„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
მახსოვს, ერთხელ პატრიარქმა მსგავსი რამ თქვა, ყველამ უნდა ხატოთ, ადამიანისთვის ეს დიდი სულიერი თერაპიააო. არ შემიძლია, ვერ დავხატავ, აქ მეასე ხარისხოვანია. ამგვარი განტვირთვა და შემოქმედთან არსით მიახლოება, გვჭირდება. ჰო, გადატვირთვა გვჭირდება, მოყვასნო, თორემ რემბრანდტ-ვან გოგობას, ცხადია, ყველა ვერ შევძლებთ.
ამერიკელმა Anna Mary Robertson Moses-მა ხატვა 76 წლის ასაკში დაიწყო და ამერიკის ყველაზე ცნობილი პრიმიტივისტი მხატვარი გახდა. მისი ერთ-ერთი პირველი ნახატი, "ძველი ლაქებიანი სახლი", რომელიც 110 დოლარად შეიძინეს, 2004 წელს, მემფისის აუქციონზე 60,000 დოლარად გაიყიდა. ბებია მოსესმა 101 წლამდე იცოცხლა, ფუნჯი ბოლო დღემდე ყოჩაღად ეჭირა და 1600-ზე მეტი ნახატი დატოვა... "ცხოვრება არის ის, რასაც ჩვენ ვქმნით მისგან" - იყო მისი სიტყვები.
ბექა ხუცურაულმა ხატვა 28 წლის ასაკში დაიწყო. ამბობს, რომ ფერწერისკენ, მოსაბეზრებელმა სამსახურეობრივმა რუტინამ "უბიძგა". ამ შემთხვევაში გარემომაც "იმუშავა". ბექას ცოლის დეიდა ცნობილი მხატვარი - ცისანა მარინდაშვილი გახლდათ; ფერწერის, გრაფიკის, ბატიკისა და გობელენის შეუდარებელი ოსტატი. მისი გობელენები ამშვენებს იუნესკოსა და გაეროს დარბაზებს, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებსა და კერძო კოლექციებს. სიდედრი, ნუნუ მარინდაშვილი პროფესიონალი მქარგველია, მეუღლე - ირინა ნოზაძე კი, მინანქარზე მუშაობს... ამდენად, სხვა გზა არ იყო, ხელში ფუნჯი უნდა აეღო...
იმ დროს ბანკში მუშაობდა. გვიან საღამოს სახლში დაბრუნებული, სხვადასხვა საქმეს რომ მოილევდა, ჩადიოდა სარდაფში და თავს ხატვას ასწავლიდა. ერთია, როდესაც სხვა გასწავლის და ზარმაცობ, რაღაც მიზეზებს იგონებ, ამიტომ, იმიტომ... მაგრამ მეორეა, როდესაც საკუთარი თავია მასწავლებელიც და მოსწავლეც. ორ როლს ხომ უნდა გაძლება?! დიდი ნებისყოფაა საჭირო ამ დატვირთვას რომ გაუძლო. ახალგაზრდა თელაველ კაცს ეს ნებისყოფა აღმოაჩნდა.
ბექა ხუცურაული: მქონდა განცდა, რომ რუტინამ დამაკონსერვა, საკუთარ თავს ვერ ვხედავდი. ბანკში მუშაობა ცუდი არ იყო. ერთ-ერთ სერვის ცენტრში საკრედიტო ჯგუფის უფროსი გახლდით, მქონდა კომფორტი, მაგრამ მაკლდა ის, რომ შემოქმედებითად ვერ ვიხარჯებოდი.
მე ვამტკიცებ, რომ ყველა ადამიანი შემოქმედია, ყველას აქვს ბოძებული სხვადასხვა ნიჭები. ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად. და რახან ღმერთი შემოქმედია, ჩვენ კი მისი მსგავსნი, ჩვენც შემოქმედნი ვართ. ამიტომ შემოქმედებითად უნდა დავიხარჯოთ. ვიღაც ლექსს წერს, ვიღაც ხატავს, ვიღაც პოეზიის კითხვაში იხარჯება და იქ ხედავს თავს, ან მუსიკას წერს... ასეთ დროს ეიფორიაში მოდიხარ, ენთები და შენგან მუხტი მოდის. კარგია, თუ ეს მუხტი შემოქმედებითი კუთხით იხარჯება და ხელახლა ივსება.
