"ვღელავდი? უფრო მეტი… ბავშვივით მიფანცქალებდა გული. არ ვიცოდი, რით დამეწყო, ყელში მებჯინებოდა სათქმელი..." - რა შეაძლებინა გოგი ხარაბაძეს პატრიარქმა

ggi

17 აგვისტოს გოგი ხაბარაძე გარდაიცვალა, 81 წლის ასაკში; პირადმა ტრაგედიამ მოწყვიტა ყველაფერს და როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, შვილმკვდარი უფალს დაუახლოვდა... მგლოვიარეთათვის პატრიარქი აუწონავი ნუგეშისმცემელია; მსახიობი ხშირად სტუმრობდა მას და ერთ-ერთ ვიზიტზე, რომელსაც საქმიანი ეთქმოდა, ასეთი რამ მოჰყვა;

მანამდე გეტყვით, რომ გოგი ხარაბაძემ 14 წლის წინ „ბიბლიის“ პირველი სრული აუდიო ვერსია ჩაწერა, დაბადებიდან – აპოკალიფსის ჩათვლით. პატრიარქმა ორწლიანი ნაშრომი 2009 წლის 1 მაისს ჩაიბარა და მას "საუკუნის პროექტი" უწოდა. პროექტის პროდიუსერები მერაბ სანოძე, გიორგი ხარაბაძე (უმცროსი) და თამარ ცაგარეიშვილი გახლდნენ. ბუნებრივია, „ბიბლია“ პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და წინამძღვრობით ჩაიწერა. გოგი ხარაბაძე თითქმის ყოველ კვირა დადიოდა პატრიარქთან, ხშირად ესაუბრებოდა უწმინდესს, ლოცვა-კურთხევას იღებდა. მაქსიმალურად ემზადებოდა ამ პროექტისთვის. უზარმაზარი შრომა ჩადო, რომ მაღალ დონეზე შესრულებულიყო.

პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ თამარ ცაგარეიშვილს და გიორგი ხარაბაძეს, თეოლოგი გიორგი გვასალია მიამაგრა, რომ „ბიბლიაზე“ ემუშავათ. ტექსტზე მუშაობამ 11 თვე წაიღო.

თამარ ცაგარეიშვილი: – გოგი ხარაბაძემ, ადამიდან ქრისტეს აღდგომამდე, ყველა წინასწარმეტყველი და გმირი გააცოცხლა. ჩემთვის ეს დიდი პერფორმანსის ყურება იყო, მისი ჩაწერა - ჯადოსნური რამ. შაბათს "სანოს სტუდიაში" 12 საათზე შედიოდა და ჩაწერა გაუჩერებლად ორი-სამი საათი გრძელდებოდა. შედიოდა თანამედროვე ადამიანი და ჩაწერის დროს მისტიფიკაცია ხდებოდა. უცებ ძველ აღთქმაში ხვდებოდი…

ჭაბუა ამირეჯიბმა ამ პროექტს „ხმა მომავალში“ უწოდა. ისეთი სიღრმის ტექსტი და სათქმელია ამეტყველებული, რომ ყველა დროს გაუძლებს. ასე მგონია, ამის მომრევი ნაკლებად გამოჩნდება. ეს არ არის მსახიობის ჩაწერილი, ეს ღვაწლია. გოგი ხარაბაძის ენერგეტიკის, შემართების, ჟინის და ნიჭის ადამიანები – მოღვაწეობენ. 

აუდიო ვერსია 48 საათიანი ჩანაწერია. ორი წლის ნაშრომი ერთ პატარა ყუთში ჩაეტია. სულ 51 კომპაქტ-დისკია. ამ მოვლენას დაბრკოლებების გარეშე არ ჩაუვლია. 

გოგი ხარაბაძე: – როგორც ზვავი, ისე ჩამოწვა „აპოკალიფსი“. ჰო, ქვეშ მომიყოლა. საიდან არ მივუდექი. ძვრა ვერ ვუყავი.
კონსულტანტები ჰყავს ბიბლიის აუდიო-ვერსიას, განსწავლული, ღრმა ხალხი. იმათ მივაკითხე. დამამშვიდეს, არ შეშინდეთ, ბატონო გოგი, „გამოცხადება“ ყველაზე ამოუცნობი, მიუწვდომელი მასალააო.

მისი დასტური მჭირდებოდა. უცხოსავით ვიჯექი ოთახში, სადაც ხშირად მმასპინძლობს. ვღელავდი? უფრო მეტი… ბავშვივით მიფანცქალებდა გული. არ ვიცოდი, რით დამეწყო, ყელში მებჯინებოდა სათქმელი, თან თითქოს სიტყვები დამკარგვოდა და ჯიქურ გამომივიდა:

– უწმინდესო, „აპოკალიფსის“ ჩაწერას არ ვაპირებ.

– რათა? - მკითხა ჩვეული სიმშვიდით.

– ასჯერ მაინც წავიკითხე… მე არაფერი მესმის და სხვას რას გავაგებინებ…

– მამაო დავით, მოიტანეთ „ბიბლია“.

იქვე ჩამოვსხედით, სავარძლებზე.

– დაიწყეთ! – იყო ბრძანება.

როგორია?! აბა, დაუჯექით პირისპირ საქართველოს პატრიარქს, თანაც ასეთს და წაუკითხეთ „ბიბლია“.

„ხომ იცით, „აპოკალიფსი“ – გამოცხადებას ნიშნავს. ღმერთი თავის რჩეულ შვილებს უცხადებს საიდუმლოს, რომელიც მომავალს ეხება, ახლა დაიწყეთ…" – კიდევ გამიმეორა.

დავიწყე. ვკითხულობდი, მაჩერებდა, მიხსნიდა, შეფარვით მამხნევებდა კიდეც… “აი, ხომ ხედავთ, უკვე სხვანაირად კითხულობთ… განაგრძეთ”…

ფილადელფიის ეკლესიის ანგელოსს რომ მივადექით, პირჯვარი გადაიწერა და მითხრა: ეს საქართველოზეა, ხომ იცით? სამების ტაძარში საკურთხევლის კარზე, შიგნიდან არის ამოტვიფრული ეს მონაკვეთი, განაგრძეთ…
სული მეკუმშებოდა, ალბათ, ნეტარებისგან. ვფიქრობდი, სულ ნურაფერი გამოვა, პარტიარქს „ბიბლიას“ ხომ ვუკითხავ-მეთქი.

წინადადება-წინადადება ამიხსნა ყოველი თავი, შუაღამე გადასული იყო, რომ დავტოვე, ყურებში მისი ხმა ჩამესმოდა: „ღმერთი თავის რჩეულ შვილებს უცხადებს საიდუმლოს, რომელიც ძირითადად მომავალს ეხება…”

 

ასევე დაგაინტერესებთ:  „ძალიან მიყვარდა… საბედნიეროდ, ის ცოლიანი იყო… ისე ვიცხოვრე, როგორც მინდოდა“ - ზეიკო ბოცვაძე 79 წლის გახდებოდა

,,უდიდესი ტკივილია, საქართველოს სახალხო არტისტის, გოგი ხარაბაძის გარდაცვალება" - რუსთაველის თეატრი

"ასეთი რამეები არ მიყვარს. მეუხერხულება, არ ვიცი, რა გამოვა, თუმცა მიმართლებს" - რა სიახლეა ნანი ბრეგვაძესთან