პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სამყაროს ლიანა ისაკაძე აღარ ჰყავს. ვიოლინოს ჯადოქრის თავბრუდამხვევმა ცხოვრებამ 78 წელში ჩაიქროლა და ხუთ ივლისს დასრულდა... სცენასა და საზოგადოებას მეუღლის გარდაცვალებისთანავე გამოეთხოვა. ცხოვრების კულისებს, უკანასკნელი შვიდი წელი შეაფარა თავი. უარი თქვა ყველაფერზე. მარადიულ სიყვარულს ასე უდარაჯა, შერყეული ჯანმრთელობით, მარტოსულმა და ხალისდაკარგულმა.
***
ეს 2009 წელს აღებული ინტერვიუა. სრულიად ფანტასტიკური, რადგანაც მსოფლიო ლეგენდა თავის ცხოვრებას იხსენებს... ასეთი მასშტაბური ადამიანები, პირადზე ბევრს არაფერს ამბობენ. ამიტომაც, ბედნიერი ვარ, რომ გაზეთი "პრაიმტაიმისთვის" ასე გულახდილად მესაუბრა.
მახსოვს, ცხელოდა. აბანოთუბანში, ქალბატონ ლიანასთან სახლში, ცელქი კოკერ-სპანიელი დარბოდა. ჩემი რესპონდენტი კი იყო ისეთივე შარმიანი, როგორც სცენაზე. მაყვალივით შავად მოელვარე თვალებითა და საინტერესო თხრობის მანერით. ამგვარი ინტერვიუების დროს, დრო და სივრცე ერთიანდება და მოგზაურობ.
ამიერიდან თავად გაუყვა მარადიულ მოგზაურობას...
მშვიდად განისვენეთ, მაესტრო!
***
ბავშვობა დიდუბეში
"ჩემი თავი მრგვალი და მსუქანი მახსენდება. მენატრებიან ჩემი მშობლები და ძმა, რომლებიც ცოცხალნი აღარ არიან, მაგრამ ყოველდღე ჩემთან ცხოვრობენ, ჩემს გულში სხედან. მახსენდება ჩემი პირველი სახლი დიდუბეში… იცით, რა კარგი იყო?! სასწაული ადგილი იყო. საერთოდ, დიდუბიდან გამოვიდა ყველა უნიჭიერესი ადამიანი. იქ ხალხი, როგორც ერთი ოჯახი, ისე ცხოვრობდა. ყველას ერთმანეთი უყვარდა, ერთმანეთს ეფერებოდა, ეხმარებოდა. ბაბუაჩემის ხელით აშენებულ სახლში, სულ ორი ოთახი იყო, მაგრამ ბევრი ვცხოვრობდით, ბებია, მამიდები…
ეზო გვქონდა, გვერდით ბიძაჩემი ცხოვრობდა, ვალოდია ისაკაძე. მამაჩემი ამბობდა, კიტრი არ უნდა ჭამო, წყალია და არაფერი სარგებელი არ არის მასშიო. ბიძა გადმოუგდებდა კიტრს, მამა აქედან უკან გადაუგდებდა და ასე ხუმრობდნენ. სიმსუქნის გამო ვალოდია ბიძია "ჯირკვას" მეძახდა. ქათმები მიყვარდა. დედას არ ვაძლევდი დაკვლის საშუალებას. მერე, მე რომ არ დამენახა, ჩუმად კლავდნენ. რა საკვირველია ვტიროდი, როდესაც რომელიმე ქათამს ვეღარ დავინახავდი. უამრავი ფოტოები მაქვს დედლებთან გადაღებული."
ვიოლინო
"ფორტეპიანოზე უნდა შევსულიყავი იმიტომ, რომ სამი წლიდან ვუკრავდი და ვწერდი პიესებს, რომლებსაც დედა იწერდა. მაგრამ ჩემს მშობლებს ურჩევდნენ, ასეთი ნიჭიერი რომ არის, ვიოლინოზე ჩააბაროსო. ფორტეპიანოს გამოცდის დროს, ავად გავხდი. 7 წლის ვიყავი და ერთი წელი რომ არ დამეკარგა, შემდეგი მისაღები გამოცდა ვიოლინოზე იყო და იქ შემიყვანეს…
ბედისწერასავით გამოვიდა… მამაჩემი, როგორც მღეროდა, ეს ღმერთის სიმღერა იყო, რაღაც სასწაული… მთელი ცხოვრება ყურში მაქვს მისი ხმა და ნამღერი. სულ ვფიქრობ, ნეტა ისე ავამღერო ვიოლინო, როგორც ამას მამა აკეთებდა.