***
ხატვა ძალიან მინდოდა. თავიდან დიდი იმედგაცრუება მქონდა. მაგრამ სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ საკუთარ თავს დავუსვი საკითხი, როგორ შეიძლება ვერ ვხატო-მეთქი? ჩემთვის დაბრკოლება არ არსებობს, თუკი რაიმე მომიწადინებია და ძალიან მომინდომებია, გამიკეთებია. შეუძლებელი არაფერია, უნდა გინდოდეს. სადილსაც ვამზადებ და რომ მოვინდომო, მეტლახის დაგებასაც ვისწავლი.
2008 წლიდან ვხატავ. თუ საწყის ეტაპზე მონახაზს გავაკეთებდი და უკვე მომწონდა, დღეს უკვე ვცდილობ, მეტი ტექნიკური შესაძლებლობა ჩავდო. ვცდილობ უფრო აკადემიურად, მეტი სიღრმეებით ვხატო. ჩემით ვცდილობ ვისწავლო, აღმოვაჩინო და მივაღწიო სასურველ შედეგს. ხატვა რომ სხვას ესწავლებინა, შეიძლება ორ წელში დამენებებინა თავი.
***
ბექას და ირინას ორი შვილი, 16 წლის ნიკოლოზი და 11 წლის ნინუცა ჰყავთ. ხატვის ნიჭი რომ აქვთ, არავის აკვირვებს... მამით ამაყობენ. მართალია, თელავის მუზეუმში დაცული მამის ნახატები, ნინუცას ზომაში "ეპატარავება" და სურს, იქ უფრო დიდი ტილოები იხილოს, მაგრამ ამის დროც მოვა...
წყვილმა კი თელავში გაიცნო ერთმანეთი. იმ დროს ბექა კულტურის სამსახურში მუშაობდა და ფოლკლორის ფესტივალმა შეახვედრათ.
"თავისი ფეხით ჩამომაკითხა თელავში. დეიდას ეხმარებოდა გამოფენაზე... მერე უკვე, მე ვცდილობდი, რომ იქ ვყოფილიყავი, სადაც შეიძლებოდა ირინა ყოფილიყო. თბილისში საბანკო სფეროში სტაჟირებას რომ ვასრულებდი, ვიფიქრე, ზაფხულია, ირინა წაღვერში მიდის და ორი-სამი თვე ვერ ვნახავ-მეთქი. შესვენებაზე ოქრომჭედელთან წავედი, თავზე დადგომით დავამზადებინე ქორწინების ბეჭედი, ვიყიდე თაიგული და დავნიშნე! თელავიდან მშობლები მირეკავდნენ, ასე რატომ მოიქეცი, ხომ შეიძლებოდა წესისა და ადათის მიხედვით მოქცეულიყავიო. მე არ მიყვარს დაგეგმილი ამბები. ეს ნიშნობა სპონტანური და დასამახსოვრებელი გამოვიდა, დღესაც კი არავის ავიწყდება.
ერთ წელიწადში უკვე ქორწილი გვქონდა" - უყვება "პრაიმტაიმს" მხატვარი.
***
იყო სხვადასხვა სამსახურები - ბანკი, სარეკლამო კომპანია, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ტურისტული კომპანია, ტელევიზია. თუმცა უკვე 16 წელია, პარალელურად არის მხატვრობა, საქმე, რომელმაც ახლიდან დაბადა და საზოგადოებას ამ კუთხით გააცნო ბექა ხუცურაული.
