პოლიტიკოსების წერილები და პასუხები - ვინ, როგორ აფასებს პოლიტიკურ გზავნილებს

news

მას შემდეგ რაც „ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა (ყაველაშვილი, ხუნდაძე, სუბარი) ღიად და თავისუფლად გადაწყვიტეს ესაუბრათ ყველაფერზე, რასაც მმართველ გუნდში ვერ იტყოდნენ, ოფიციალური წერილით მიმართეს ამერიკის ელჩს კელი დეგნანს. უკვე დამოუკიდებელ დეპუტატებს საკმაოდ ბევრი კითხვა დაუგროვდათ, თუმცა პასუხი ადრესატისგან ვერ მიიღეს. ამის შემდეგ გამოაქვეყნეს ახალი წერილი, თუმცა ადრესატი შეცვალეს. ამჟამად, დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილს მიმართეს და სთხოვეს ეთქვა, შეხვდა თუ არა ის კელი დეგნანს უკრაინის ომის დაწყების შემდეგ...

საჯაროდ დასმულ შეკითხვას ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ უპასუხა. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ამერიკის ელჩთან შეხვედრას ადასტურებს და ამბობს, რომ შეხვედრა კელი დეგნანის ინიციატივით გაიმართა.

რაზე იმსჯელეს მხარეებმა 3 საათის განმავლობაში? - ყოფილი პრემიერ-მინისტრი წერილში შეხვედრის შინაარსზე არაფერს წერს, თუმცა იმავე განცხადებაში ის რამდენჯერმე ახსენებს საფრთხეს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით.

ივანიშვილის შეფასებით, ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობა ისევ აქტუალურია, თუმცა რისკები განეიტრალებული. ის საზოგადოებას და ხელისუფლებას მოუწოდებს, იზრუნონ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა არ დაზიანდეს.

ბიძინა ივანიშვილისგან კელი დეგნანთან შეხვედრის საჯარო დადასტურების შემდეგ,  "ქართული ოცნებიდან" წასულებმა თქვეს, რომ კონკრეტული პასუხი ამ საკითხზე უკვე მიიღეს.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც პირველმა ისაუბრა მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის შესაძლო შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილის წერილით "ლოგიკური ჯაჭვის შეკვრაზე" საუბრობს. 

„როცა მე კელი დეგნანს ეს შეკითხვა დავუსვი, აქ იყო საუბარი, ომის შემდეგ თუ იყო შეხვედრა და მოდი, სიმართლე ვთქვათ, ქალბატონი ელჩი პირდაპირ პასუხს გაექცა. ჩვენ სწორედ ეს გვაინტერესებდა იმიტომ, რომ როცა ვსაუბრობთ, რომ იყო ინფორმაციები, რომ კულუარებში ხდებოდა რაღაც შეხვედრები და მოთხოვნები - საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში და მეორე ფრონტის გახსნა, რა მოგივიდათ, მერამდენედ მიწევს ამის გამეორება, რაღაცა სხვა რამეზე კიარ ვსაუბრობ, ჩვენს თვალწინ ხდებოდა და კიდევ ერთხელ აღარ გამამეორებინოთ, ვინ რას იძახდა, ვინ რა მოწოდებებით გამოდიოდა, ვის რა სურდა. ეს ლოგიკური ჯაჭვი შეკრულია", - თქვა ყაველაშვილმა.

შეხვედრის კონკრეტულ შინაარსზე არაფერი უთქვამს, თუმცა წერილის შინაარსს სრულად იზიარებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძემ დღეს აქცენტი იმაზეც გააკეთა, რომ მმართველი გუნდისთვის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა პრიორიტეტია.

ბიძინა ივანიშვილის წერილის შინაარსს, ქვეყნის მომავლით ვაჭრობა უწოდეს "ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერებმა. ნიკა მელიასა და გიორგი გახარიას შეფასება დღეს ერთმანეთის მსგავსი იყო.

ოპოზიციაში გადასული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მმართველი პარტიის, რომლის ლიდერიც თავადაც იყო, დამფუძნებლის გავრცელებული განცხადების შინაარსს სამწუხაროს უწოდებს.

"სამწუხაროა ეს ყველაფერი. საკუთარ პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდეც მივედით და ასე იმსხვრევა მითები", - თქვა გახარიამ.

ოპოზიციამ წერილი ხელისუფლებაზე ივანიშვილის გავლენების დადასტურებად აღიქვა, თუმცა რატომ შეხვდა მმართველი პარტიის დამფუძნებელს ამერიკის ელჩი, ამაზე პოლიტიკურ პარტიებში კონკრეტული პასუხი არ აქვთ, ნაწილი შეხვედრის დადასტურებას კელი დეგნანისგანაც ითხოვს.

"არასერიოზულია მათი დამოკიდებულება" - ასე აფასებენ არაფორმალურ მმართველობაზე ოპონენტების განცხადებას "ქართულ ოცნებაში", სადაც მიაჩნიათ, რომ ასეთი შეფასება ზიანს ელჩის რეპუტაციას აყენებს. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის წერილიდან ოპოზიციამ პოლიტიკურად მიკერძოებული დასკვნები გამოიტანა.

