პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გურამ რჩეულიშვილი 4 ივლისს 90 წლის გახდებოდა. თუმცა ის მარად 26 წლის დარჩა ყველასთვის. სულ სამი წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე, თუმცა... კვალიც დატოვა და გაუნელებელი ინტერესიც...
როგორც რჩეულები და შემოქმედებითი ნატურის ადამიანები, გურამიც გამუდმებით გრძნობდა სიკვდილის სიახლოვეს. აკი, უთხრა კიდეც თავის ბავშვობის მეგობარს, ნუგზარ წერეთელს, – გამიფრთხილდი, ხომ იცი, დიდხანს ვერ ვიცოცხლებო".
ნუგზარ წერეთელი:
„ზაფხულის ერთ ღამეს, როდესაც ზემელზე ვიდექით და ჩვენი მეგობრების გამოჩენას ველოდით, მითხრა: ოცდაათ წლამდე თუ ვიცოცხლე, რამდენი რამის გაკეთებას შევძლებო. ეს აზრი მის არტისტულ ბუნებას მივაწერე და ვუპასუხე, – შენ ყველა ჩვენგანზე მეტხანს იცოცხლებ-მეთქი. ჩემი დღიურებიდან შემდეგ აღვადგინე, რომ ეს საღამო 1959 წლის ზაფხულისა იყო. ერთი წელი, მხოლოდ ერთი წელი რჩებოდა გურამის დაკარგვამდე. ერთხელ, ისევ ზემელზე, ჩვენი შელაპარაკებისა და შერიგების შემდეგ მითხრა: „ბიჭო, გამიფრთხილდი, ხომ იცი, მე დიდხანს ვერ ვიცოცხლებ“. მაშინ ასეთი რამის დაჯერება მე კი არა, მის არც ერთ უახლოეს მეგობარს არ შეეძლო“.
***
მოთხრობებისა და ნოველების გარდა, გატაცებით წერდა დღიურებს, რომლებშიც მისი სულიერი პორტრეტი საუკეთესოდ იხატება...
"დღეს ჩემი დაბადების დღეა. გუშინ ძილის წინ ვიგონებდი ყველა დაბადების დღეს, სად როდის ვიყავი – მხოლოდ ორი მახსოვს სახლში გატარებული. რაც აქ ჩამოვედი, სულ მიტრიალებდა, რომ ჩემი დაბადების დღე აქ უნდა ყოფილიყო – არც წლის მომატება – არაფერი – უბრალოდ, ის, რომ დავიბადე და ამ დღეს დაბადების დღე ჰქვია – არც მწყინს, არც მიხარია, უფრო მიკვირს და უცნაურ შეგრძნებას იწვევს, ყოველთვის მინდა, რომ ყველამ იცოდეს, უზარმაზარი ქეიფი გადავიხადო, სიმღერებით – სამდღიანი ღრეობით, ცხენებით, მაგრამ უმეტესად გზაში ვხვდები ან სახლიდან შორს.
ოთხი წლის წინ თიკანაძე გურამი და მე შევხვდით პიატიგორსკის სადგურზე, ორას-ორასი გრამი არაყი დავლიეთ ცივ პერაშკთან ერთად.
არ ვიცი ვის ვუთხრა, რომ ჩემი დაბადების დღეა – ისე მინდა ვინმე იყოს ჩემთან – სამარცხვინოდ ნაზი ვხდები ამ დროს – საწყალი დედა, ვიცი, ერთი წამიც არ ავიწყდება, რომ მე 24 წლის გავხდი, მაგრამ რა ქნას, მე ჩემი მისამართიც კი არ მივწერე. მაინც ქვეყანაზე კარგი მეტია, ლამაზი. ამაზე უშნო, რაც აქ არის, არ შეიძლება იყოს. ყველაზე ცუდი აქ ის არის, რომ ნამდვილად ცუდი არავინ არის და არც აქვთ ამის უფლება, ისე არიან წვრიმალები, რამდენი დღეა უკვე ხელი მექავება, რომ კისერში წავუსვა ჯემალს აგდებულად და თავს ვიკავებ, რამდენადაც მეტს განვიცდი შინაგანად, იმდენად ნაკლებს ვამჟღავნებ, ვექცევი რაც შეიძლება ზრდილობიანად, თითქმის როგორც დედას შვილი ან ისე, როგორც ბოროტი – საერთოდ ვერ მივაგენი ჩემ ბუნებრივ მდგომარეობას, ის (ბუნებრივი მდგომარეობა) თითქოს თავისთვის არის სადღაც და არასოდეს არა მტოვებს – სხვის თვალში და ჩემს გულში, ამიტომ არის, ალბათ, რომ რაც გინდა ცუდი გავაკეთო, არავინ არა მთვლის ბოროტად და თავის მომაბეზრებლად.