ნეგატივით გადავსებულ სამყაროში, ადამიანს რაც ყველაზე მეტად "ხვდება" გულსა და თვალში, ეს ნიჭიერებაა. ვიცით, ვარდებს ეკლებიც მოჰყვება, ადამიანს კი - შური. არც უამისობაა, როცა მხატვრის შეფასებაზე მიდგება ხოლმე ჯერი. თუმცა როცა "წაკბენას" დაუპირებენ, ბექა იუმორით ხვდება...
ბექა ხუცურაული: ხატვა რომ დავიწყე, ჩემი ერთ-ერთი სურვილი და ამოცანა იყო დიდი მხატვრის, მერაბ აბრამიშვილის სტილის გაგება შემძლებოდა, როგორ, რა ტექნიკით მუშაობდა. ბევრი რამ წავიკითხე ლევკასზე, ტემპერაზე, გრუნტის მომზადებაზე. ხელით იზილება მასალა, რომელზედაც ნამუშევარი უნდა დასვა. როგორც კულინარის ხელზეა მისი პროფესიონალზმი დამოკიდებული, ისეა ამ შემთხვევაშიც. არ ვამბობ, რომ მაღალ პროფესიონალურ დონეს მივაღწიე, მაგრამ მეუბნებიან, რომ ბევრმა სცადა, თუმცა ასე ვერ გამოსდით... ეს მახარებს.
ჩემი მიზანი არ არის აბრამიშვილის სტილში ვხატო. მთავარია, მისი ტექნიკა მივიყვანო იმ საფეხურამდე, სადამდეც მსურს რომ მივიდე. ახლაც უკვე ვურევ ჩემს იდეებს, ჩემს სტილს. სპილო დავხატე, რომელიც ირინამ დაისაკუთრა მაშინვე, არ გაყიდოო. როცა ამ ტექნიკასთან უფრო გავშინაურდები, უკვე ჩემს მიმართულებაზეც გადავალ.
ბევრი ჭკუის დამრიგებელი გამოხტება ხოლმე - ეს აბრამიშვილია. ვამბობ, ინსპირაცია ის არის, მაგრამ მე როგორ უნდა გავთავხედდე და ვთქვა, მერაბ აბრამიშვილის ასლებს ვხატავ-მეთქი. მისგან დავხატე და ეს თვალსაჩინოდ ჩანს. ავაზა აბრამიშვილისაა და მსგავსი დავხატე. მეუხერხულება ვთქვა, ამხელა გენიოსი მხატვრის ნახატიდან რაღაც დავხატე და ვთქვა, რომ მისი კოპიოა. ეს არის მისი სტილი და მისი ნამუშევრების ინსპირაციით ვხატავ. მანაც საავტორო სტილი შექმნა, მაგრამ საიდანღაც ისარგებლა კიდეც. მე თუ ასეთი გენიოსი მხატვრის ინსპირაციით საკუთარს ვქმნი და აბრამიშვილი ჰგონიათ, ეს უკვე ჩემთვის ზეიმი და გამარჯვებაა.
საკუთარი ნახატის ასლს ვერ მოახერხებ რომ გადახატო, შეუძლებელია. ნახატი გაყიდულა და მსგავსი მოუთხოვიათ. მე ვეუბნები, მსგავს თემატიკას დავხატავ, მაგრამ ზუსტი ასლი ვერ იქნება-მეთქი. სპონტანურად აზავებ ფერებს, სხვა განწყობა გაქვს. ზუსტი დოზირებით ხომ არ ვურევ ფერებს, ნამცხვარი ხომ არ არის?! რეცეპტი ხომ არ მაქვს?!
არავის კომენტარი არ მაღიზიანებს. სოციალურ ქსელში ნეგატიური კომენტარი არც მახსენდება. საერთოდ ვცდილობ იუმორში გავატარო, როცა ვხედავ ინტრიგას ეძებენ და სხვაგან მიჰყავთ საუბარი. რაც უნდოდა ეთქვა, მე იუმორში ვეუბნები და ამ გზით ბევრი დამიახლოვებია. მერე ჩემი შემოქმედების მიმართ ლოიალურიც გამხდარან.
