ჩინეთი ტაივანს კოლაფსით დაემუქრა - რა შედეგს მოიტანს პელოსის ვიზიტი

pelosi taivanSi

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ოფიციალური ვიზიტით ფარგლებში ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინ-ვენს შეხვდა. შეხვედრისას ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ აშშ ტაივანს არ მიატოვებს.

„ტაივანის მიმართ სოლიდარობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და დღეს ჩვენ ამ მესიჯით ჩამოვედით ტაიპეიში“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ტაივანი აშშ-ის სანდო პარტნიორია და აშშ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორებთან მუშაობას აგრძელებს.

„ჩვენი კონგრესის დელეგაციის ტაივანში ვიზიტი პატივს მიაგებს ამერიკის ურყევ პირობას მხარი დაუჭიროს ტაივანის დინამიკურ დემოკრატიას. ტაივანის 23 მილიონი მოსახლისადმი ამერიკის სოლიდარობა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს - როცა მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა" - დასძინა მან.

ეს არის პირველი ვიზიტი ბოლო 25 წლის განმავლობაში, როცა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანში ჩადის, რამაც შესაძლოა, ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბოს.

პროგნოზიც გამართლდა. პელოსის ვიზიტმა ჩინეთი გააღიზიანა და დაგმო პალატის სპიკერი ვიზიტი ტაივანში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ის სერიოზულ ზიანს აყენებს მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში, "მძიმე გავლენა აქვს ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების პოლიტიკურ საფუძველზე, და სერიოზულად ხელყოფს ჩინეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას". სამინისტროს განცხადებით, მან მძაფრი პროტესტი გამოხატა აშშ-ის წინაშე.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსი მიზანმიმართულ პროვოკაციაში დაადანაშაულა.

ვან ის თქმით, ამერიკის მთავრობას შეეძლო,​ პელოსი შეეჩერებინა, მაგრამ ასე არ მოიქცა, რამაც სერიოზულად დააზიანა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა.

ჩინეთმა, ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კუნძულთან ვაჭრობა ნაწილობრივ შეაჩეროს.

ჩინეთის მთავრობის თანახმად, აიკრძალა ტაივანისთვის სამშენებლო ქვიშის მიწოდება და კუნძულიდან ციტრუსების და ზოგიერთი სახეობის თევზის იმპორტი. ჩინეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ ტაივანის პროვოკაცია, უცხო ძალების მხარდაჭერით უზრუნველყოს ე.წ. დამოუკიდებლობა, დააჩქარებს კუნძულის დღევანდელი ხელმძღვანელობის კოლაფსს და რეგიონს დიდ კატასტროფას მოუტანს.

ტაივანის სრუტის თავზე სამშაბათს ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდა პელოსის ჩასვლამდე, და ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სახალხო გათავისუფლების არმია სამშაბათიდან კვირის ჩათვლით ტაივანთან ახლოს წვრთნებს ჩაატარებს.

ტაივანში პელოსის ჩასვლიდან მალე, Washington Post-მა გაავრცელა მისი წერილი, რომელშიც პელოსი ჩამოთვლის ვიზიტის მიზეზებს - აქებს ტაივანის ერთგულებას დემოკრატიული მმართველობისადმი და აკრიტიკებს ჩინეთს იმის გამო, რომ მან ტაივანთან ბოლო წლებში დრამატულად დაძაბა ურთიერთობა.

მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ სამშაბათს თქვა, რომ აშშ-ის ის პოლიტიკოსები, რომლებიც "ცეცხლს ეთამაშებიან" ტაივანის საკითხზე, "კარგად არ დაასრულებენ".

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ პელოსის ტაივანში ჩასვლის შემდეგ თქვა, რომ აშშ არ წამოეგება მუქარებს ჩინეთის მხრიდან. კირბის თქმით, ეს ვიზიტი არც სუვერენიტეტის რაიმე საკითხის დარღვევას წარმოადგენს და არც ამერიკის ხანგრძლივი "ერთი ჩინეთის" პოლიტიკისა.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიამ ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნები დაიწყოსკერძოდ, ჩინეთის არმია ტაივანის გარშემო მდებარე 6 ზონაში გამართავს სამხედრო წვრთნებს, მათ შორის ცეცხლის გამოყენებით. წვრთნები კვირამდე გაგრძელდება.

პელოსის ტაივანში ვიზიტს ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ვაშინგტონის მხრიდან მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ჩინეთი გააღიზიანოს

„ასეთი მოულოდნელი გაღიზიანების წარმოქმნისთვის, მე მიზეზს ვერ ვხედავ, რადგან კარგად ვიცი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის ეს რას ნიშნავს“, - განაცხადა ლავროვმა.

ტაივანის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, პრეზიდენტი ცაი ინვენი პელოსის ოთხშაბათს შეხვდება. სააგენტო "როიტერსი" ოთხ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ასევე დანიშნულია პელოსის შეხვედრები აქტივისტებთან, რომლებიც მწვავედ აკრიტიკებენ ჩინეთის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევას.

 

როდის მიიპყრო ტაივანმა მსოფლიო ყურადღება?

 

2020 წლის 16 სექტემბერს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საჰაერო ძალები ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შეიჭრნენ და შემდეგ უკან გაფრინდნენ.

იმავე დღეს, ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დააანონსა, რომ აშშ-ს ეკონომიკური საკითხების მინისტრის მოადგილე, კიტ კრაჩი, ტაივანს ეწვეოდა – ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ყველაზე მაღალი რანგის პირი იყო, რომელიც ტაივანს ოთხი ათწლეულის განმავლობაში ეწვია. მისი ვიზიტი ერთ-ერთი იყო, იმ ნაბიჯებიდან, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ტაივანის მხარდასაჭერადაა გადადგმული.

მანამდე, 2019 წლის ჰონგ-კონგის პროდემოკრატიულმა აქციებმა ტაივანზე დიდი გავლენა იქონია. 2020 წლის იანვარში ხელახლა გაიმარჯვა დემოკრატიულ-პროგრესული პარტიიდან, პეკინის არასასურველმა კანდიდატმა, ცაი ინგვენმა.

ჩინეთმა პანდემიის პერიოდი თავისი ეროვნული ინტერესების გატარებისთვის გამოიყენა და ჰონგ-კონგის ავტონომია ოფიციალურად დაასრულა. სწორედ ამ პერიოდიდან ტაივანი ყველაზე დიდი ჩინური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

ტაივანი დღეს ფართოდ არაღიარებული ქვეყანაა, რომელსაც პეკინი მის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ჩინეთის პრეზიდენტმა პარტიის მე-19 ეროვნულ კონგრესზე განაცხადა - "ჩვენ გვაქვს მტკიცე ნება, სრული თავდაჯერებულობა და საკმარისი შესაძლებლობა, რომ დავამარცხოთ ტაივანის დამოუკიდებლობის სეცესიის შეთქმულება. ჩვენ არცერთ პირს, ორგანიზაციას, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, არცერთ დროს, არანაირი ფორმით მივცემთ უფლებას, რომ ჩინეთისგან ჩინეთის ტერიტორიის ნებისმიერი ნაწილი გამოყოს".

დღეს ტაივანს აქვს თავისი მთავრობა, კონსტიტუცია, დროშა, ჰიმნი, არმია, საჰაერო და საზღვაო ძალები. ტაივანში პირდაპირი არჩევით ხელისუფლება მშვიდობიანად სამჯერ შეიცვალა. დღეს ტაივანში აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არსებობს. ყველაფერთან ერთად, ტაივანი ეკონომიკურად, ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებულია.