ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ გამოაცხადა, რომ თანამდებობიდან მიდის. მისი გადაწყვეტილება განაპირობა 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად, კონგრესის ქვედა პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელების მოსვლამ.
82 წლის ნენსი პელოსი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დემოკრატი პოლიტიკოსია, არ აპირებს ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატაში პარტიის ლიდერობა განაგრძოს. 17 ნოემბერს პელოსიმ განაცხადა, რომ დადგა დრო, დემოკრატების ფრაქციას ახალმა თაობამ უხელმძღვანელოს.
მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის წარმომადგენლის ცნობით, სპიკერის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მის რეზიდენციაში მიაყენეს.
თავდასხმის მოტივი ჯერ კიდევ უცნობია. სპიკერის ქმარი, პოლ პელოსი სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნენსი პელოსი თავდასხმისას რეზიდენციაში არ იმყოფებოდა.
პელოსის გავლენების წარმოჩენის კულმინაცია მისი ტაივანში ჩასვლა გახდა. ეს იყო პირველი ვიზიტი ბოლო 25 წლის განმავლობაში, როცა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანში ჩავიდა.
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ერთადერთი არ არის, ვისთვისაც ნენსი პელოსი დიდი თავისტკივილი გახდა. წარმომადგენელთა პალატის ლიდერმა ვლადიმერ პუტინს ღიად უწოდა ლაჩარი და აქტიურად ლობირებს, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების იდეას.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ დღეს, 3 აგვისტოს სიტყვით მიმართა ტაივანის პარლამენტს. პელოსიმ ტაივანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საზოგადოება უწოდა და ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ცაი ინვენს.
ნენსი პელოსი იქცა ასევე დონალდ ტრამპის “ღამის კოშმარად“. იგი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 52-ე და პირველი ქალი სპიკერია. იგი თავის საქმიანობას, ჯერ 2007-დან 2011 წლამდე ასრულებდა, შემდეგ კი ხელმეორედ, ამავე პოზიციაზე 2019 წელს დაინიშნა, რომელსაც ამ დრომდე იკავებს.
როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი – ნენსი „საპრეზიდენტო მემკვიდრეობის ხაზში“ მეორე ადგილს იკავებს. ანუ, თუ სახელმწიფოს პრეზიდენტს რაიმე შეემთხვა და იგი თავის მოვალეობას ვერ შეასრულებს, მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები, ჯერ ვიცე-პრეზიდენტს, თუ არადა, შემდეგ პალატის სპიკერს (ამ შემთხვევაში – ნენსი პელოსს) გადაეცემა.
ურთიერთობები 2019 წელს გამწვავდა. პელოსი სენატში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას იქამდე ისმენდა, სანამ დონალდ ტრამპი განაცხადებდა, რომ პოლიტიკოსებმა შურისძიებაზე უარი უნდა თქვან და თანამშრომლობა უნდა დაიწყონ. სწორედ, ამ დროს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ფეხზე წამოდგა და ცინიკური გამომეტყველებით პრეზიდენტს ტაში დაუკრა.
მომხდართან დაკავშირებით, სოციალური ქსელები „ტაშის ამსახველმა ვიდეო და ფოტომასალებმა მოიცვა.
2020 წლის 4 თებერვალს, სანამ პრეზიდენტი ტრამპი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ State of the Union-ზე სიტყვით გამოდიოდა, მან წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ხელი არ ჩამოართვა. საპასუხოდ, პელოსიმ სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ტრამპის მიმართვის ტექსტი დახია. ამის გამო, თეთრმა სახლმა ნენსი გააკრიტიკა, თუმცა სპიკერმა თავის Twitter-ზე, მაინც დაწერა – „დემოკრატები არასდროს შეწყვეტენ მეგობრობის ხელის გაწვდენას ხალხისათვის სამსახურის შესასრულებლად/მხარდასაჭერად.
ვიმუშავებთ სხვებთან, სადაც კი შეგვიძლია, მაგრამ ბოლომდე ვიდგებით იქ, სადაც არ შეგვეძლება“. 2020 წლის 24 სექტემბერს, პელოსიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა ტრამპის სიგიჟის შესახებ.
„არ მაინტერესებს, თუ რას უწოდებს ხალხს. მან იცის, რომ გიჟია. ეს აშკარაა. გულწრფელად ვამბობ, რომ მე მას ბევრ ყურადღებას არ ვაქცევ. ვფიქრობ, ეს მართლაც სამწუხარო მდგომარეობაა. მასზე არც ვფიქრობ, სიმართლე გითხრათ“ – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენეთა პალატის სპიკერმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ასე გამოეხმაურა:
„ჩვენ გვჯერა კანონის უზენაესობის. არც ერთი ადამიანი არ დგას კანონზე მაღლა, არც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, არც შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ.
პელოსმა მისი მეორე ვადის დროს დიდი როლი ითამაშა ბაიდენის ადმინისტრაციის მრავალი მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღებაში, მათ შორის ინფრასტრუქტურის ინვესტიციებსა და ამერიკის სამაშველო გეგმის აქტში.
ავტორი: ნანა ჩხაიძე