რა ცუდია, რომ არ შეიძლება ყველაფრის ჩაწერა, რასაც გრძნობ, ან იმის ჩაწერა მაინც, როცა ძილს აპირებ, ან გაღვიძებისას, მაშინ ფიქრი განსაკუთრებით აბსტრაქტულია, ისევე როგორც სიცხეზე (ერთის გამოკლებით, რომ ჩრდილში გინდა დაჯდომა) და ამიტომ რჩება სხვადასხვა ცხოვრება და ხელოვნება – ამათი შეთავსება არის ჩემთვის ყველაზე ძნელი, ამიტომ ვწერ მე თვითონ მწერალზე, თითქოს მიკვირს საერთოდ ეს ფაქტი ჩემს თავში. ალბათ, ასევე იყო ტოლსტოი – ოღონდ მან დაძლია ეს გაკვირვება ლიტერატურაში ცხოვრების ხარჯზე და მისი ცხოვრება იქცა ლიტერატურად, ხოლო ცხოვრება საშინელ პროზად და ის, 89 წლის მოხუცი, დარჩა მარტო და, თითქმის ახალი ქრისტე, ძველივით ეცვ'ა ჯვარზე, მემკვიდრეობაში სიკეთისა და სიდიდის, სივრცის ახალი გაგების დატოვების შემდეგ.
მე მაქვს ყველა ღირსება, რომ არ ვიყო, უბრალოდ, კარგი მწერალიც კი, ოღონდ უკვე აღარ შემიძლია გაჩერება, მე ვერ ავალ ტოლსტოის სიმაღლემდე, ჩემი გზა კი ის არის და, თუ იქამდე ვერ ავალ, მაშინ არ ვიქნები არაფერი, უბრალო კარგი მწერალიც კი, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩემს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა არა აქვს, გადამწყვეტი მნიშვნელობა – მე მინდა ვიყო ბედნიერი მცხოვრები ამ მიწისა – ჰო, წყნარი და ბედნიერი, – რაც ყველაზე ნაკლებად გამომდის.
დავუბრუნდები აქაურ ამბებს.
ვზივარ მზეზე, ვგრძნობ, როგორა მწვავს კანს, მაცვია ბატინკები და ბუტილკა შარვალი, ხოშიანადა ვგრძნობ თავს, რომ მთხოვო, არ წავალ არსად, ასე კმაყოფილი დიდი ხანია არ ვყოფილვარ – ეშმაკმა წაიღოს, ნეტა ესეც არ მომწყინდეს ჩქარა, ახლა წავალ, სარკეში ჩავიხედავ, როგორა ჩანს შარვალი და გაშავებული, უკვე კუნთებასხმული ტანი ერთად. ალბათ იმიტომა ვარ ასე კმაყოფილი, რომ ჩემ თავს პატიმრობანას ვეთამაშები, ისე კი, როცა მინდა, მაშინ შემიძლია ავითესო ან 15 დღეში მაინც წავალ, აქედან წავალ, მაგრამ სად უნდა გავექცე თბილისს, მოსკოვს, სად? როდის? როგორ? რას? რას? რომ ვიცოდე, რა მინდა, რას მივურბივარ, კიდევ ჰო, – ოჰ, ღმერთო ჩემო, – უკვე ეწყობიან სადილზე, რა სიამოვნებით ვჭამ მჟავე ბორშჩს და გრეჩიხას ჯართან ერთად, წეღან წერეთელმა მკითხა, რას ინატრებდიო ახლა, მე არ მიხუმრია, სრული სერიოზულობით ვთქვი:
– გრეჩიხის ფაფას, – ყველამ გაიცინა. მე სულაც არ გამკვირვებია, რომ გაიცინეს. აქ ჩემთვის გარკვეული თავისუფლებაა ჩემი თავისგან მაინც, სხვებისთვის კი ტანჯვაა.
მომაგონდა როგორ მიყვარს დედა, მომინდა ლოყა ლოყისთვის მიმედო მისთვის, მომაგონდა ის გოგოც და მომაგონდა გიგი, არაჩვეულებრივი სიცხადით ვიგრძენი ყველა სუსტი, მე თვითონ ისე დავსუსტდი სულ ერთ საათში, საწოლში ვერ გავძელი, დავდიოდი დერეფანში, არ მინდოდა გამეღვიძებინა წერეთელი.
ერთი საზიზღარი ჩვეულება მაქვს, რასაც ვაკეთებ, ვერაფერს ვერ ვაკეთებ გულით, ყოველთვის მგონია, რომ მე ძირითადი სხვა მაქვს. როცა ვწერ, მაშინ ძირითადი ჩემი ბიჭობაა, როცა ვთამაშობ – წერა, რა არის ძირითადი? არც ერთი! აბა რა? რა? – არ ვიცი".
4 ივლისი. 1958 წელი
***
გურამ რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს ქალაქ თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წელს. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: „შემოდგომა ბაბუა კოტესი“, „სათაგური“, „სიყვარული მარტის თვეში“, „ნელი ტანგო“, „თვირთვილა“, „უსახელო უფლისციხელი“ და „სიკვდილი მთაში“. მოთხრობათა პირველი კრებული „სალამურა“ მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოიცა.
რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას.
მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ,უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე.
26 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში, მღელვარე ზღვაში უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად მცურავი. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.