ფერწერაში მე მაქვს ჩემი ხელწერა, მაქვს ჩემი ფერები და ამას ყველა ხედავს. მახარებს, როდესაც ამბობენ, გვარიც რომ არ ეწეროს ვიცით, რომ შენიაო.
***
ბექას წაღვერში აგარაკზე ვესტუმრეთ და გამოტყდა, რომ გარდა იმისა, რომ იქაურობისგან მიღებული მუხტი, მერე მთელი წელი ასაზრდოებს, ამ კურორტის პოპულარიზაციასაც ეწევა.
ბექა: დღე არ გავა არ დავხატო, არ შემიძლია. ფიზიკურად ვერ ვარ კარგად, მაწუხებს, თუ არ ვხატე. წაღვერში, სიცხეშიც კი, ეზოში ვიდექი და ვხატავდი, ვერ შევეშვი.
წაღვერში ყოფნა მიყვარს, დავდივარ პირდაღებული, ვათვალიერებ. აქვე, წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის გვერდით სალათისფერი სახლია, მომინდა და დავხატე. აქაურებმა ნახატით ვერ იცნეს, სად არის ეს სახლი. ხშირად არ აქვთ შემჩნეული, სად როგორი სახლი დგას. ნახატებით პატარ-პატარა ისტორიებს ვაგროვებ. ვცდილობ, აქ ის ადამიანები მოვიწვიო, რომლებსაც საზოგადოებაში თავისი სახელი აქვთ. რომ მოვიხელთებ აქ არიან, ვეპატიჟები. ასე ვეწევი წაღვერის პოპულარიზაციას.
წაღვერიდან ვცდილობთ გვიან, სექტემბრის დასაწყისში წავიდეთ. აქაურობა იცლება, სრული სიმშვიდეა. მზე რომ ჩადის, შუქი ეზოში შემოდის, ფოთლებს გაივლის. ამ ეზოში ყოფნა საოცრად შემოქმედებითია. ამ ყველაფრის შემხვედვარე ან დახატავ, ან ლექსს დაწერ ან მუსიკას. აბა, რას იზამ? მერე, აქაური განწყობა, მთელი წელი მიმყვება. ზღვაზეც რომ ვარ, იქაური დაისიც ვიღაცისთვის ჩვეულებრივი მზის ჩასვლაა, ჩემთვის კი, მთელი წლის სამყოფი ენერგია.
***
ბუნება მიყვარს. ბუნებაში ყოფნა ჩემთვის ყველაფერია. თელავიდან თბილისში რომ წავედი, მერე დავინახე თელავის სილამაზე. კავკასიონს ფანჯრიდან ყოველდღე ვუყურებდი, ვეფერებოდი და სულ ზეპირად ვიცოდი, რომელ თვეში - რა ფერის იყო. მაგრამ იქიდან წასულმა, სულ სხვა თვალით დავინახე. გომბორის უღელტეხილს რომ გადავივლი, ისეთი ღიმილი გადამეფინება, პირს ვერ ვკუმავ. რაც შენია, ის ყველაზე ძვირფასია.
2019 წელს ერეკლე მეორის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ჩემი გამოფენა მოეწყო და მუზეუმის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გამოფენიდან ორი ნამუშევარი მუდმივ საექსპოზიციო დარბაზში დაიკიდა - შემოდგომაზე გომბორის ხედი და ნატურმორტი - "შემოდგომის მასპინძლობა".
ჩემს ბავშვობაში ყველა ოჯახში მაგიდაზე იდო თეფში ყურძნის მტევნით, კარალიოკით, ვაშლით, ჩურჩხელით, ნიგვზით. ეს თეფში სულ მახსოვდა და დავხატე.
ამ დარბაზში უცხოელი და ჩვენი დიდი მხატვრებია გამოფენილი და შუაში ჩემი ორი ნამუშევარი კიდია. უხერხულად ვიყავი თავიდან. უნიკალური გალერეაა, შეუფასებელი ნახატებით და ჩემთვის, როგორც თვითნასწავლი მხატვრისთვის მუდმივ საექსპოზიციო დარბაზში გამოფენა, საამაყოა. ვფიქრობ, რაღაც დონეს მივაღწიე. შვილი მივიყვანე და სიამაყით ვაჩვენე ჩემი ნახატები და მეუბნება: ბექუ, ცოტა დიდი ნახატი ვერ დაკიდესო? (იცინის)
***
ბექას ნახატები ფეისბუქზე გექნებათ ნანახი. ამ სოციალური ქსელის ქაოსში მისი ნამუშევრები უცებ სილაღით, სიმშვიდით შემოგეფეთება და სხვადასხვა ემოციას აგიშლის... ამბობს, რომ კარგად იყიდება. ხშირ შემთხვევაში, ფეისბუქზე ატვირთვისთანავე. თუ მეუღლე სასურველ ნახატს, მკაცრად არ ჩაუსაფრდა და მხატვარ ქმარს ნახატი არ "წაართვა", პატრონი უცებ გამოუჩნდება და მორჩა...
ირინა ნოზაძე: დღემდე არ მავიწყდება. გადავდე ბექას "მოცხარი", მომეწონა და მინდოდა დაგვეტოვებინა. ერთხელაც მივდივართ თელავში. გზაში ამბობს, ნახატი დამავიწყდაო. ვიცი, არაფერი ახალი არ დაუხატავს, რომელი ნახატი-მეთქი, ვკითხე. "მოცხარი" უნდა წამომეღო საჩუქრადო. ვაიმე! ისე ძალიან აღვშფოთდი...
ბექა: კიდევ კარგი დამავიწყდა, თორემ მანქანაში მკვლელობა მოხდებოდა (იცინის). ახლა სპილო მიითვისა. ფირფიცარზე, ლევკასის სტილშია შესრულებული.
სასიხარულოა, როდესაც მწერენ, ვთქვათ, ამერიკაში ვიღაცის სახლში ჩემი ნახატი აღმოუჩენიათ. სტუმრად მისულს სიურპრიზად ჩემთვისაც უჩვენებიათ ჩემი ნახატი.
ხატვისას არასოდეს ვფიქრობ გაყიდვაზე, მე სიამოვნებას მანიჭებს ხატვის პროცესი და ესაა ჩემთვის მთავარი, თუმცა დასრულებულ ნამუშევარში როდესაც სოლიდურ თანხას გთავაზობენ, ეს კიდევ ორმაგად დიდი სიხარულია! დახატვამდე გაყიდვაზე თუ იფიქრე, მაშინ ეს პროცესი ჩვეულებრივ რუტინად იქცევა და აღარაფრით განსხვავდება სხვა სამსახურებისგან... ეს კი კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის.
ფეისბუქზე რომ ნახატის ფოტოს დავდებ და ხალხი იმ ემოციით იღებს, როგორც მე დავხატე და თანაც, ენერგიას უკან მიბრუნებენ, ეს ახალ მუხტს მაძლევს, რომ შემდეგ კიდევ ახალი შევქმნა. ეს ორი რამ, დიდ სიხარულს მანიჭებს. შექმნის პროცესი და უკუკავშირი. ამ ბედნიერებას რას სჯობს!
- ალბათ, არის ნახატები, რომელსაც ვერ იმეტებთ გასაყიდად...