ოპოზიციის ის ნაწილი კი, რომელიც დარწმუნებულია, რომ აუდიენცია ნამდვილად შედგა, ვარაუდობს, რომ ელჩსა და ივანიშვილს შორის საუბარი არა ომში ჩართვაზე, არამედ საფრთხის თავიდან არიდებაზე იქნებოდა. ხელისუფლების ზოგიერთი ოპონენტი იმასაც აცხადებს, რომ კელი დეგნანის ინიციატივით, ივანიშვილთან შეხვედრაში პრობლემას ვერ ხედავს.

„მოქალაქეების“ დეპუტატი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ივანიშვილი პასუხისმგებელი უნდა იყოს გადაწყვეტილებებზე, რომელიც მისი ჩართულობით მიიღება.

„{ივანიშვილი} ქალბატონ დეგნანს თუ სხვა ელჩებს უნდა შეხვდეს არა ისე, რაც მერე ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს, არამედ ცხადად, როგორც პოლიტიკური ფიგურა. ეს არის სწორი, რომ ადამიანი, რომელიც ჩართულია გადაწყვეტილებების მიღებაში, იყოს პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებზე. ყველა გარემოება ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ის ჩართულია,“ - განაცხადა იოსელიანმა.

სოზარ სუბარი ამბობს, რომ კითხვები ძალიან ბევრია და ეს კითხვები დასვეს ელჩის მისამართით.

„ძალიან უცნაური იყო კელი დეგნანის მიკიბულ-მოკიბული პასუხი, დიდი ხანია არ შევხვედრივარ, რაც პრაქტიკულად ნიშნავდა არ შევხვედრივარო. ამ პასუხს აურა გვერდი. ისიც ფაქტია, რომ როდესაც 3 საათიანი შეხვედრაა და ამ შეხვედრას ითხოვს ელჩი, ეს არ არის ის, რომ მომენატრე და ჩაი დავლიოთ ერთად. საუბარი უნდა ყოფილიყო ძალიან სერიოზულ თემებზე, მითუმეტეს, როდესაც ამ ყველაფერს ერთვოდა ისეთი მოვლენები, როგორიცაა მოწოდებები ომისკენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. როდესაც ამას თან ერთვოდა არაფორმალური სანქციების თემა ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამ ყველაფრის ფონზე, გასაგებია, რომ როდესაც შეხვედრა შედგა, ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში უნდა აიკინძოს და დარწმუნებული ვარ, თუ ომში ჩართვაზე არა, მინიმუმ იმაზე მაინც იქნებოდა საუბარი, რომ პოლიტიკაში დაბრუნებულიყო და რაღაც შეეცვალა იმ სამშვიდობო პოლიტიკაში, რასაც ატარებდა ხელისუფლება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

წერილმა რომ ბევრი კითხვა გააჩინა, ამას მმართველ გუნდშიც ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ გარკვეულ საკითხებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად, რომელიც დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის განცხადების კომენტირებას შეეხებოდა განაცხადა, რომ ის საკმაოდ დიდი ხანია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინიტრს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია და აკვირვებს რა მოტივაციით ხელმძღვანელობს დეპუტატი მსგავსი განცადების გაკეთებისას.

"როცა ამის შესახებ მკითხეს სამშაბათს, არ მქონდა წაკითხული კომენტარები. არ მიყვარს კომენტარის გაკეთება, როდესაც არ მესმის ფაქტები ზოგისგან განსხვავებით, ვისაც ინსინუაციებზე, სპეკულაციებსა და ჭორებზე დაყრდნობით კომენტარების კეთება მოსწონს, მაგრამ ახლა შემიძლია, ვთქვა, რომ მე არ შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია. საქართველოში ჩემი ყოფნის ბოლო ორწლინახევრის განმავლობაში ყველა შეხვედრისას მე მას ყოველთვის ვარწმუნებდი საქართველოს მოქალაქეებისადმი აშშ-ის სრულ მხარდაჭერასა და სურვილში საქართველოს მთავრობასთან მუშაობის შესახებ, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის. არც ერთი ამ შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონი ივანიშვილის დაშანტაჟება, რაც მარტივია, მე დიპლომატივარ და შესაბამისად, ამას შეუარცხყოფად არ მივიღებ, თუმცა მარტივად რომ ვთქვათ, ეს არ არის სიმართლე. მიკვირს ცოტა, რატომ აკეთებს ეს დეპუტატი ამ უსაფუძლო განცხადებას, ვინაიდან მე მას არ ვიცნობ და დარწმუნებული ვარ ის ჩემსა და ივანიშვილს შორის შემდგარ რომელიმე შეხვედრაში არ მონაწილეობდა. ასე რომ, მე ცოტა გაკვრივებული ვარ ამ განცხადებათან დაკავშირებით მისი მოტივაციით“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, წელიწადნახევრის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ საჯარო წერილი, დღეს მეორედ გამოაქვეყნა. ყოფილი პრემიერი წერს, რომ არ სურდა პოლიტიკურ პროცესებზე მის ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა, რაც საჯარო სივრციდან მისი დისტანცირების მიზეზი იყო, თუმცა ივანიშვილი ამბობს, რომ ამავდროულად, როგორც მოქალაქე და ქვეყნის გულშემატკივარი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს.