885 საბავშვო ბაღის და 500 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია - მთავრობის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომლისთვის 1.3 მილიარდი ლარი გამოიყოფა

საბავშვო ბაღი

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი განახლებული სახით პარლამენტს დაუბრუნდა. გაზრდილი ბიუჯეტის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სოციალური პროექტებია.

მაგალითად, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარის ნაცვლად, 200 ლარი გახდება. ორმაგდება კერძო სექტორში დასაქმებულთათვის დეკრეტული შვებულება და ის 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარი გახდება. 2023 წლიდან კი სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ.

ასევე, მომდევნო 2 წლის მანძილზე ტურიზმის განვითარების მიმართულებით, ეფექტური და მასშტაბური პროექტებია დაგეგმილი.

გარდა ამისა, მომდევნო წელს მასშტაბური, დევნილების ბინების მშენებლობის პროექტი განხორციელდება. საცხოვრებელი ფართები 7 ათასი ოჯახისთვისაა გათვალისწინებული.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა დახმარება, დევნილთა ბინებით უზრუნველყოფა, დასაქმების პროგრამა, შრომითი და დეკრეტული ანაზრაურება და განათლების რეფორმა ამ ეტაპზე ის მნიშვნელოვანი მიმართულებებია, რომელთა განხორციელებასაც მთავრობა ამავე წლიდან იწყებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი პროგრამა, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის და 500 სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

„კიდევ მინდა გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი. განათლების მიმართულებით ჩვენ, გახსოვთ, რომ 400 მილიონი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი. ამის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მაგრამ ჩვენ დამატებით კიდევ 150 მილიონ ლარზე მეტს მივმართავთ განათლების დაფინანსებაზე. მინდა, რომ გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე. იცით, რომ ბაღები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია ქვეყნის მასშტაბით. ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ, ჩემი დავალებით, დაამუშავა ეს საკითხი. გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა. ეს პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად და პირველ ეტაპს დავიწყებთ 2023 წლის 1 იანვრიდან.

ამ პროგრამის დაფინანსებაში მიიმართება 100 მილიონი ლარი. სულ, ჯამში, დაგვიჯდება 1,3 მილიარდი ლარი და სრულიად რეაბილიტირდება და აშენდება ახალი ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, 30 მილიონ ლარზე მეტი მიიმართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორი, დავით ტაბიძე ეხმიანება და განსახორციელებელი პროექტების შესახებ დამატებით დეტალებს განმარტავს.

მისი თქმით, 2030 წლისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღები იქნება.

„ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად არის ჩართული ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამაში და სარეაბილიტაციო ბაღების შერჩევის პროცესში. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

ახალი პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. პროგრამის დასრულების შემდეგ, 2030 წლისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღები გვექნება“, - განაცხადა ტაბიძემ.

მთავრობის მასშტაბურ პროექტზე, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ სკოლების კომპიუტერული ლაბორატორიებით აღჭურვის მიმართულებით ბიუჯეტის წილი 30 მილიონით გაიზრდება.

„ზრდა გვაქვს განათლების მიმართულებით, რომელიც 150 მილიონი ლარი იქნება. აქედან 100 მილიონის ოდენობით ზრდა გვექნება ახალი პროგრამის მიმართულებით. ეს არის ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია. მომდევნო წელს, ამ მიმართულებით დამატებით გამოიყოფა 100 მილიონი ლარი და ეს იქნება დიდი პროგრამის ნაწილი, რომელმაც მთელი საქართველოს მასშტაბით, ბაღებში ინფრასტრუქტურის მდგომარეობა უნდა მოაწესრიგოს. 30 მილიონ ლარზე მეტი მიემართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე. ეს არის დონორებთან ერთად განხორციელებული პროექტი, რომელშიც მონაწილეობს მსოფლიო ბანკი და ამ მიმართულებით ზრდა გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ნაწილში და ის სკოლები, რომლებიც იქნება რეაბილიტირებული, ამ 30 მილიონით მათი შესაბამისი ლაბორატორიებით აღჭურვა მოხდება“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იმ მასშტაბის აღმშენებლობა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რასაც ადგილი აქვს დღეს ჩვენს ქვეყანაში, არ ახსოვს. განვითარება და პროგრესი შეეხო ყველა მიმართულებას, გაზრდილი ბიუჯეტიდან კი სოციალური პროექტების დაფინანსებით, ხელფასების, პენსიებისა და დახმარებების ზრდით ქვეყანაში, ჩვენი მოქალაქეების სიღარიბის სტატისტიკური მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული, ისევე როგორც ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობის დონე, -ასე შეაფასა ბიუჯეტის დოკუმენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილმა ყურადღება რამდენიმე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე გაამახვილა, რომლებიც საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეცვლის უკეთესობისკენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

„2022 წელს, მხოლოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და შესაბამისი პროგრამების ფარგლებში, მიმდინარეობდა 5500-მდე პროექტი, სადაც დასაქმებული იყო 25 000-მდე ადამიანი და 1200-მდე კომპანია. მიმდინარეობდა 1100 კმ-მდე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება. 200-ზე მეტ ლოკაციაზე, ჯამში 3 მილიარდ ლარამდე ღირებულების, წყალმომარაგების და წყალარინების პროექტები განხორციელდა. მხოლოდ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, დასრულდა 42 სკოლის და 9 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ეს ინფრასტრუქტურული პროექტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ქვეყნის წარმატება და მისი მდგრადი ეკონომიკური განვითარება ის მოცემულობაა, რომელსაც მთელი საქართველო, სრულიად პოლიტიკური სპექტრი უნდა მიესალმებოდეს, აღიარებდეს, თანაუგრძნობდეს და მხარში ედგეს ქვეყნის ხელისუფლებას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურ წარმატებას აფასებს ეკონომისტი ოთარ ანგურიძე, რომელიც ამბობს, რომ როდესაც საუბარია ეკონომიკურ ზრდასა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ და ზოგიერთ შემთხვევაში ირიბად, სხვადასხვა პროექტების სახით პრაქტიკულად ყველა მოსახლეს შეეხება.

ეკონომისტი ხელისუფლების მიერ დაანონსებულ პროექტებს მისალმება და უპრეცედეტნტოდ აფასებს.

მისი თქმით, მიმდინარე წელს ასეთი მასშტაბური ფინანსური რესურსების მობილიზება იძლევა საშუალებას, რომ ერთი მხრივ მთავრობამ უარი თქვას დამატებით ვალის (710 მლნ ლარი) აღებისაგან და მეორე მხრივ, მოახდინოს არსებული ვალის შემცირება და დავიდეს მშპ-ს 40%-მდე. ხოლო, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი ნაცვლად 4,4%-ისა შემცირდეს 3,2%-მდე.

„როდესაც საუბარია ეკონომიკურ ზრდასა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ და ზოგიერთ შემთხვევაში ირიბად სხვადასხვა პროექტების სახით, პრაქტიკულად, ყველა მოსახლეს შეეხება. ყველაფერი იძლევა საშუალებას, რომ განხორციელდეს მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი სოციალური პროგრამები, მეტი ხელშეწყობა კერძო სექტორს და მეტი ახალი რეფორმა, რაც მისცემს ქვეყანას მომავალი წელი იყოს უფრო სტაბილური და მაღალ ზრდაზე ორიენტირებული“ - აღნიშნავს ოთარ ანგურიძე.