გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
"მშვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით" - შვილის ამ სიტყვებით დაემშვიდობა საზოგადოებას აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედა, მარინე გზირიშვილი... ის დღეს გარდაიცვალა...
წმინდა დიდმოწამე მარინეს ხსენების დღეს, 30 ივლისს გულის ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი და ყველას ფეისბუქ პოსტით ლოცვას და თანადგომას სთხოვდა.
"დედაღვთისმშობელი იქნება ჩემი შემწე, ოპერაციის დროს თავთან ჩემი ანგელოზები მეყოლებიან, წმინდა მარინე და ჩემი ვაჟკაცი, ვახტანგი. მეტი ვეღარ გაუძლო ჩემმა გულმა. მომიხსენიეთ მლოცველნო..."
დღეს კი სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა...
***
23 აპრილს გმირი ვახტანგ გზირიშვილი 36 წლის გახდებოდა. გმირმა დედამ "პრაიმტაიმს" უკანასკნელი ინტერვიუ მისცა...
შვილის სახელზე მეორე ტაძრის აშენება ჰქონდა დაგეგმილი. თიანეთის რაიონში, სოფელ საკრეჭიოში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მშენებლობას იწყებდა...
***
ვახო მარად 20 წლის დარჩა. მაგალითი კი მამისგან აიღო; ბადრი გზირიშვილიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი გმირია. სამშობლოს აფხაზეთის ომში შეეწირა.
დღეს მამა-შვილი ერთად განისვენებს. მათი საბოლოო განსასვენებელი კი, გმირი დედის მიერ აგებული ტაძრის ეზოა.
სიზმრად ნანახმა შვილმა, მარინე გზირიშვილს ტაძრის აშენება სთხოვა. დაბნეული დედა საკვირველად აღმოჩნდა პატრიარქთან. საკუთარ ძალებსა და რესურსებში დაეჭვებულ ქალს, უწმინდესმა ნუგეში და უფლის იმედად ყოფნა სთხოვა. რამდენიმე წელში ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში, ტაძარი აკურთხეს, რომელიც რუსეთ-საქართველოს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სახელზე, შეწირულობებით აიგო.
2017 წლის 31 ოქტომბერს მამა-შვილი გზირიშვილების ნეშტები, რუსთავის სასაფლაოდან თბილისში, ვარკეთილში მდებარე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში გადაასვენეს და სამხედრო პატივით დაკრძალეს.
კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში ხელის მეტყვიამფრქვევედ მსახურობდა. 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვალების შემდეგ, ჯარისკაცს ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.
ოთხი წლის წინ სამგორის რაიონში, ომში დაღუპული მამა შვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა.
აგვისტოს ომიდან სამ თვეში, ვახო სიზმრად მოვიდა... მოცარიელებულ ადგილას ვიჯექი და ხმით ვტიროდი. ზემოდან, ღრუბლებიდან ხმა ჩამომესმა: დედა, ამდენს რატომ ტირი? ვახო, შენ ხარ-მეთქი? მე ვარ, დედაო. სად ხარ, შვილო, დამენახე, მენატრები-მეთქი... დედა, დანახვას ნუ მთხოვ, ჩემ ხმას როცა გაიგონებ, არ შეშინდეო, მითხრა.
ნუ ტირი ამდენს, მე არ მოვმკვდარვარ, ცოცხალი ვარ, სულ შენ გვერდით დავდივარ და თან დაგყვები, ეს ირწმუნე, გთხოვ. თუ ცოცხალი ხარ, დამენახე-მეთქი. ამ დროს ღრუბელი მიდის და მე მივდევ. ნუ მომდევ, დედი, ერთი რამ უნდა გთხოვოო. მოდი და ტაძარი ავაშენოთო... როგორ, შვილო, ჩვენი სიღარიბის ამბავი ხომ იცი-მეთქი? ნუ გეშინია, შენ დაიწყე და მე აქედან მოგეხმარებიო. წავიდა ღრუბელი, მე მივდევ და თან ვყვირი - ვახოოოო! ჩემმა ყვირილმა გამაღვიძა. შაბათი დილის ხუთი საათი იყო. ავდექი, ჩემს სამლოცველო კუთხესთან მივედი და დავიწყე ჩემებურად ლოცვა. ნოემბრის თვეა, წვიმიანი ამინდია. ჯერ არ გათენებულიყო. რუსთავში ვცხოვრობ, ჩემი ქმარ-შვილის საფლავიც რუსთავში იყო. წავედი. რისი უნდა მშინებოდა, მე ისეთ მძიმე ჯვარს ვატარებ, შიში აღარაფრის მაქვს. საფლავზე მტირალს დამათენდა, გალუმპულს... პირდაპირ ქალიშვილთან წავედი, თბილისში, ვარკეთილში, სადაც მაშინ ცხოვრობდა. ნათიასთვის სიზმარზე არაფერი მომიყოლია. მეორე დღეს საპატრიარქოში მისვლა გადავწყვიტე. მინდოდა უწმინდესისთვის ეს სიზმარი მომეყოლა.
საპატრიარქოში შესვლა, ხომ იცით, რომ შეუძლებელია, იმ ტერიტორიაზე ჩიტი ვერ გადაფრინდება. მივედი, კარი გაიღო, დაცვას არაფერი უკითხავს. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი უფლისგან დაშვება იყო. აბა, მე რომელი ტაძრის ამშენებელი ვიყავი? არავის არაფერი უკითხავს. ისიც არ ვიცოდი, რომელ მხარეს იყო პატრიარქის რეზიდენცია, თუმცა წავედი პირდაპირ, სწორად. მაშინ არც ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ვიცნობდი, არც მამა მიქაელ ბოტკოველს. ქალბატონმა შორენამ მკითხა, რა გნებავთო. უწმინდესის ნახვა მინდა, ჩემი სიზმარი მინდა ვუამბო-მეთქი. დაახლოებით მიხვდა შაოსან ქალს, მკერდზე შვილის ფოტოთი, რაღაც რომ მიჭირდა და ამიტომ ვითხოვდი პატრიარქის სასწრაფოდ ნახვას. რამდენიმე წუთში უწმინდესის წინ ვიჯექი და ჩემს სიზმარს ვრცლად ვუყვებოდი... როგორც მე ვტიროდი, ისე ტიროდა ჩვენი პატრიარქი ჩემთან ერთად... მერე მითხრა, ახლა ხომ ირწმუნე, ჩემო მარინე, რომ შენი ვახტანგი ცოცხალია და ზეცაში უფალთანააო?! მე გაძლევ ამ ტაძრის მშენებლობის კურთხევასო. აი, მაშინ დავეცი მის წინ მუხლებზე და ავქვითინდი. უწმინდესო, ღარიბი ოჯახი მაქვს, მე ამას ვერ შევძლებ-მეთქი. უფალი შეგაძლებინებსო. და მოაყოლა - ნუ გეშინია. მხოლოდ მაგ ტაძარს კი არა, კიდევ ბევრ ტაძარს ააგებო!.. მანუგეშა... დიდება უფალს! წამოვედი დამძიმებული. რა, როგორ უნდა გამეკეთებინა, არ ვიცოდი. გავუყევი ლესელიძის ქუჩას. შევედი საქ.ბანკში. იქ ერთმა ბიჭმა მითხრა, როგორ შემექმნა ფონდი, რომელსაც მოგვიანებით დაერქვა - "ერთიანი საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდი".
სტატიის წასაკითხად დააწკაპუნეთ...