- არც ერთი ნახატი არ არის, რომელსაც ვერ ვიმეტებ. მადლობა ღმერთს, ჩემი ნახატები კარგად იყიდება. რისთვის ვხატავ? კომბლე ხომ არ ვარ, ჭერში დასაწყობად გავამზადო. თუ ადამიანს გავახარებ ნახატით და რაღაც ემოციას გამოიწვევს მასში, უარს ვერ ვეტყვი. შარშან უცხოეთიდან მომწერა ადამიანმა, რომელიც ავად იყო. ეს ნახატი იმხელა ემოციას იწვევს ჩემში, რომ გამომიგზავნი, ვფიქრობ, მისი ყურებისას მე ჩემს ავადმყოფობას დავძლევო. რანაირად შემეძლო ეს ნახატი სახლში დამედო და არ გამეგზავნა? ემოციური ნახატი იყო, წვიმიან თელავის ქუჩაზე... ცხადია, გავუგზავნე. ნიჭს გაძლევს ღმერთი, უნდა ამრავლო. მარტო გამოფენაზე გატანა, ან მუსიკის ჩაკეტილ ოთახში დაკვრა, არაა სწორი. თუკი ჩემი ნახატი, ერთ ადამიანს მაინც, ფსიქოლოგიურად დაეხმარება, იმის გაცემაზე უარის თქმა რანაირად შემიძლია?
ოჯახის წევრები უფრო ვერ ელევიან ჩემს ნახატებს. ირინამ რამდენიმე ნახატი გადადო, ნაწილი წაღვერში წამოიღო. ეს ჩემია და ხელს ვერ დაადებო, განაცხადა.
- რა მოსწონთ თქვენს ნახატებში, როგორ გგონიათ?
- როგორც ხშირად აღნიშნავენ, ჩემს ნამუშევრებში ყველაზე მეტად ფერები და გულწრფელობა მოსწონთ. ვცდილობ, ის გადმოვცე, რასაც ვგრძნობ და ეს ემოცია გავაცოცხლო ფერებით. ფერს ბევრი რამის თქმა შეუძლია და ამას ვფიქრობ, ვერ ისწავლი, უნდა გრძნობდე შინაგანად. ალბათ, ეს თავიდანვე იყო ჩემში და უბრალოდ, გვიან გავაღვიძე. როდესაც რამეს ქმნი, სული და გული თუ არ ჩადე, არაფერი გამოვა, შესაბამისად ვერც აღფრთოვანებას გამოიწვევს, ამიტომ ვცდილობ დავიხარჯო ბოლომდე, თუნდაც პატარა იას ვხატავდე...
- როდესაც თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევარს ათვალიერებთ, რას აკვირდებით?
- პირველ რიგში ვაკვირდები, რისი თქმა სურს ავტორს და რამდენად გულწრფელია მისი ტილო. მისი ნამუშევარი არსებულ რეალობას ასახავს, თუ უბრალოდ ხატვის სწავლის სურვილს; ვაკვირდები ფერებს და რასაც ბოლოს ვუყურებ, ეს არის ტექნიკა. როდესაც ადამიანი აღმოაჩენს, რომ ხატვა უნდა, ნახატში ეს უნდა იგრძნობოდეს, მხოლოდ სურვილი არ კმარა, ბრძოლაც უნდა ჩანდეს, მარცხის და გამარჯვების. თვითნასწავლი - ჩარჩოებში არ უნდა იჯდეს, ის თავისუფალია და ტილოზე უნდა ჩანდეს, რამდენად გრძნობს შინაგან თავისუფლებას... ამიტომაა მსოფლიოში ნაივური მხატვრობა ხშირად მეტად დაფასებული!
- რას ურჩევთ მათ, ვისაც სურს რომ ხატოს...
- თუკი ფიქრობ, მე ხაზი არ გამივლია, ფერი არ ამიღია, არაფერი დამიხატავს და როგორო, ვერაფერი გამოგივა. საკუთარი თავი უნდა დაძრა. რომ გადადგამ ერთ, ორ, სამ ნაბიჯს, მეოთხე ნაბიჯი ისეთი ინერციით მოგყვება, ვეღარ გააჩერებ.