ძალიან ჩუმი ბავშვი ვიყავი. მუსიკალურ ათწლედში გაკვეთილზე შეცდომას თუ დავუშვებდი და ორჯერ გამიმეორებდნენ ერთსა და იმავეს, ვტიროდი, ესე იგი მე უნიჭო ვარ, ვერ ვიგებ, აბა, ორჯერ რატომ გამიმეორა მასწავლებელმა-მეთქი? სხვათა შორის, ეს თვისება მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლის დროსაც გამყვა. ჩუმი და კისკისა ვიყავი. კისკისა, „ხახატუნიაც“ მოსკოვში შემარქვეს.
ათი წლის რომ ვიყავი, მოსკოვის საერთაშორისო კონკურსზე პირველად გამგზავნეს და კონკურსის გარეშე დამაკვრევინეს (17 წლიდან უშვებდნენ ამ კონკურსზე). კონკურსის პრეზიდენტი დავიდ ოიშტრახი იყო. ათი წლის სასწაული ბავშვი რომ დამინახა საქართველოდან, დაიჟინა, რომ მასთან უნდა ჩავსულიყავი სასწავლებლად. მე არ შემეძლო დამეტოვებინა პროფესორი ლეო შიუკაშვილი, ჩემი პირველი მასწავლებელი, რომელიც ძალიან მიყვარდა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში. მერე იმავე კონკურსზე, 14 წლის ასაკში, ისევ გამგზავნეს. ისევ ოიშტრახი იყო ჟიურის თავმჯდომარე. მეორე პრემია ავიღე. უკვე ოიშტრახმა დაჟინებით თქვა, რომ მოსკოვის კონსერვატორიაში უნდა ჩამებარებინა, არადა, ერთი წელი მქონდა დარჩენილი თბილისის ნიჭიერთა ათწლედში (თერთმეტი წელი უნდა მესწავლა), მაგრამ ერთი წლით ადრე დამამთავრებინეს.
მოსკოვშიც უგამოცდოდ მიმიღეს. 16 წლის ვიყავი. მას შემდეგ 28 წელი ვიცხოვრე მოსკოვში, აქ პერიოდულად ჩამოვდიოდი, საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის დასამუშავებლად. ორკესტრი საზღვარგარეთ, გასტროლებზე დამყავდა.
1990 წელს, ორკესტრი გერმანიაში წავიყვანე და მას შემდეგ, 20 წელია ბავარიაში ვცხოვრობ, ინგოლშტადტში. უკვე ცოტა მომბეზრდა და პარიზში გადავედი საცხოვრებლად. ლამაზი, რომანტიკული ქალაქი, კულტურის ცენტრი ავირჩიე."
უცვლელი ვარცხნილობა
"ეს ვარცხნილობა 25 წლიდან მაქვს. პარიკმახერთან არასდროს ვყოფილვარ. ვთვლი, რომ ეს ისეთი უბრალო რამეა, ამაზე სალონში საათობით ჯდომა, დროის ფუჭად ხარჯვაა."
სიყვარული
"მე და ჩემი მეუღლე – თამაზ ჩაჩავა 44 წელია ერთად ვართ. ძველმოდურია, რომ ამდენი ხანია ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ ასე გამოვიდა.
