურაა. 

რომ არა 27 ივლისს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება, არავინ იცის, კიდევ როდემდე მოუწევდათ დამოუკიდებელ დეპუტატებს, პოლიტიკოსებს და საზოგადოების ნაწილს დეგნანის პასუხის მოსმენის ლოდინი. ამერიკის ელჩმა პასუხი არა სოციალურ ქსელში, არამედ მედიის საშუალებით გაავრცელა.

ფაქტი ასეთია: დეპუტატებმა მიზანს მიაღწიეს და დასმულ კითხვებზე პასუხები ორივე ადრესატისგან მიიღეს:

საჯაროდ დასმულ შეკითხვას ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ, სოციალურ ქსელში უპასუხა. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ამერიკის ელჩთან შეხვედრას ადასტურებს და ამბობს, რომ შეხვედრა კელი დეგნანის ინიციატივით გაიმართა.

რაზე იმსჯელეს მხარეებმა 3 საათის განმავლობაში? - ყოფილი პრემიერ-მინისტრი წერილში შეხვედრის შინაარსზე არაფერს წერს, თუმცა იმავე განცხადებაში ის რამდენჯერმე ახსენებს საფრთხეს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით.

ივანიშვილის შეფასებით, ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობა ისევ აქტუალურია, თუმცა რისკები განეიტრალებული. ის საზოგადოებას და ხელისუფლებას მოუწოდებს, იზრუნონ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა არ დაზიანდეს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი იქვე, პოლიტიკოსებს და საზოგადოებას მიმართავს, დაუტოვონ უფლება, საკუთარ პრობლემებს თავად მიხედოს.

„რაც შეეხება ჩემს პირად პრობლემას, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია, მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო“,- დაწერა ივანიშვილმა.

ივანიშვილის საჯარო განცხადების შემდეგ, კელი დეგნანმა დღეს თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად შეხვდა. თუმცა ხაზგასმით ამტკიცებს, რომ შეხვედრის თემა, საქართველოს ომში ჩართვა არ ყოფილა.

ელჩი ოპოზიციონერების იმ განცხადებებსაც ეხმიანება, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის მომხრენი არიან.

კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე საუბარი ყურადღების გადატანაა რეალურად შესასრულებელი სამუშაოდან.

„როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ჩვენ მათ საჯაროდ ვაცხადებთ. სახაზინო დეპარტამენტის ვებსაიტზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს. შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, გულწრფელად, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან. როგორც ბ-ნმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის“.

კელი დეგნანი შეეხო მმართველი პარტიის ლიდერების მოსაზრებას, რომ თუ საქართველო გახდებოდა უკრაინაში მიმდინარე ომის მონაწილე, ის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებდა.

„დასავლეთს არასოდეს უცდია „საქართველოს ომში ჩათრევა“. ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის. როგორც საქართველოს ლიდერებს თავიდანვე ვუთხარით, ჩვენ გვესმის საქართველოს მგრძნობიარე პოზიცია, გამომდინარე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის მიმართ საქართველოს საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით. ისინი, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ და ამით ცდილობენ საქართველოს დაყოფას მისი დემოკრატიული განვითარების კრიტიკულ მომენტში“, - განაცხადა დეგნანმა.

წერილის ერთ-ერთ ავტორს, სოზარ სუბარს კელი დეგნანთან კითხვები ისევ აქვს:

„ოცნებიდან“ წასული, დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო, რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რაც არ ეხებოდა ომს და არც სანქციებს.

„ჩვენ დღემდე არ გვაქვს მიღებული პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც იყო დასმული ჩვენს წერილში, მაგალითად, ჰქონდა თუ არა არაფორმალურ სანქციას ადგილი მოსამართლის მიმართ, როცა ის არ გაუშვეს ამერიკაში, ხომ არ დაიბარეს ის მართლა და ხომ არ ჰქონდა მის მიმართ კითხვების დასმას ადგილი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. არის არაერთი სხვა კითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით, მათზე არ არის პასუხები გაცემული და მათზე პასუხები, ჩემი აზრით, არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სუბარმა.

პარლამენტარი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ კულუარულ შეხვედრაზე ინფორმაცია მას „კულისებიდან“ ჰქონდა.

„ჩვენ ვართ აქტიურ პოლიტიკაში ჩართული, მით უმეტეს, ჩვენ მანამდე ვიყავით მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ინფორმაცია გვქონდა, ეს არ უნდა გიკვირდეთ. მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ კულუარული ინფორმაციები კულისებიდან“, - განაცხადა ხუნდაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, კარგი იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის საუბრის შინაარსზე მეტი განმარტება მოესმინა საზოგადოებას.

"სამწუხაროა, როცა უკრაინის ოფიციალური პირები პირდაპირ საუბრობენ, რომ კარგი იქნებოდა მეორე ფრონტი გახსნილიყო საქართველოში და საქართველო შეხიდებოდა უკრაინას მსხვერპლში, იგივეს საუბრობდნენ აქ პოლიტიკური და თითქოს სამოქალაქო აქტორები, თუმცა, ვიცით, რომ ისინი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, ასევე არაერთი საერთაშორისო აქტორიც საუბრობდა ამაზე თუნდაც, ბოლოს გავიხსენოთ, რომ იგივე თქვა აშშ- ის ევროპის კონტინგენტის ყოფილმა სარდალმა.

ცხადია, როცა ასეთი განცხადებები კეთდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ეს ლოგიკურად საჭიროებს ჩვენი ყურადღების გამახვილებას, რადგან ჩვენთვის უსაფრთხოების დაცვა უმთავრესი ამოცანაა. როცა არ ხდება მსგავსი განცხადებების ადეკვატური შეფასება, ეს ბადებს კითხვის ნიშნებს, ამიტომ ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა შინაარსზე აქცენტების გაკეთება,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას „თავხედობას“ უწოდებს.

„საოცარია, რომ კელი დეგნანს ყოფნის თავხედობა და გუშინდელი საბოლოო ლუსტრაციის შემდეგ, ისევ მენტორული ტონით გველაპარაკება და ჭკუას გვარიგებს! ფაქტების უარყოფაზე გადავიდა, კითხვებზე ვითომ ოსტატურად თავის არიდება დიპლომატიურობას არ ნიშნავს! რას გვეუბნება, რომ უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, ბიძინა ივანიშვილთან სამ საათიანი შეხვედრა, ფრინველების თბილ ქვეყნებში მიგრაციას შეეხებოდა?! გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფას გვაყენებს მთელ ერს, თავისივე ქვეყნის რეპუტაციას და ავტორიტეტს აზიანებს! ამ დროს, რა გულისამრევია ეს დამონებული, კოლონიალიზმით შეპყრობილი ოპოზიცია, რომელიც გუნდრუკს უკმევს გენერალ-გუბერნატორს! ანონიმკებს კი აღარ წერენ, პირდაპირ ემონებიან! ჩვენ დაგვინახეთ! ჩვენ, დედას მოვკლავთ, მამას მოვკლავთ თუ თქვენს სამსახურში აგვიყვანთ, ქვეყანასაც გავყიდით თვალის დაუხამხამებლადო! იყიდეთ ეს კიკუები, იყიდეთ ქალბატონ კელი და წაიყვანეთ ჩვენი ქვეყნიდან!“, - წერს შაქარიშვილი.