შეიძლება მიხვდე, რომ ხატვა შენი არ არის და წახვიდე სხვა მიმართულებით. მთავარია საკუთარი თავის რეალიზება მოახდინო. ქვეყანაში დანევროზებული ხალხი იმიტომაც დადის, რომ შემოქმედებითობა დაკარგა ადამიანმა, აღარ არსებობს. მუხტი არ აქვს ადამიანს, ყველა დაღვრემილი დადის. ემოციას ერთმანეთის ლანძღვაში ხარჯავენ. ხალისი არ აქვთ. ხალისი საიდან მოდის? შემოქმედებიდან! ეს არის საკუთარი თავის აღმოჩენა. საკუთარი თავი, ნებისმიერ რამეში, ყოველდღიურად უნდა აღმოაჩინო. ეს უმნიშვნელო რამეში შეიძლება მოახერხო. მაგალითად, განსაკუთრებულად შეწვი კვერცხი, უკვე თავი აღმოაჩინე. გეუფლება ემოცია - რა მაგარია, ასე არასდროს გამომსვლია! უკვე გახარებული ხარ. არავინ არ გაღიზიანებს. ხარ ბედნიერი და ერთი სული გაქვს, ყველას მოუყვე.
ხასიათზე თუ არ ვარ, მოვდივარ განწყობაზე და მერე ვიწყებ ხატვას. ნახატი მაძლევს კიდევ უკეთესს განწყობას. მოვდივარ მაგარ ხასიათზე. თუ ვარ ძალიან ცუდ ხასიათზე, არ ვხატავ. მეუბნებიან, ის უხასიათობაც უნდა გადმოიტანო ტილოზეო. მე არ მინდა ნახატი უარყოფითი ენერგიით დაიმუხტოს, იმას მერე ყველა გრძნობს. სხვას რატომ გადავცე ნახატით ნეგატივი? ეს არ მინდა.
დილის ოთხ-ხუთ საათამდე მიხატია, ფუნჯი დამიდია და საწოლამდე ძლივს ავსულვარ... ფიზიკურად არანაირი რესურსი არ შემრჩენია. მაგრამ დილის რვა საათზე კარგად გამოძინებულს გამიღვიძია. თითქოს მაგრად გამომიძინია. აი, როგორ მუხტს გაძლევს შემოქმედებითი ხარჯვა. ფიზიკურად იღლები, მაგრამ გონებრივად იმხელა ძალა გაქვს, რომ ასწრებ დაცლა-შევსებას. გონებრივი შევსება ფიზიკურსაც ავსებს. ყველაფერი ხომ გონებიდან მოდის.
ხშირად იქნება იმედგაცრუება, ამის გამო ანებებენ თავს ხატვას. თუ გინდა ხატო, უნდა სცადო, ძალიან ბევრჯერ. ერთ კონკრეტულ ყვავილს, სარდაფში ძალიან დიდი ხანი ვხატავდი, რომ ისეთი ფერები დამესვა, როგორიც მსურდა. იმ დროს ბანკში ვმუშაობდი, მოვდიოდი, რვა-ცხრა საათზე, მერე ვწერდი პროექტებს. და დაახლოებით ღამის პირველ საათზე ვიწყებდი ხატვას. დილით რვა საათზე მივდიოდი სამსახურში. იმდენად დიდი იყო ხატვის სურვილი, ამას არ შევუშინებივარ. შრომა მეასე ხარისხოვანია, მთავარი ტვინში გიდევს - უნდა შეძლო, უნდა დახატო! თუ ამას არ ამოშლი, ვერაფერი ვერ შეგაჩერებს. თუ არ გინდა, ათას მიზეზს მოიგონებ. მაგრამ თუ გიყვარს - გამოგივა. შეიძლება ჩაიმუხლო, მაგრამ დგები და აგრძელებ. ყველაფერი სიყვარულით უნდა აკეთო. შედეგი აუცილებლად მოვა.
- რომელიმე დიდ მხატვარს რას ჰკითხავდით...?
- რომ შემეძლოს რენუარის, ვან გოგის, მონეს, მერაბ აბრამიშვილის და კიდევ უამრავი მხატვრის მუშაობის პროცესს დავესწრებოდი თავიდან ბოლომდე, უხმოდ, კითხვაც ეგ იქნებოდა და პასუხიც...