მე მოსკოვში ვიყავი და მამაჩემს თბილისში რაღაც ნოტების შოვნა დავავალე. თამაზის ბიძა მამაჩემის მეგობარი იყო და ცდილობდნენ, თამაზი ჩემთვის გაეცნოთ. მოკლედ, მოსკოვში მან ჩამომიტანა ნოტები და შევხვდით. თამაზი მაშინ თბილისში, თავისი გარეგნობით, ჭკუითა და სიმდიდრით ნომერ პირველად ითვლებოდა. მე ასეთ სრულყოფილ ადამიანს ვერ ვიტან, ამიტომ მასთან ურთიერთობის წინააღმდეგი ვიყავი. ჩემი ოჯახი სხვანაირი იდეალების მატარებელი იყო, ჩვენ მუსიკოსები ვიყავით, ინტელიგენტები… ღარიბები ვიყავით, როგორც ყველა პატიოსანი ხელოვანი.
თამაზი ცნობილი ქირურგის, მიხეილ ჩაჩავას შვილი გახლავთ. თბილისში რომ ჩამოვედი, დამირეკა; შევხვდით და მანქანით გამასეირნა. მაშინ 15 წლის ვიყავი, თვითონ ჩემზე 7 წლით უფროსია. წამიყვანა და მოულოდნელად, ბეჭდის ზომა ამიღო. რად გინდა-მეთქი, გავოცდი. მაგრამ შემრცხვა, ხალხში ხომ არ დავიწყებდი ჩხუბს. მერე, მოსკოვიდან, ნახევარი წლის შემდეგ, ბეჭედი ფოსტით გადმოვუგზავნე უკან. გაბრაზდა...
18 წლის ასაკში პარიზში პირველი პრემია ავიღე, აქ დიდი ამბით დამხვდნენ. კარგ განწყობაზე ვიყავი და თამაზსაც შევხვდი. ზეგ ჩემმა მშობლებმა ქორწილი დანიშნესო, მახარა. ბატონი მიშას და დეიდა ლალასი შემრცხვა... და დავთანხმდი.
თამაზი პრიმიტიული არ არის, გამოირჩევა თავისი ინტელექტით და დონით. ამიტომ შევრჩით ერთმანეთს, თორემ ამ დროს, დიამეტრულად სხვადასხვანაირები ვართ. სულ ვეუბნები, მოიყვანე ნორმალური ცოლი, რომ მოგიაროს-მეთქი. მის სასიკეთოდ ვეუბნები, ლამაზი ქალი შეირთოს. მე არც ლამაზი ვარ, არც ვუვლი, მაგრამ არ მიჯერებს."
უშვილოდ
"შვილი რომ არ მყოლოდა, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. თავი მუსიკას შევწირე და ეს არ მინანია. ვგიჟდები ბავშვებზე. შვილი რომ მყოლოდა, რა მუსიკა, რისი ვიოლინო? მარტო შვილზე ვიქნებოდი გადაყოლილი, სხვას არ გავაზრდევინებდი, ვერ მივანდობდი. ჩემს გადაწყვეტილებაზე თამაზსაც არაფერი უთქვამს. შვილი ჯობდა, მაგრამ…"
***
"საფრანგეთში, კანთან ახლოს, გრასში მაქვს სახლი დიდი ეზოთი; ზღვა, მთა იქვეა, გადასარევი ადგილია. მასტერ კურსებს ვატარებ ზალცბურგისა და ვენის კონსერვატორიებში ზაფხულობით. დანარჩენი დრო დავდივარ, დავხეტიალობ და ვარ ჩემს სამყაროში…
სულ მენატრებიან მეგობრები და ნათესავები, ასევე ქართული გენიალური საჭმელები. ოცნებად მაქვს, აქ მაღალ დონეზე იყოს კულტურა და ხელოვნება. სწორედ ამას ემსახურება ჩემი ფესტივალი „ღამის სერენადები".
(გაზეთი "პრაიმტაიმის" არქივიდან, ნომერი 29, 2009 წ. ჟურნალისტი - თამარ გონგაძე)
ასევე დაგაინტერესებთ:
"იშვიათად იღიმებოდა, ტრაგიკული პიროვნება იყო...“ - ფრუნზიკ მკრტჩიანი 94 წლის გახდებოდა
"გამიფრთხილდი, ხომ იცი, დიდხანს ვერ ვიცოცხლებო..." - გურამ რჩეულიშვილი 90 წლის გახდებოდა