რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
91 წლის ასაკში ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა.
ვარსკვლავი, ხელოვნების ქურუმი, უბრალოდ ხალხის საყვარელი მსახიობი, ძალზე თავმდაბალი იყო.
“…მე ის კაცი არა ვარ, ვინც გეგმებით ცხოვრობს. არასოდეს არაფერი დამიგეგმავს, მეზიზღებოდა დაგეგმილი ცხოვრება.
…პოპულარობა მტანჯავს. ქალაქში მცნობენ და ცდილობენ მასიამოვნონ. მე კი უკანმოუხედავად გავრბივარ. ადამიანურად, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ პოპულარობა მაინც იაფფასიან ესტრადას ჰგავს.
"პრაიმტაიმთან" ერთ-ერთ ინტერვიუში მეგობარს ლეო ანთაძე ასე ახასიათებდა.
ასეთი სუფთა და დადებითი ადამიანი, მე არ შემხვედრია. ჩვენ სკოლის ასაკიდან ვმეგობრობთ. პიონერთა სასახლეში დრამატულ წრეზე ერთად დავდიოდით, ვმსახიობობდით. თეატრალურ ინსტიტუტში ერთ კურსზე ვსწავლობდით და ერთად დავამთავრეთ.
მაშინ მოდაში იყო რუსთაველის გამზირზე სეირნობა. საღამო არ გავიდოდა, ჩახუტებულებს არ გვესეირნა რუსთაველზე.
მთელი ცხოვრება მოგზაურობდა. ახალგაზრდობაში ტურისტული ლაშქრობის ინსპექტორად მუშაობდა. მოვლილი აქვს საქართველო, ჩრდილოეთ კავკასია. ბუნება ძალიან უყვარს.
ბრწყინვალე მსახიობია. აქვს უცნაური თვისება, არ უყვარს და თრგუნავს პოპულარობა. მისი ეს თვისება კიდევ უფრო მაყვარებს მას.
“დათა თუთაშხიაში” მუშნი ზარანდიას როლი ბრწყინვალედ აქვს შესრულებული. მომწონს არსაკიძის როლში, “კეთილ ადამიანებში”, “ხევსურულ ბალადაში”…
გარეგნობით არასდროს “უმარიაჟია”. უყვარდა კოხტად ჩაცმა. “შლიაპა” რამდენიმე ადამიანმა შემოიტანა თბილისში, მათ შორის თენგიზიც იყო. სტუდენტობის დროს პიჯაკში და ჰალსტუხში იყო გამოწკეპილი, “შლიაპა” ეხურა.
ზამთარში ბაკურიანში ერთად ვისვენებდით. მაშინ ღარიბები ვიყავით და ერთ საწოლში გვეძინა, ორ საწოლიანი ვერ ვიქირავეთ.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მოწყენილია. კარგი მეუღლე ჰყავდა. ულამაზესი იყო ნელი. თენგიზი ხომ ძალიან სიმპათიური იყო და სხვათა შორის, ნელი რომ თეატრში მოვიდა და მერე თენგიზზე იქორწინა, უფროსი თაობის მსახიობები ამბობდნენ, ეს გოგო როგორ გაჰყვა ცოლად თენგიზ არჩვაძესო.
სპექტაკლში “სამსახეობა რაინდისა” ნელი ფილიაშვილი დოდო ჭიჭინაძესთან ერთად თამაშობდა და ამბობდნენ, დოდოს გადაუჭოკრაო. ორივე ბრწყინავდნენ სცენაზე.
თენგიზი მექალთანე არ იყო, გოგოები ესეოდნენ, მოსწონდათ. მაგრამ ცოლის ერთგული გახლდათ ბოლომდე. მაგრამ თენგიზი თვითონ არ იჩენდა ინიციატივას.
თენგიზის ცუდი საქციელი მე არ გამიგია. არაფერი შეშლია.ძალიან მიყვარს. ის ისეთი პიროვნებაა, მთელ საქართველოს უყვარს.